ერთ კილოგრამ მავნებელში 18 დოლარს იხდიან" />

აფხაზეთში ახალი ბიზნესი გაჩნდა – აზიური ფაროსანების შეგროვება

ერთ კილოგრამ მავნებელში 18 დოლარს იხდიან

როგორც გაირკვა, სასოფლო-სამეურნეო მავნებლის საშუალებით ფულის შოვნა შეიძლება.

აფხაზეთში სამეცნიერო კვლევებისთვის აზიური ფაროსანების შეგროვება დაიწყეს. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვინც ერთ კილოგრამ აზიურ ფაროსანას ჩააბარებს, მას ათას რუბლს (18 დოლარს) გადაუხდიან.

ამის შესახებ სოხუმში გამართულ თათბირზე რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ჯამბულატ ხატუოვმა განაცხადა. თათბირი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში აფხაზი და რუსი სპეციალისტების კოორდინირების საკითხებს ეძღვნებოდა.

„უახლოეს პერიოდში ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭიროა ფაროსანების დიდი მასა, და რუსული მხარე, მოსახლეობის დამატებითი სტიმულირების მიზნით, ფასს აცხადებს – ათასი რუბლი ერთ კილოგრამ აზიურ ფაროსანაში, რომელიც უახლოეს ორ კვირაში შეგროვდება. ფაროსანა საჭიროა დამატებითი სამეცნიერო კვლევისთვის, რომელიც სწრაფად უნდა ჩატარდეს. კვლევა მანამდე უნდა ჩავატაროთ, ვიდრე ძაან დათბება“, – აღნიშნა ჯამბულატ ხატუოვმა.

რუსი ჩინოვნიკის თქმით, კვლევების შედეგებს აფხაზეთში აზიური ფაროსანას გასანადგურებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, რუსეთი ჰუმანიტარული დახმარების სახით, აფხაზეთში ხუთი სახეობის ქიმიურ პრეპარატს და შესაწამლ ხელსაწყოებს ჩამოიტანს.

მანამდე, რუსი სპეციალისტების დახმარებით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მონიტორინგი ჩატარდა: „ყველა რაიონში აღმოჩენილია ფაროსანა, რომელიც გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გააქტიურებას იწყებს. დასკვნა – აფხაზეთის ტერიტორიაზე მავნებელი არსებობს და მასთან ბრძოლაა საჭირო, – ამბობს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა მეურნეობის დეპარტამენტის დირექტორი პიოტრ ჩეკმარიოვი, – რუსეთის ფედერაციას აფხაზეთთან ვრცელი საზღვარი აქვს. ამიტომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა არამხოლოდ აფხაზეთისთვის არის აქტუალური, არამედ მთელი რუსეთისთვისაც. სხვა შემთხვევაში, მავნებელი, შესაძლოა, სამხრეთი და ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქებშიც გამოჩნდეს, და შეიძლება ვორონეჟამდე მიაღწიოს”.

12 მარტიდან რუსეთის საზღვართან საგანგებო საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. რუსეთში აფხაზეთიდან ხილისა და ბოსტნეულის ხელით შეტანა დროებით აკრძალულია.

აზიური ფაროსანა აფხაზეთში ოთხი წლის წინ გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში ადგილობრივ სოფლის მეურნეობას მძიმე ზიანი მიაყენა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, აფხაზეთში წარმოებული მანდარინების, თხილისა და ნიგვზის რაოდენობა, რაც აფხაზეთის ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურებს წარმოადგენს, 70 პროცენტით შემცირდა.

აფხაზეთის ბიუჯეტიდან 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 20 მილიონი რუბლი გამოიყო [დაახლოებით $400 ათასი]. აფხაზეთს მავნებელთან ბრძოლისთვის ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ, კერძოდ კი UNDP.

აზიური ფაროსანას დასამარცხებლად საჭიროა კვალიფიციური აგრონომების, ენტომოლოგების მომზადება და სპეციალიზებული ტექნიკის დაძველებული პარკის განახლება

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაურ თარბამ მოსახლეობას მიმართა მოწოდებით, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ შესაძლოა, ჩვენი სასოფლო -სამეურნეო პროდუქციისთვის საზღვარი ჩაიკეტოს“.

„აპრილში აზიური ფაროსანა გამოიღვიძებს და ფრენას დაიწყებს. ჯერჯერობით მათი რაოდენობა დიდი არ იქნება. ძირითადი შემოტევა ივლისში დაიწყება“, – უთხრა JAMnews-ს ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რომან დბარმა.

ეკოლოგს მიაჩნია, რომ სხვადასხვა მავნებელთან ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია მცენარეთა დაცვის მთელი სისტემის მოდერნიზაცია. აუცილებელია კვალიფიციური კადრების, აგრონომების, ენტომოლოგების მომზადება, სპეციალიზებული ტექნიკის მოძველებული პარკის განახლება – შედეგი მხოლოდ მაშინ გვექნება“, – ამბობს დბარი.

სოციალურ ქსელებში მოსახლეობისგან  აზიური ფაროსანას შესყიდვის ინიციატივას იუმორით შეხვდნენ:

“რამდენს იწონის ერთი ცალი ფაროსანა? ვფიქრობ, ზამთრის შიმშილობის შემდეგ – ალბათ 1 გრამზე ნაკლებს. 1000 ფაროსანაზე მეტი როგორ უნდა შევაგროვოთ? რომ გვცოდნოდა, ზამთარშივე დავიწყებდით შეგროვებას. აფსუს, რამდენი გავანადგურეთ და გადავყარეთ სულ ტყუილად”.

“ისე არ მოხდეს, რომ ამ კეთილშობილურმა ინიციატივამ ჩვენს ბიზნესმენებს ფაროსანების ფერმის შექმნისკენ უბიძგოს”.

“სასწრაფოდ უნდა დაწესდეს მუხლი აზიური ფაროსანას კონტრაბანდაზე”.

სტატია მომზადებულია სოხუმელი კორესპონდენტის მიერ. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ