აღიარება ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში მოხდება - მაშინ, როდესაც დასაკარგი აღარაფერი იქნება" />

აღიარებს თუ არა სომხეთი ყარაბაღს

აღიარება ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში მოხდება - მაშინ, როდესაც დასაკარგი აღარაფერი იქნება

ფოტო: tert.am

ინტერვიუ კავკასიის ინსტიტუტის დირექტორთან, ალექსანდრ ისკანდარიანთან

კანონპროექტი ‘არწახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ’ შეიძლება მაშინ მიიღონ, როდესაც მოლაპარაკების პროცესის იმედი აღარ დარჩება.

საკუთრივ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებების ფორმატიც იმას გულისხმობს, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საბოლოო განსაზღვრა მოლაპარაკებების პროცესის უკანასკნელი ეტაპი უნდა იყოს.

ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სომხეთის მიერ ყარაბაღის არაღიარება ერთგვარი დათმობაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია. თუკი დღეს სომხეთი ყარაბაღს აღიარებს, მოლაპარაკების საფუძველი აღარ იარსებებს. მოლაპარაკებები ან გაიყინება, ან საერთოდ შეწყდება, რაც ომს ნიშნავს.

ამჟამად სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარება პოლიტიკური პროცესის გაგრძელების ნებისმიერ შესაძლებლობას გამორიცხავს, არადა სომხეთი სწორედ პოლიტიკური პროცესის მომხრეა. აღიარება იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც უკვე აღარაფერი იქნება დასაკარგი.

ფოტო: Hetq.am

ეუთო-ს მინსკის ჯგუფი სამშვიდობო შეთანხმებაზე ხანდაზმულია, რადგან ის 1992 წლიდან მუშაობს, შეთანხმება კი 94 წელს დაიდო. თეორიულად შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ის სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარების შემდეგაც იმუშავებს, მაგრამ პოლიტიკურად ამის წარმოდგენა ძალიან რთულია.

სომხეთს სამხედრო ესკალაციაზე მეტად პოლიტიკური პროცესის გაგრძელება უნდა, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონპროექტი ყარაბაღის დამოუკიდებლობის შესახებ და შემდეგ ამ დოკუმენტს პრეზიდენტმაც მოაწეროს ხელი.

ფოტო: Openblog.am

ყარაბაღის აღიარება თვითმიზანი არ არის და ამგვარი გადაწყვეტილება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებმაც მიიღონ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავად სომხეთი არ აღიარებს. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ასეთი აღიარებებით ვაჭრობენ და ეს არც ისე ძვირია.

 შესაძლებელია მუშაობა ჩვენი რეგიონიდან შორს მდებარე ზოგიერთ ქვეყანასთან, სადაც დიდი სომხური დიასპორაა, და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა, მაგრამ რეალურად ამით არაფერი შეიცვლება. ასეთი გამოცდილება აქვს ჩრდილოეთ კვიპროსს, რომელიც თურქეთმა აღიარა.

ერთგვარი იურიდიული თვალსაზრისით, ყარაბაღი არაღიარებული სახელმწიფოდან ნაწილობრივ აღიარებულ ქვეყნად იქცევა, მაგრამ სერიოზული ცვლილებები მაინც არ მოხდება.

იმისათვის, რომ რეალურად შეიცვალოს რაიმე, ყარაბაღი აზერბაიჯანმა უნდა აღიაროს, და არა სომხეთმა; მაგრამ აზერბაიჯანი არწახს არ აღიარებს და ეს ყველასთვის გასაგებია. თუმცა, დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ არასდროს აღიარებს.

კიდევ ერთი მაგალითია კოსოვოს შემთხვევა. კოსოვოს პრეცედენტის მიხედვით, თუკი აზერბაიჯანი არ აღიარებს მთიან ყარაბაღს, ამას გააკეთებენ დიდი და ძლიერი სახელმწიფოები, როგორებიცაა ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ა.შ. ბევრი სახელმწიფო აღიარებს და, ამ შემთხვევაში, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია; ყოველ შემთხვევაში – ახლა, რადგან მათ ყველგან  საკუთარი ინტერესები აქვთ.

ფოტო: Photolure

ბევრს მოჰყავს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მაგალითი, მაგრამ მათ შემთხვევაში მთავარია არა ის, რომ აღნიშნული სუბიექტები აღიარეს, არამედ ის, თუ ვინ აღიარა. რუსეთი, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი სამხედრო-პოლიტიკური გზით აღიარა, დიდი სახელმწიფო, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანაა.
ყარაბაღის შემთხვევაში, რუსეთის როლში გვევლინება სომხეთი, რომელიც სიძლიერით, დაახლოებით, აზერბაიჯანის ფარდია. ამ გარემოების გამო, ზემოაღნიშნული ორი შემთხვევა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მიერ გამოთქმული მოთხოვნების ლეგიტიმურობა ამ რეგიონის აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში ყოფნის 70 წელიწადს ეყრდნობა. უკვე 25 წელია, რაც ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღარ არის. რა მოხდება 50 წლის შემდეგ, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური რეალობის პირობებში კიდევ ერთი 70 წელიწადი გავა.

სულ მცირე, პოლიტიკური, დიპლომატიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა იქნება განსხვავებული. მსოფლიოს ყველა ქვეყანა სხვა სახელმწიფოსგან გამოყოფის შედეგად შეიქმნა. ბევრი მათგანი ამ გამოყოფისთვის დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა, სხვებმა კი შედეგი შედარებით მალე მიიღეს. არ შემიძლია, რაიმეზე ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ‘არასდროს მოხდება’.

პოლიტიკური რეალობა იცვლება. თუკი შორეულ, მაგალითად 1952 წელს ვინმეს ჰკითხავდით,  რა მოხდებოდა საბჭოთა კავშირში 50 წლის შემდეგ, და ის ყარაბაღზე დაიწყებდა ლაპარაკს, თქვენ მას გონებაამღვრეულად ჩათვლიდით.

ყარაბაღი მსოფლიო საზოგადოებამაც რომ აღიაროს, მან თავისი სახელმწიფოებრიობის მშენებლობას უნდა მიჰყოს ხელი. შეიძლება ითქვას, რომ ყარაბაღი ასეც იქცევა, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია. მაგალითად, ტაივანი, რომელიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად წარმატებული ქვეყანაა, 1949 წლის შემდეგ მხოლოდ 30-მდე ქვეყანამ აღიარა.

სახელმწიფოს ფორმირება უბრალო აღიარებით არ ხდება. სახელმწიფოებრიობის შენება ის გზაა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს და არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ეს ხვალ მოხდება.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

გამოქვეყნებულია: 07.05.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ