სომეხი ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ამ განცხადებას სერიოზულად მოეკიდონ, რუს ექსპერტებს კი ეს მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის მცდელობად მიაჩნიათ " />

აშშ-მ შესაძლოა სომხეთს სანქციები დაუწესოს

სომეხი ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ამ განცხადებას სერიოზულად მოეკიდონ, რუს ექსპერტებს კი ეს მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის მცდელობად მიაჩნიათ

აშშ-მ სომხეთის მთავრობას აცნობა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან მნიშვნელოვანი მოცულობის კონტრაქტების დამყარების შემთხვევაში, შეიძლება მათ წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

„აშშ-ის მოწინააღმდეგეთა მიმართ სანქციების საშუალებით მოქმედების“ შესახებ კანონის თანახმად, 29 იანვრიდან აშშ-ს შეუძლია სანქციები დააწესოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებთან მნიშვნელოვანი მასშტაბის გარიგებას დადებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანესიანმა ჟურნალისტებს შესაძლო სანქციებთან დაკავშირებული საკითხის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადამისამართება ურჩია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრს-მდივანმა ტიგრან ბალაიანმა ზედმიწევნით დიპლომატიური კომენტარი გააკეთა:

 „სომხეთი დიდად აფასებს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას“.

რუსმა სამხედრო ექსპერტმა, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმირ ევსეევმა აღნიშნა, რომ სომხეთი, მაგალითად, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რუსეთისგან მნიშვნელოვანი მოცულობით იარაღს არ იძენს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის იმ ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდეს, რომელთა წინააღმდეგაც აშშ სანქციებს დააწესებს.

„აშშ-ს კონტროლის დაწესება სურს ამ რეგიონზე, მათ შორის სომხეთზეც, მაგრამ თუკი ისინი სომხეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ, ამით სომხეთს  უფრო ხელს კრავენ, ვიდრე დაიახლოვებენ. აშშ-ს კი სომხეთთან დაშორება არ სურს. ეს უბრალოდ პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მცდელობაა“, – თქვა ვლადიმირ ევსეევმა.

სომეხი ექსპერტების მოწოდებით კი, მოცემული განცხადების მიმართ საჭიროა ყურადღების გამოჩენა.

„სომხეთი იარაღს, ძირითადად, რუსეთისგან იძენს. შესაძლოა, ამის შემდეგ რუსეთის ალტერნატივის ინტენსიური ძიება დაიწყოს. საჭიროა, სწორად გათვლა: რას ვიძენთ რუსეთისგან, რაზე შეიძლება უარის თქმა, და რაზე – არა. ამავდროულად საჭიროა აშშ-სთან ინტენსიური მუშაობა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან პუტინი არსებობს, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა პოლიტოლოგმა ლევონ შირინიანმა.


ასევე წაიკითხეთ