ორსართულიანი ბრიტანული ავტობუსი და საბჭოთა „პაზიკი“ ღირსშესანიშნაობებად იქცნენ. თანაც - არამხოლოდ ტურისტებს შორის " />

ფოტოისტორია: ერევანში ძველ, წყობიდან გამოსულ ავტობუსებს ახალი ფუნქციები შესძინეს

ორსართულიანი ბრიტანული ავტობუსი და საბჭოთა „პაზიკი“ ღირსშესანიშნაობებად იქცნენ. თანაც - არამხოლოდ ტურისტებს შორის

ქალაქში მოძრავი კაფეები და მაღაზიები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, სხვა ქვეყნების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცნენ – სომხეთის დედაქალაქშიც გამოჩნდა. ერევნის გადასატანი კაფესა და მაღაზიის ავტორები აცხადებენ, რომ ავტობუსში მაისურების შეძენა და ყავის სმა ადგილობრივებს მაინც უცნაურობად მიაჩნიათ.

21 წლის რაფაელ ყაზარიანი ორსართულიანი ვარდისფერი კაფეს მფლობელია. რამდენიმე წლის წინ იგი დიდ ბრიტანეთს ეწვია და ლონდონური ორსართულიანი ავტობუსები მაშინვე შთაგონების წყაროდ ექცა. ერთი ასეთი მანქანა მან ერევანში ჩამოიყვანა.

«ავტობუსი ლონდონის ავტოპარკში ვიყიდე. ფაქტობრივად, დაშლილ მდგომარეობაში. ძველი მანქანაა – 1970 წელსაა გამოშვებული. მხოლოდ ძრავი უმუშავებდა. ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ავტობუსი 20 კლიენტზე გათვლილ კაფედ მექცია. დიზაინი მე თვითონ შევქმენი. თავიდან მინდოდა, წითლად შემეღება, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ ვარდისფერი ტუფით ნაშენი ნაგებობებით სავსე ერევანს ვარდისფერი ავტობუსი მოუხდებოდა», – ამბობს რაფაელი.

კაფეს სახელის მოსაფიქრებლად დიდხანს არ უფიქრია.  წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, რომ გადასატან კაფეს მარტივი და დასამახსოვრებელი სახელი, „ავტობუსი“ ერქმეოდა.

მისი მენიუ ორიგინალობით არ გამოირჩევა: სალათები, სენდვიჩები, ყავა და ჩაი. უნდა ითქვას, რომ ამ კაფეში საკმაოდ მისაღები ფასებია.

როგორც წესი, ავტობუსი ერევნის ცენტრში, უშუალოდ რესპუბლიკის მოედანზე ჩერდება ხოლმე. ამასთან, ეს სატრანსპორტო საშუალება სხვა ავტომანქანების მსგავსად დგას. მისი პარკირების სამართლებრივი საფუძველი არაფრით გამოირჩევა. შესაბამისად, რაფაელი ყოველთვიურად იხდის შესაბამის თანხას იმისთვის, რათა მანქანა პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილზე იდგეს. ზოგჯერ კაფე ერევნის სხვა ნაწილში, „ამერიკული უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადადის. ეს უბანიც ერევნის ცენტრში მდებარეობს. მოგვიანებით, მოედანზე დაბრუნებისას, „ავტობუსი“ ზოგჯერ თავისუფალ ადგილს ვეღარ პოულობს პარკირების ზონაში.

«ეს არ არის ჩვენი საკუთარი, ან მუდმივი ადგილი. როდესაც „ავტობუსი“ ამერიკული უნივერსიტეტისკენ გადაგვყავს, აქ სხვა მანქანებს დგებიან, რის შემდეგაც ჩვენ ველოდებით, სანამ ისინი წავლენ», – ამბობს ავტორი.

შეამჩნია, რომ ვარდისფერი „ავტობუსის“ დანახვისას ხალხი ძალიან ხშირად იღიმება ხოლმე. მისი თქმით, ძალიან კარგია ის, რომ იგი დადებით ემოციებს აღძრავს ადამიანებში – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი ავტობუსში არ ამოდიან და ფინჯან ყავას არ უკვეთავენ.

«მუდმივი კლიენტები არ გვყავს. ჩვენი მუშტრების უდიდეს ნაწილს უბრალო გამვლელები წარმოადგენენ. მეზობლად მდებარე სამინისტროს თანამშრომლები ხშირად შემოდიან ჩვენთან შესვენებაზე და აქ სადილობენ ხოლმე. ადგილობრივებიც მოდიან – ადამიანები, რომლებმაც „ავტობუსის“ ფოტო ინტერნეტში ნახეს და სურვილი აქვთ, თავადაც დალიონ ყავა ამ „სატრანსპორტო საშუალების“ მეორე სართულზე. ტურისტებიც ხშირად გვსტუმრობენ, იმიტომ რომ მანქანა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ტურისტულ ზონაში მდებარეობს», -ამბობს რაფაელი.

მეტიც, ზოგჯერ „ავტობუსს“ ნამდვილ ავტობუსად მიიჩნევენ ხოლმე – ბილეთის ყიდვა სურთ და კითხულობენ, თუ სადაა შემდეგი გაჩერება.

«ერთხელ ჩვენს კაფესთან ერთმა ოჯახმა მოირბინა. მთელი ოჯახი მორბოდა, თითქოს სადღაც აგვიანდებოდათ. როგორც იქნა, მოაღწიეს. ოჯახის უფროსმა გვკითხა, როდის გადიხართო. ვუპასუხეთ, რომ გასვლას არ ვაპირებდით. დამწუხრებულმა ოჯახმა სირბილითვე გააგრძელა გზა», – იხსენებს რაფაელი.

ერევანში კიდევ ერთი უცნაური ავტობუსი მოძრაობს, რომელიც სუვენირების მაღაზიას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ეს  პირველი „მოძრავი მაღაზიაა“,  უნდა ითქვას ისიც, რომ ეს პირველი სავაჭრო ობიექტია, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიით მუშაობს. სახურავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, რომლებიც მაღაზიას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

ამ ბიზნესპროექტის ავტორი ახალგაზრდა მეწარმე, გურგენ ვარდანიანია. მისი თქმით, ძველი საბჭოთა „პაზიკი“ სავაჭრო ობიექტად იქცა. სუვენირების ახალი მაღაზია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებსაც ითავსებს.

«მაღაზიაში ინტერნეტიც გვაქვს და მობილური ტელეფონების დასატენი მოწყობილობებიც, რომლებიც ტურისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანები სხვა ქვეყნებში ჩადიან, ცდილობენ, საკუთარ ახლობლებთან კავშირი არ გაწყვიტონ და მათ ფოტოები დაუგზავნონ ხოლმე. ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ. ამას გარდა, ჩვენ მათ რუკებსა და გზამკვლევებსაც ვთავაზობთ – იმისთვის, რათა იცოდნენ, თუ რას შეიძლება ესტუმრონ ერევანში – რომელი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერონ და სად დაისვენონ საღამოს», – ამბობს გურგენი.  

ამბობს რომ გადასატანი მაღაზიის დასაარსებლად დაახლოებით 20 ათასი დოლარი დახარჯა. თანხის დიდი ნაწილი საბჭოთა „პაზიკის“ „გათანამედროვეობას“ მოხმარდა.

«მაღაზიის ინტერიერის გაფორმებას დიდი დრო დავახარჯეთ. კედლები სომხური ორნამენტებით მოვრთეთ, თაროები და საკიდებიც კი საგანგებოდაა შერჩეული. თითოეული მათგანი სომხეთის ისტორიის განსაზღვრულ ეტაპს განასახიერებს. შევეცადეთ, მაღაზია ისტორიის „მინიმუზეუმად“ გვექცია, რათა აქ შემოსულმა თითოეულმა ტურისტმა სრული ინფორმაცია მიიღოს ამ თემასთან დაკავშირებით», – ამბობს გურგენი.

მაღაზიაში წარმოდგენილი ყველა სუვენირი სომხური წარმოებისაა. აქ  მაცივარზე მისაკრავი მაგნიტებისა და თიხის ქოთნების გარდა სომეხი მეფეების გამოსახულებებით დამშვენებული მაისურებისა და ირმის რქებისგან გამოთლილი დანების შეძენაც შეიძლება.

მთავარი ისაა, რომ ქალაქმა ორივე ავტობუსი „შეისისხლხორცა“ – ორივე მათგანი ადგილობრივებისა და ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.

ფოტოზე სუვენირების მაღაზიების გამყიდველ-კონსულტანტი და სტატიის ავტორი არიან გამოსახულნი


ასევე წაიკითხეთ