ახალი პარლამენტი აშკარად ფრიად ურთიერთდაპირისპირებული იქნება - და ამიტომ, შესაძლოა, იმედის მომცემი გახდეს" />

აფხაზეთი. შეტაკება მეორე ტურში: ვინ მონაწილეობს და რას უნდა ველოდეთ?

ახალი პარლამენტი აშკარად ფრიად ურთიერთდაპირისპირებული იქნება - და ამიტომ, შესაძლოა, იმედის მომცემი გახდეს

კვირას, 26 მარტს აფხაზეთში არჩევნების მეორე ტური ჩარტადება – რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ როგორი იქნება ახალი პარლამენტი.

ახლა გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია, რადგან სასწორზე სადეპუტატო მანდატების მთელი ორი მესამედი დევს. მწვავე მეტოქეობამ ვნებების უკიდურესად დაძაბვა გამოიწვია, რის გამოც, არჩევნების საინფორმაციო ფონი უკანასკნელი კვირის განმავლობაში კრიმინალური მოვლენების ქრონიკას დაემსგავსა.

ჯერ ვიღაცამ სოხუმის ერთ-ერთი ოლქის დეპუტატობის კანდიდატის ბათალ აიბას მანქანა დაწვა. შემდეგ მეორე კანდიდატის მანქანა დაცხრილეს, ამჯერად გალის საარჩევნო ოლქის კანდიდატის – კახი პერტაიასი. შემდეგ დაიწვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თემურ შონიას ავტომობილი. თითქოს ამას არჩევნებთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ სრულიად ეწერებოდა წინასაარჩევნო კონტექსტში.

თვით პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც კი იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა, მან საგანგებო სიტყვით მიმართა ხალხს და მოუწოდა „პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ“:

„ცალკეული კანდიდატების მომხრეების მხრიდან გამოიყენება ბინძური ტექნოლოგიები, მიზნის მისაღწევად მიმდინარეობს ამომრჩევლებზე ზემოქმედება. ისინი ყველაფერს კადრულობენ – არასასურველი კანდიდატების მიმართ მოსყიდვის, სიცრუის და დეზინფორმაციის ხერხებს იყენებენ“.

სახალხო საკრებულოს არჩევნების პირველი ტურის დროს, რომელიც მაჟორიტარული სისტემით ტარდება, 35 სადეპუტატო მანდატიდან პატრონი მხოლოდ 12 მანდატს გამოუჩნდა. მწვავე კონკურენციამ საკმაოდ ბევრი ღირსშესანიშნავი ფიგურა არ დაინდო.

კერძოდ, ახალ პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები, როგორიცაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ედინაია აფხაზიას“ ლიდერი სერგეი შამბა, ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ბესლან კუბრავა.

თუმცა, ეს „ვარსკვლავთცვენა“ კომპენსირებულია ექს-პრეზიდენტისა და მთავარი ოპოზიციონერის ალექსანდრ ანქვაბის ვადამდელი არჩევით.

რას ნიშნავს ხელისუფლებისთვის – პარლამენტში მთავარი ოპოზიციონერი?

ანქვაბის ფიგურა ტრენდული გახდა ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში; ანუ იმ მომენტიდან, როდესაც 2014 წლის მაისის ბოლოს ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შეტევის გავლენით, ის იძულებული გახდა, ვადამდელი გადადგომის შესახებ განეცხადებინა, ქვეყანა დაეტოვებინა და მოსკოვში დაფუძნებულიყო

ახლა ის პარლამენტშია არჩეული და თავის პოლიტიკურ კარიერას ახლიდან დაიწყებს, რაც   უდავოდ ახალ ფერებს შეჰმატებს პარლამენტს.

იმაზე ალბათ არავინ იდავებს, რომ პარლამენტი ალექსანდრ ანქვაბის მონაწილეობით გაცილებით დიდ საზოგადოებრივ ყურადღებას მიიპყრობს, ვიდრე მის გარეშე. და ეს შესაბამისად, ერთგვარ ახლებურ იმპულსს მიანიჭებს   პარლამენტსა და მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას, და კერძოდ პრეზიდენტს შორის ურთიერთობას.

მე მგონი, აქ მოვლენათა შესაძლო განვითარების საკმაოდ ბევრი სცენარი არსებობს. ანქვაბის როლი აფხაზეთისთვის მთლიანობაში შეიძლება დესტრუქციულიც აღმოჩნდეს და კონსტრუქციულიც. ყველაფერი, პირველ რიგში, თავად მასზეა დამოკიდებული; იმაზე, თუ როგორ ააგებს ის თავის სამომავლო პოლიტიკურ კარიერას.

ამავე დროს ანქვაბის აფხაზურ პოლიტიკაში დაბრუნება – ერთგვარი გამოწვევაა

აფხაზური ოპოზიციისთვისაც, და არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის. 

რას ნიშნავს ოპოზიციისთვის მისი ლიდერის პარლამენტში ყოფნა?

ოპზიციის ლიდერს პოლიტიკური პერსპექტივები უნდა ჰქონდეს. ანქვაბს 2019 წლის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრა აღარ შეუძლია, რადგან 2017 წლის 26 დეკემბერს მას 65 წელი უსრულდება ( აფხაზეთის კანონმდებლობის მიხედვით, საამისოდ ზღვრული ასაკი).

და თეორიულადაც კი, რომ წარმოვიდგინოთ წელს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების სიტუაცია, ანქვაბი, რომელიც ორ წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, საცხოვრებელი ცენზის გამო, პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ გახდება. ანუ ამ საქმეში ის ან ვინმე თავის შემცვლელს უნდა დაეყრდნოს – ანდა ქვეყანაში სახელისუფლებო სისტემის შეცვლა სცადოს – ისე, რომ ძირითადი სახელისუფლო ბერკეტები, გადაეცემოდეს, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრს, რომელიც, კონსტიტუციის მიხედვით, ასაკობრივად შეზღუდული არ არის.

შეტაკება მეორე ტურში: ვინ მონაწილეობს და რას უნდა ველოდეთ?

მეორე ტურს რა შედეგებიც არ უნდა მოჰყვეს, ალბათ მმართველობის სისტემის შეცვლის სცენარი ნაკლებსავარაუდოა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციაშიც – ზედმეტად ბევრი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული ჯგუფია, რომ მოხერხდეს

კონსენსუსის მიღწევა, რომელსაც ქვეყანაში არსებული საპრეზიდენტო მმართველობის ფორმის შეცვლა შეეძლება. მათ საკუთრივ საარჩევნო პროცესში იმთავითვე ვერ შეძლეს იმაზე შეთანხმება, თუ ვინ და სად უნდა წარედგინათ, უფრო მნიშვნელოვან ლოტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

კერძოდ, ბევრ ოლქში ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამ ვერ მოახერხეს, რომ თითოეულს საკუთარი „ბანაკიდან“ წარედგინა საერთო კანდიდატები.

შედეგად, მეორე ტურში სოხუმის ერთსა და იმავე ოლქში ერთმანეთს შეხვდება რაულ ხაჯიმბას ორი გავლენიანი წარმომადგენელი – ყოფილი პრემიერი შამილ აძინბა და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი აგრბა.

მეორე -ატარის ოლქში – ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია, რომელიც ყველაზე ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, და ხმათა 35 პროცენტი მიიღო, დაუპირისპირდება თავისივე გუნდის ოპოზიციონერს – ტემურ კვიცინიას, რომელიც ალქსანდრ ანქვაბის მხარდაჭერით სარგებლობს.

პარლამენტის ახალ შემადგენლობაში არც ერთი ძალა არ იქნება „აქციათა“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი. სახალხო საკრებულოში უფრო რამდენიმე დამბლოკავი პაკეტი გაჩნდება, და ეს თავისებურება ამ პარლამენტს, წინასთან შედარებით, კანონშემოქმედებითი მუშაობისთვის უფრო წარმომადგენლობითსა და მომზადებულს გახდის.

შესაძლოა, ამან ბოლოსდაბოლოს დაასრულოს მიტინგობანა, რაც ასეთი დამახასიათებელი იყო აფხაზეთის ბოლო წლების პოლიტიკური ცხოვრებისთვის, და ეს ცხოვრება უფრო მშვიდ, საპარლამენტო კალაპოტში მოაქციოს.

გამოკითხვა აფხაზეთში: რა ამოცანებს სახავენ ამომრჩევლები ახალი პარლამენტის წინაშე და რას არ აკეთებდა არასწორად წინა პარლამენტი?

აფხაზეთი 37 დეპუტატს ირჩევს. თუმცა ეს რთულია-არჩევანი 137 დეპუტატს შორის უნდა გააკეთონ

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ