„ვინ და როგორ უნდა შეამოწმოს?“ - სოციალურ ქსელებში სკეპტიციზმი ჭარბობს" />

აფხაზეთში კორუფციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა იწყება

„ვინ და როგორ უნდა შეამოწმოს?“ - სოციალურ ქსელებში სკეპტიციზმი ჭარბობს

აფხაზეთში ჩინოვნიკების კორუფციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა იწყება. სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფმა პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ დაჩქარებული წესით მიიღონ „სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონი“ და მოხდეს „კორუფციისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ შესახებ გაეროს კონვენციის მე-20 მუხლის რატიფიცირება.

მიმართვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გაეროს კონვენცია, შესაძლოა, აფხაზეთისთვის ფრიად სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან მისი არსი უაღრესად მარტივია და ისეა შედგენილი, რომ მისი ორაზროვნად განმარტება არ დაიშვას:

  1. „უკანონო გამდიდრება“ სისხლის სამართლის მიხედვით დასჯადი საქმიანობა უნდა გახდეს;
  2. ნებისმიერი ჩინოვნიკი, რომლის აქტივებიც მნიშვნელოვნად (ცდომილების ზღვარი ქვეყნის ცხოვრების დონეზეა დამოკიდებული) აჭარბებს მისი ლეგალური შემოსავლის წყაროებს, დაუყოვნებლივ კორუფციაში ეჭვმიტანილი ხდება და განხილვის პერიოდში სამუშაოს უნდა ჩამოშორდეს;
  3. ასეთმა ჩინოვნიკმა სასამართლოში თავად უნდა დაადასტუროს საკუთარი უდანაშაულობა;

მიმართვის ავტორების თქმით, ეს მუხლი მსოფლიოს 172 ქვეყანაში უკვე წარმატებით მოქმედებს.

„ჩვენ ეს ინიციატივა პარლამენტის ახლანდელ შემადგენლობასთან ერთადაც განვიხილეთ, და წინასთანაც. მთლიანობაში დეპუტატების მხრიდან გაგებას ვაწყდებოდით. ჩვენ სრულიად მკაფიო, კანონიერ და სამართლიან მიზანს ვისახავთ, და არც ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არ ვართ დამოკიდებული“, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ავტორებმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინეს ასევე „სახელმწიფო სამსახურში კადრების კონკურსის წესით შერჩევის შესახებ“ კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელშიც ვაკანტური სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისთვის ღია კონკურსის ჩატარების რეგლამენტი დაწვრილებით გაწერეს.

სოციალურ ქსელებში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მთლიანობაში სკეპტიკური განწყობა გამოვლინდა.  

„ჰა-ჰა, სასაცილოები არიან. რა გგონიათ, პირიდან ლუკმას საკუთარი ხელით გამოიცლიან?“

„ვინ და როგორ უნდა შეამოწმოს? ალბათ რუსულ ბანკებში ჩინოვნიკების ანგარიშების შემოწმება შეიძლება. და უცხოურ ბანკებში?“

„როდესაც ლუჟკოვი მოსკოვს მართავდა – მისი ცოლი რუსეთის ყველაზე მაგარი ბიზნესვუმენი იყო. ჩვენს ხაზინის ქურდებსაც ჰყავთ შვილები, ცოლები, სიდედრები და ძმისშვილები“.

„იმ ავტომობილების მარკისა და გამოშვების თარიღის მიხედვით, რომლებითაც ჩვენი ჩინოვნიკები დადიან, ძალიან მარტივად შეიძლება მათი გამოვლენა, ვისაც ტრივიალურად „ადგილი მზის ქვეშ ნაყიდი აქვს“.

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ  JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს.  JAMnews უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული

ასევე წაიკითხეთ