JAMnews-ი მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რატომ მიიღეს ასეთი ზომენი და რას ფიქრობენ ამის შესახებ საზოგადოებაში" />

აფხაზეთში იმ დაწესებულებებს, რომლებიც ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან, დენის მიწოდებას შეუწყვეტენ

JAMnews-ი მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რატომ მიიღეს ასეთი ზომენი და რას ფიქრობენ ამის შესახებ საზოგადოებაში

აფხაზეთის იმ დაწესებულებებს, რომლებიც ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან, დენს გამოურთავენ. აფხაზეთის ხელისუფლება ამას ქრონიკული გადაუხდელობის წინააღმდეგ ბრძოლის უკიდურეს ზომად მიიჩნევს.

2017 წელს საჭირო გადასახადის მხოლოდ 42 პროცენტის შეგროვება მოხერხდა. ელექტროენერგიის მოხმარების საერთო დავალიანებამ 300 მილიონი რუბლი შეადგინა (დაახლოებით $7,5 მილიონი), წინა წლებთან ერთად კი გადაუხდელი თანხა მთლიანობაში მილიარდებს უტოლდება.

„ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელის ასლან ბასარიას თქმით, ყველაზე პრობლემურ ადგილებს სოფლები წარმოადგენს. ზოგიერთი სოფელი ან საერთოდ არ იხდის მოხმარებული ენერგიის საფასურს, ან მცირედი თანხა შეაქვს.

მაგალითად, აფხაზეთის ოჩამჩირეს რაიონის სოფელ ატარას მაცხოვრებლებმა ნახევარი წლის განმავლობაში მთლიანობაში 30 ათასი რუბლი (დაახლოებით 450$) შეიტანეს. ამავდროულად „ჩერნომორენერგომ“ აქ 4 მილიონი რუბლის (დაახლოებით$763,000)ღირებულების სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.

რამდენიმე სხვა სოფელი დაახლოებით ამ მოცულობის საფასურს იხდის. ხოლო გულრიფშის რაიონის სოფელ ბაგმარანის მაცხოვრებლებს ნახევარი წლის განმავლობაში საერთოდ არაფერი გადაუხდიათ.

პრევენციული ზომის სახით, „ჩერნომორენერგომ“ იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც ურჩ გადამხდელთა შორის ირიცხებიან, შუქის გამორთვა დაიწყო. თუმცა, ამას, ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთების გარდა, ჯერჯერობით განსაკუთრებული ეფექტი არ მოჰყოლია.  

დიდი დავალიანება აქვთ დაგროვილი ასევე დაწესებულებებს. ეკონომიკის მინისტრმა აგდურ არძინბამ ენერგეტიკოსებს დაავალა, რომ დავალიანების მქონე დაწესებულებებს ელექტრენერგია გამოურთონ.

გარდა ამისა, „ჩერნომორენერგო“ მოამზადებს არგადამხდელი როგორც დაწესებულებების, ისე კონკრეტული ადამიანების სიებს – და ინტერნეტში მათი სახელების  გამოქვეყნებას დაიწყებს.

იმ დაწესებულებებს შორის, რომლებსაც სანქციები პირველ რიგში დაუწესდათ, ეროვნული ბიბლიოთეკა და სოხუმის ფილარმონია აღმოჩნდნენ.

საზოგადოება მიესალმება გადაუხდელობის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას, თუმცა პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს თავად „ჩერნომორენერგოსაც“, რომლის მიმართაც გაუმჭვირვალე გარიგებების ბრალდებები არსებობს.

სახასიათო ციტატები სოციალური ქსელებიდან:

„შტატში მხარბეჭიანი და კბილებამდე შეიარაღებული ბიჭები უნდა აიყვანონ, რომ მათთან ლაპარაკის სურვილი არავის გაუჩნდეს. და მაშინ შედეგი იქნება“;

„რამდენიმე ყველაზე ურჩი გადამხდელი უნდა დახვრიტოს, რათა სხვები მაშინვე გადასახდელად გაიქცნენ“;

„შემთხვევით მინისტრს ხომ არ უნდა, რომ ინტერნეტში გამოაქვეყნოს „ჩერნომორენერგოს“ სახელმწიფო შესყიდვების სია, რომელიც უზარმაზარ თანხას შეადგენს? სად, რა, რამდენი და რა ფასად? და კიდევ – რას აქირავებს „ჩერნომორენერგო“ საქათმის ფასად?”

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ