ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას იმის გამო ითხოვდა, რომ მისი კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს " />

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება

ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას იმის გამო ითხოვდა, რომ მისი კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ოფიციალურად გადაიდო 21 ივლისიდან 25 აგვისტომდე.

სხდომაზე მყოფი 30 დეპუტატიდან არჩევნების გადადებას ხმა 25-მა დეპუტატმა მისცა, 5 კი წინააღმდეგ წავიდა.

კენჭისყრის პროცედურა დახურულ რეჟიმში, მედიის წარმომადგენლების დასწრების გარეშე გაიმართა.

არჩევნების გადადებისათვის საჭირო იყო, სულ მცირე 24 დეპუტატის მხარდაჭერა.

• მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

• აფხაზეთში კორუფციასთან ბრძოლა რეალურად დაიწყო? 

კანონმდებლობის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია, რომ არჩევნები იმართება პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე არაუმეტეს 3 თვისა და არანაკლებ ორისა. კანონის ახალ რედაქციაში ნათქვამია, რომ ეს ვადა ერთ თვემდე შემცირდა. მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 25 სექტემბერს იწურება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აფხაზეთის პარლამენტში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, დმიტრი შამბამ.

წინა ისტორია

სოხუმში რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების 21 ივლისიდან 25 აგვისტომდე გადატანაზე შეთანხმდნენ.

მანამდე, 20 მაისიდან სოხუმში ქუჩის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რომლებშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ოპოზიცია არჩევნების გადადებას პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის ასლან ბჟანიას მოწამვლვის მცდელობის გამო ითხოვდა. ოპოზიციის მტკიცებით, იგი არჩევნებიდან მისი ჩამოცილების მიზნით მოწამლეს.

ასლან ბჟანია 19 აპრილიდან მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის საავადმყოფოში იმყოფება. მას სუნთქვითი ფუნქციები აქვს დარღვეული და ლაპარაკი არ შეუძლია. მის სისხლში დიდი რაოდენობით მეტალები აღმოაჩინეს, კერძოდ, ვერცხლისწყალი და ალუმინი, რომლებიც ორგანიზმში გარედან ჩარევის გარეშე ვერ მოხვდებოდა. ბჟანიას ჰოსპიტალიზაციიდან ორ დღეში, ავადმყოფობის იმავენაირი ნიშნებით იქვე მოათავსეს ოპოზიციონერის ორი პირადი მცველი, თუმცა, არა ისეთი მწვავე ფორმებით. დაცვის წევრები საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ მკურნალობას აგრძელებენ. თუმცაკი, არ კეთდება არანაირი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როდის დატოვებს საავადმყოფოს ბჟანია.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები, რომლებიც 20 მაისიდან გრძელდებოდა, დასრულდა. მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 21-22 მაისის ღამეს მიმდინარეობდა, მასში პირადად პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მონაწილეობდა.

როგორც მოლაპარაკების მონაწილემ ოპოზიციის მხრიდან თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა, არჩევნების კიდევ უფრო გადადება შეუძლებელია, ვინაიდან ამით არჩევნების შესახებ კანონი დაირღვევა:

“25 აგვისტო მაქსიმუმია, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო”, — განაცხადა მან.

თუმცა, საეჭვოა, ბჟანია 25 აგვისტოსთვის გამოჯანმრთელდეს. სავარაუდოდ, იგი არჩევნებში მონაწილეობას დაუსწრებლად მიიღებს. 

თეიმურაზ ხიშბას თქმით, იგი მუდმივ კონტაქტში იმყოფება ოპოზიციის ლიდერის ოჯახთან. მისი ინფორმაციით, ასლან ბჟანია სრულად შესაძლოა სექტემბრისთვის გამოჯანმრთელდეს. ამიტომაც პრეზიდენტთან მიღწეულ შეთანხმებაში სპეციალური დათქმა გაკეთდა, რომ ბჟანია არჩევნებში მონაწილეობას დაუსწრებლად მიიღებს.

პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის პროცესში, არჩევნების შესახებ მოქმედი კანონის თანახმად, მისი პირადად დასწრება სავალდებულოა. კანდიდატმა ასევე აფხაზური ენის გამოცდა უდნა ჩააბაროს.

ასლან ბჟანიას, რომლისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია, კანონის ამ მოთხოვნების შესრულება არ შეუძლია. ამიტომ, შეთანხმების თანახმად, პრეზიდენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს თხოვნით, რათა ბჟანიას იმ გამოცდის შედეგები ჩაეთვალოს, რომელიც მან 2014 წელს, წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩააბარა.

2019 წლის 21 მაისი 

რაულ ხაჯიმბამ მოქალაქეებისადმი სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ოპოზიცია ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. ეს მიმართვა იყო პასუხი იმ უვადო საპროტესტო აქციაზე, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ 20 მაისს დაიწყო. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ხაჯიმბა თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა – 2019 წლის 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების უფრო გვიანი პერიოდისთვის გადადებაა. მათი მოთხოვნის მიზეზი – პრეზიდენტის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მოწამვლის მცდელობა, რითიც, ოპოზიციის მტკიცებით, მისი არჩევნებიდან ჩამოშორება სცადეს.

ბჟანია უკვე ერთი თვეა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ოპოზიციის მხარდამჭერები თავიანთი ლიდერის მოწამვლაში მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

„ამ დღეებში თქვენთან ერთად გავხდით დესტრუქციული ქმედებების მომსწრენი ოპოზიციური ძალების მხრიდან, რომლებმაც დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე ზრუნვის კეთილშობილური საბაბის მიღმა, გამოააშკარავეს თავიანთი მთავარი განზრახვის არსი – მეთაურის ვადამდელი გადადგომა“, – აცხადებს საკუთარ მიმართვაში ხაჯიმბა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „რუს კოლეგებთან ერთად, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები საფუძვლიან გამოძიებას აწარმოებენ ბჟანიას მოწამვლის შემთხვევაზე“. ასევე, განაცხადა, რომ ხელისუფლება „ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართავს პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად“ და მოუწოდა ხალხს, „არ წამოეგონ პროვოკაციებს, გამოიჩინონ თავშეკავება და სიფხიზლე“.

21 მაისს, დილით, მოლაპარაკების გზით, აფხაზურმა მილიციამ მოახერხა ფსოუ-ენგურის ცენტრალური ავტომაგისტრალის გათავისუფლება, რომელიც წინა დღიდან მოყოლებული, ორ ადგილას ჰქონდათ გადაკეტილი ოპოზიციის მომხრეებს.

ამასთან, აფხაზეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბევრმა მძღოლმა დაიწყო გაფიცვა და ხელისუფლება მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შეწყდეს გაფიცვა.

ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის აქციის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 20 მაისის სხდომაზე აფხაზეთის პარლამენტი ხმათა უმრავლესობით არ დაეთანხმა ოპოზიციის წინადადებას – მათი ლიდერისა და მოსალოდნელ ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტის, ასლან ბჟანიას მოწამვლის გამო, საპრეზიდენტო არჩევნების 2019 წლის 21 ივლისიდან ნოემბრის ბოლოსთვის გადატანის თაობაზე.

ამრიგად, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია 21 მაისს ოფიციალურად დაიწყო.

აფხაზეთში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ნადეჟდა ვენედიქტოვას კომენტარი:

„ამ დღეებში ხელისუფლება იმკის იმას, რაც ოთხი წლის წინ დათესა. ისევ ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას, ისევ საკურორტო სეზონის წინ. გამოდის, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გადატრიალების შემდეგ ოპოზიცია იფიცებოდა, რომ იმოქმედებდა მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ხაჯიმბა მოთხოვნებს დაემორჩილა და თანამდებობიდან წავიდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე. მეორე გადატრიალება ზედიზედ – სჭირდება კი სოხუმს ასეთი რეპუტაცია?

დიახ, საპრეზიდენტო არჩევნების გადადების მოთხოვნა დაფუძნებულია სამართლიანობის გრძნობაზე. მაგრამ მოთხოვნა პრეზიდენტის დაუყოვნებლივი გადადგომის შესახებ, არ პასუხობს ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს.

თუკი არჩევნები არ გადაიდება, მოქმედი ხელისუფლების რეპუტაციას ისეთი ზიანი მიადგება, რომ ის საბოლოოდ დაკარგავს ლეგიტიმურობას ბევრი საკუთარი მხარდამჭერის თვალშიც კი. არჩევნების მოგებას ის ვერ შეძლებს. დიახ, ძნელია გაჩერდე მიტინგის ციებ-ცხელების დროს, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. ის, ვისაც რბოლისას ცხენის შეკავება შეუძლია, უფრო მაღალ კლასს აჩვენებს, ვიდრე ის, ვინც წინ თავპირისმტვრევით მიქრის“.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ