რას აპირებს ტრამპი და ჰყავს თუ არა მას მოკავშირეები" />

აშშ სირიაზე თავდასხმისთვის ემზადება

რას აპირებს ტრამპი და ჰყავს თუ არა მას მოკავშირეები

კაცი მოძრაობს ველოსიპედით დანგრეულ ქალაქ დუმაში, დამასკოსთან ახლოს. დუმაში ცოტა ხნის წინ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. 30 მარტი, 2018 წელი. REUTERS/ბასამ ჰაბეი

აშშ ადანაშაულებს რუსეთს სირიულ ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. როგორც სირიაში მომუშავე ექიმები და მაშველები აცხადებენ, 7 აპრილს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დუმაში სულ მცირე 70-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბევრი ბავშვია. 500-მდე ადამიანს მოწამვლის სიმპტომები აქვს.

სირიის ხელისუფლებაც და მისი მოკავშირე რუსეთიც ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

დუმაში მომხდარი შემთხვევიდან ოთხი დღე გავიდა – უშიშროების საბჭოს სხდომები ამ საკითხთან დაკავშირებით უშედეგოდ სრულდება. აშშ, რომელიც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს ემუქრება,  დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან უფრო ფრთხილ პოზიციას აწყდება – ეს ორი ქვეყანა მეტ მტკიცებულებას ითხოვს იმის დასადასტურებლად, რომ ქიმიური აგრესიის უკან ასადის რეჟიმი დგას.

ვითარება უკიდურესად იძაბება. რუსეთი მზადაა ამერიკული რაკეტები ჩამოაგდოს. ამერიკა კი მზადაა, ისინი სირიისკენ მიმართოს.

________________________

განცხადებების ომი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 აპრილს “ტვიტერზე” დაწერა, რომ ამერიკა სირიაზე სარაკეტო დარტყმას ამზადებს.

“რუსეთი იმუქრება, რომ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს, რომელსაც სირიისკენ მივმართავთ. მოემზადე, რუსეთო, იმიტომ, რომ ახალი და “ჭკვიანი” რაკეტები მოფრინდებიან! თქვენ ვერ იქნებით იმ ცხოველის პარტნიორები, რომელიც საკუთარ ხალხს გაზით კლავს და აქედან სიამოვნებას იღებს” –  დაწერა ტრამპმა.

ტრამპის “ტვიტს” წინ უძღოდა ლიბანში რუსეთის ელჩის განცხადება, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას ჩამოაგდოს ამერიკული რაკეტები და იერიში მიიტანოს მათი გაშვების ადგილებზე იმ შემთხვევაში, თუ აშშ სირიას დაარტყამს.

ტრამპის სიტყვებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მან ფეისბუკზე დაწერა, რომ “ჭკვიანი რაკეტები ტერორისტებს უნდა ებრძოდნენ და არა კანონიერ მთავრობას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საკუთარ ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს დევნის”.

ნახევარი საათიც არ გასულა ტრამპის ზემოაღნიშნული განცხადებიდან, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერით ახალი, სრულიად განსხვავებული მესიჯი გაავრცელა. ამჯერად მან რუსეთს “გამალებული შეიარაღების” შეჩერება და თანამშრომლობა შესთავაზა.

“ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დღეს იმაზე უარესია, ვიდრე ოდესმე იყო, ცივი ომის დროსაც კი. ამისთვის მიზეზი არ არსებობს. რუსეთის ეკონომიკას დღეს სჭირდება ჩვენი დახმარება და ჩვენ ამას იოლად შევძლებდით. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ქვეყანამ ერთად იმუშაოს. დავასრულოთ გამალებული შეიარაღება?” – დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.

სად არის გაერო?

10 აპრილს გვიან საღამოს, საგანგებო თათბირისთვის მორიგ ჯერზე შეკრებილი გაეროს უშიშროების საბჭო ამჯერადაც უშედეგოდ დაიშალა.

სხდომაზე რეზოლუციის ორი პროექტი განიხილეს – ამერიკული და რუსული. ამერიკული ვარიანტი რუსეთმა დაბლოკა, რუსულმა პროექტმა კი ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.

აშშ ითხოვდა დამნაშავეების დასახელებას “ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის” ანგარიშზე დაყრდნობით. რუსეთი ითხოვდა დასკვნა გაეროს უშიშროების საბჭოს თავად გაეკეთებინა, მას შემდეგ რაც ამ ორგანიზაციის დასკვნებს შეისწავლიდა.

ამასთან, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებიც მანამდე სოლიდარობას გამოხატავდნენ აშშ-ის პოზიციის მიმართ, განაცხადეს, რომ დამატებითი მტკიცებულებები სჭირდებათ და ნაადრევი დასკვნისგან თავს შეიკავებენ.

11 აპრილს დილით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და ემანუელ მაკრონს. მეიმ განაცხადა, რომ ლონდონი ელის მეტ ინფორმაციას ქალაქ დუმაში მომხდარ ინციდენტზე და ამ ეტაპზე არ უჭერს მხარს ვაშინგტონის განზრახვას სირიაში საპასუხო ოპერაციის ჩატარების შესახებ.

პრეზიდენტი მაკრონი, არ გამორიცხავს საფრანგეთის ჩართვას ოპერაციაში იმ შემთხვევაში, თუ დარტყმების სამიზნე იქნება ქიმიური იარაღის საწყობები.

რას აპირებს ტრამპი?

როგორც ამერიკული გაზეთი The New York Times წერს, ოპერაცია, რომელსაც თეთრი სახლი სირიაში გეგმავს, ბევრად უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე 2017 წელს იყო.

2017 წლის 7 აპრილს აშშ-მ სირიის შაირათის სამხედრო აეროდრომის მიმართულებით 59 რაკეტა “ტომოგავკი” გაუშვა. ამგვარად ამერიკამ ბაშარ ასადის მიერ ქალაქ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას უპასუხა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა.

The New York Times-ი წერს, რომ ამჯერად ამერიკული დარტყმების სამიზნე რამდენიმე ობიექტი იქნება და შესაძლოა, ეს დარტყმები არაერთი დღე გაგრძელდეს. ამასთან, გამოცემა ამერიკელ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ყველნაირად შეეცდება, რომ ხანგრძლივ და დროში გაწელილ ოპერაციაში ჩათრეული არ აღმოჩნდეს.

The New York Times-ი წერს, სამიზნე შეიძლება გახდეს რამდენიმე სამხედრო აეროდრომი, მათ შორის დამასკოს მახლობლად და ასევე რამდენიმე ობიექტი, რომლებიც სავარაუდოდ, მნიშვნელოვანია სირიის ქიმიური პროგრამისთვის.

ვინ არის აშშ-ის მოკავშირე?

იმისთვის რომ სირიაში მასშტაბური ოპერაცია დაიწყოს, აშშ-ს მოკავშირეები დასჭირდება. დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს ოპერაციაზე მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო. საფრანგეთი ჯერჯერობით ორჭოფობს. როგორც Associated Press-ი წერს, შესაძლოა, მაკრონმა მოითხოვოს, რომ ოპერაციას საფრანგეთმა უხელმძღვანელოს და არა აშშ-მ. როგორც ანალიტიკური ცენტრი Stratfor ვარაუდობს, ოპერაციაში დიდი ალბათობით საუდის არაბეთი, ყატარი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. ასევე მოკავშირეებს, შესაძლოა, დასჭირდეთ თურქეთის, იორდანიისა და ერაყის დახმარება. Stratfor-ის აზრით, არ არის გამორიცხული ერაყმა ირანთან მჭიდრო კავშირების გამო უარი უთხრას აშშ-ს თავისი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.

აშშ-ის ძალები

ხმელთაშუა ზღვის ახლო აღმოსავლეთის რაიონში აშშ-ს ორი საესკადრო ნაღმოსანი ჰყავს – “პორტერი” და “დონალდ კუკი”.

როგორც The New York Times-ი წერს, თითოეულ მათგანზე დაახლოებით  24 “ტომოგავკია”. ძალიან მალე ამ რეგიონისკენ გაემართება ასევე ავიამზიდი “ჰარი თრუმენი”, რომელიც ერთ კვირაში უკვე დანიშნულების ადგილზე იქნება.

როგორც გაზეთი წერს, პენტაგონში მიაჩნიათ, რომ ავიაციის მონაწილეობა სირიის ოპერაციაში სარისკოა, რადგან სირიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა აქვს და პილოტების დაღუპვა ან დატყვევება კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას. იგივე ეხება სახმელეთო ძალებსაც.


ასევე წაიკითხეთ