მთლიანობაში, ამ დროისთვის, აქციასთან დაკავშირებით, 9 კაცის წინააღმდეგაა საქმე აღძრული, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია" />

საქართველოში დააპატიმრეს პოლიციელი, რომელიც მომიტინგეს მუშტს ურტყამდა სახეში

მთლიანობაში, ამ დროისთვის, აქციასთან დაკავშირებით, 9 კაცის წინააღმდეგაა საქმე აღძრული, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი ჩვეულებრივი მომიტინგე და ერთი პოლიციელი დააკავა.

შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებული რიგითი მოქალაქეები „სხვადასხვა საგნის გამოყენებით, თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და ორგანიზებულ შტურმში მონაწილეობით, პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ“.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეს პირი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს.

პარლამენტის წინ გამართული აქციის საქმეზე გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი – „პოლიციის მიერ ძალის გადამეტება“ და მეორე – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მისი ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „აჯანყება კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლის, საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდების ან ძალადობით წართმევის, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია“.

• ვინ არის მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია

• საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები

15 ივლისს, ასევე დააპატიმრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.

ის დააკავეს ვიდეოკადრების საფუძველზე, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველი ერთ-ერთი მომიტინგის პოლიციის მანქანაში ჩასმის მცდელობისას, მას სახეში მუშტს ურტყამს.

მთლიანობაში, ამ დროისთვის, აქციასთან დაკავშირებით, 9 კაცის წინააღმდეგაა საქმე აღძრული, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი მმართველი პარტიის წევრი, ნიკა მელია. ის ბრალდებულია ძალადობით ხელისუფლების წართმევის ორგანიზებაში.

პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა, სასამართლომ მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს და სამართალდამცველების გაფრთხილების გარეშე სახლიდან გასვლა აუკრძალეს.

საპროტესტო აქციაზე შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში, უფლებამოსილება შეუჩერეს ათ პოლიციელს და ასევე, საქართველოს შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი კაკიჩაშვილს.

საპროტესტო აქციები თბილისში, 20 ივნისს, სპონტანურად დაიწყო. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა გამოეხატათ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში, მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა.

მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარე ასამბლეა რუსულ ენაზე გახსნა გავრილოვმა, რომელიც ღიად უჭერს მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ამასთან, ის პარლამენტის სპიკერის სავარძელში მოკალათდა.

პარლამენტის შენობასთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა ხელისუფლებისადმი შეკითხვით: „როგორ გაბედა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება?“.

21 ივნისს, გამთენიისას, პოლიციის სპეცრაზმმა აქცია რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორმა თვალი დაკარგა, ერთი ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული მიღებული ტრავმების გამო, რომელიც თავში რეზინის ტყვიის მოხვედრისგან მიიღო.

21 ივნისს, დღისით, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. 24 ივნისს, ხელისუფლებამ მომიტინგეების კიდევ ერთი მოთხოვნა შეასრულა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ამ დროისთვის, უკვე სამ კვირაზე მეტია, აქციის მონაწილეების მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.

20 ივნისიდან მოყოლებული, აქციები იმართება თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე, ქვეყნის სხვა ქალაქებში – ქუთაისში, გორში, ბათუმში. ოპოზიცია იმ ღამის მოვლენებს „სადამსჯელო ოპერაციას“ უწოდებს. მომიტინგეები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენების შესახებ არ გააფრთხილა.

ამტკიცებენ, რომ პოლიციელები დამიზნებით ესროდნენ მომიტინგეებს, ამასთან, იყენებდნენ რეზინის ტყვიებს, რომლებიც დიდი ცხოველების მოსაგერიებლადაა განკუთვნილი.

ამავდროულად, გახარია აცხადებს, რომ პოლიცია მოქმედებდა ლეგიტიმურად და აღკვეთა პარლამენტის შენობის აღებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ამას გარდა, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ძალაუფლების გადამეტების ფაქტებზე.


ასევე წაიკითხეთ