ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული, გაერთიანებული ოპოზიცია კი ვა-ბანკზე მიდის და ფსონს მხოლოდ მასზე დებს " />

აფხაზური ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მათი ლიდერი მოწამლეს

ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული, გაერთიანებული ოპოზიცია კი ვა-ბანკზე მიდის და ფსონს მხოლოდ მასზე დებს

აფხაზური ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას მძიმე დაავადება და ვარაუდები იმის შესახებ, რომ ის მოწამლეს, აფხაზეთში, ივლისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში დომინანტი თემები ხდება.

ასლან ბჟანია მოსკოვის საავადმყოფოში 19 აპრილიდან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისი საავადმყოფოში მოთავსებიდან ორ დღეში, იქვე მიიყვანეს მისი პირადი დაცვის ორი წევრი, დაავადების ზუსტად ანალოგიური ნიშნებით, მაგრამ არა ისეთი მძიმე ფორმით.

• აფხაზური ოპოზიციის ლიდერთან ერთად, საავადმყოფოში მისი დაცვის წევრებიც მოათავსეს

• ეს მაინც გადატრიალება იყო აფხაზეთში

გარანტია, რომ ბჟანია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოკეთდება, არ არსებობს. ამის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია ვა-ბანკზე წავიდა და განაცხადა, რომ მათი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ასლან ბჟანია იქნება.

დღეს, განხილვის მთავარი თემა არის ეჭვი ოფიციალურ დიაგნოზთან დაკავშირებით, რომელიც ასლან ბჟანიას დაუსვეს – ვირუსული პნევმონია.

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დიპლომატიურად ამბობს, რომ მათ სრული ინფორმაცია არ გააჩნიათ. მაგრამ ოპოზიციონერთა უმრავლესობა ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს.

„მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ბჟანია მოსკოვში გააცილა. მას დაავადებული ადამიანის შესახედაობა არ ჰქონდა. მე ვნახე ის, როდესაც მოსკოვიდან დაბრუნდა (ის მაშინვე სხვა თვითმფრინავით მოსკოვის კლინიკის რეანიმაციაში გადაიყვანეს – JAMnews)“, – ამბობს პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჯოპუა.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის მოწამლეს. დასამალი აქ არაფერია. თუმცა, მტკიცებულებები არ გვაქვს. ღმერთმა ქნას, რომ ის ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდეს. და როდესაც დაბრუნდება, ბევრი რამე გაირკვევა“.

ოპოზიციის აზრით, ბჟანია შესაძლოა იმის გამო მოეწამლათ, რომ საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მიეცათ, რადგან საზოგადოებაში ბევრი მას მთავარ ფავორიტად მიიჩნევს.

„თუკი ვინმე შეაფერხებს ასლან ბჟანიას დაბრუნებას და მის მონაწილეობას არჩევნებში, ვიტოვებთ უფლებას, რომ საპროტესტო აქციები გავმართოთ. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და ამისთვისაც მზად ვართ, იმიტომ რომ, ვხედავთ, როგორ უარესდება სიტუაცია“, – განაცხადა ასლან ბჟანიას თანამებრძოლმა, პარლამენტის დეპუტატმა, დმიტრი დბარმა.

ასლან ბჟანია უკვე ორი კვირაა რეანიმაციაშია. მას სუნთქვითი ფუნქციები აქვს დარღვეული და ლაპარაკი არ შეუძლია. მისი პირადი დაცვის წევრები უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პროგნოზი არ კეთდება იმის შესახებ თუ როდის შეძლებს საავადმყოფოდან გამოსვლას თავად ბჟანია.

ის მოწამლეს თუ ოპოზიცია არჩევნებზე ხმების მისაღებად აგორებს სკანდალს?

ოპოზიციის ვერსია

21 მაისს დასაწყები აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის წინ, მოწამვლის ვერსია მთავარ თემად იქცა. მაგრამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ოპოზიციის ლიდერებმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მოწამვლის ვერსიაზე ისაუბრეს. ამ თემაზე მოსმენა გაიმართა პარლამენტშიც, თუმცა იქ ძირითადად კითხვები ისმოდა, რომლებზე პასუხის გაცემაც ვერავინ მოახერხა.

ასლან ბჟანიას დაავადების გარშემო სიტუაცია ისევ ძალიან უცნაურად გამოიყურება. „ვირუსული პნევმონიის“ დიაგნოზის შესახებ, მისი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღესვე გახდა ცნობილი, მაგრამ ინფორმაციის წყარო ბუნდოვანია, ეს ქალაქ მოსკოვის აფხაზი ექიმების ასოციაციაა, რომლის არსებობის შესახებ აქამდე საერთოდ არავის არაფერი სმენოდა.

და ახლაც მის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. საპარლამენტო მოსმენაზე სწორედ ეს კითხვები გაისმა – რას წარმოადგენს ასოციაცია, ვინ არის იქ საკონტაქტო პირი და რომელი აფხაზი ექიმები არიან მასში გაერთიანებული. მაგრამ პასუხი ოპოზიციამ ვერცერთ კითხვაზე ვერ მიიღო.

ხელისუფლების ვერსია

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აფხაზი პოლიტიკოსის ავადმყოფობის მიზეზის გარკვევის შესახებ გამოძიება არ ჩაატარა და ის ეყრდნობა სამედიცინო კონფიდენციალურობასა და პროფესიულ ეთიკას.

ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად ამწვავებს სიტუაციას მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

„რეალური საფუძვლები და არგუმენტები არ აქვთ, მაგრამ ისინი (ოპოზიციის წარმომადგენლები) აკეთებენ განცხადებას დეპუტატის შესაძლო მოწამვლის შესახებ. თვალსაჩინოა აშკარა სპეკულაცია გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის შესახებ“, – ნათქვამია პროსაპრეზიდენტო პარტიის, „ეროვნული ერთობის ფორუმის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფაქტობრივად, ოპოზიცია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვა-ბანკზე მიდის, რამდენადაც არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთვის ასლან ბჟანია გამოჯანმრთელებას შეძლებს. ამ შემთხვევაში კი ოპოზიციას საერთოდ არ ეყოლება საკუთარი კანდიდატურა.

ასლან ბჟანიას ნათესავი, სოხუმის საქალაქო კრების თავმჯდომარე, კონსტანტინე ფილია ამბობს, რომ ასლან ბჟანიას მალე გადაიყვანენ რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში, მაგრამ შემდეგ საჭირო იქნება რეაბილიტაცია. მისი თქმით, პროცედურები ჩატარდება „რუსეთში ან საზღვარგარეთ“.

იმ შემთხვევაში, თუკი ბჟანიას რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდება, ოპოზიცია, სავარაუდოდ, მოითხოვს, რომ არჩევნები მოგვიანებით გაიმართოს. თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ მოსაზრებას პრეზიდენტი და პარლამენტი დათანხმდნენ, იმდენად, რამდენადაც არჩევნების თარიღი უკვე განსაზღვრულია – 21 ივლისი.

თუმცა, ოპოზიციას, ალბათ, აქვს სათადარიგო გეგმა, რომლის შესახებაც ისინი ბოლო მომენტში განაცხადებენ. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციურ წრეში არის რამდენიმე ფიგურა, რომლებიც ადრე საპრეზიდენტო სავარძელს იზომებდნენ. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად პარლამენტის დეპუტატი, ბატალ ტაბაღუა და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ბესლან ეშბა.

ტელეგრამ-არხმა, „აფხაზეთი, ინტრიგები, გამოძიება“, უკვე ჩაატარა გამოკითხვა. რესპონდენტთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ თუკი ბჟანია არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს, ისინი კანდიდატად ბატალ ტაბაღუას ისურვებდნენ.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ