სოხუმში 27 სექტემბერს ომში გამარჯვებას აღნიშნავენ

რა ხდება აფხაზეთში 27 სექტემბერს. ნახეთ JAMnews-ის კორესპონდენტის მასალა სოხუმიდან

სამამულო ომში გამარჯვების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ დღეს აფხაზეთში.

გამარჯვების 25-ე წლისთავს აფხაზეთში დიდი ზეიმით ხვდებიან: სამხედრო აღლუმი, აქცია „უკვდავი პოლკი“ და პირველი აფხაზური ფულადი ბანკნოტის გამოშვება, პირველი აფხაზი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით.

აფხაზეთში ოფიციალურ საზეიმო თარიღად 30 სექტემბერი მიიჩნევა. ეს არის დღე, როდესაც 1993 წელს აფხაზეთის ჯარი მდინარე ენგურის გავლით საქართველოს საზღვართან მივიდა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, ის 13 თვეს და 13 დღეს გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს  აფხაზური და ჩრდილო კავკასიური ძალების წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალთა დამარცხებით დასრულდა. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, უმეტესწილად – ეთნიკური ქართველები.

 

2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ეს ტერიტორია ოფიციალურად გამოაცხადა ოკუპირებულად.

 

2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ეს ტერიტორია ოფიციალურად გამოაცხადა ოკუპირებულად.

 

ასევე წაიკითხეთ: საქართველოში 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს იხსენებენ. ეს ქვეყანაში გლოვის დღეა – ყველგან დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

ტრადიციის მიხედვით, აფხაზეთში დღესასწაული სამი დღით ადრე – 27 სექტემბერს იწყება. ეს დღე სოხუმის გათავისუფლების დღედ მიიჩნევა.

ყოველ წელს გამარჯვების დღისა და დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიებები აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ყვავილების მიტანით იწყება. ასეთი მემორიალები აფხაზეთის თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტშია.

სოხუმის მემორიალზე ყველა იმ ოთხი ათასი ჯარისკაცის სახელია ჩაწერილი, რომლებიც 1992-1993 წლების ომში აფხაზური მხრიდან დაიღუპნენ.

აფხაზეთში პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი ოჯახი, რომელსაც ომი არ შეხებია და ვინმე ახლობელი არ დაუკარგავს.

ასევე წაიკითხეთ: 25 წელი სოხუმის დაცემიდან.  JAMnews-მა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან რამდენიმე ფოტო შეარჩია, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებენ დევნილები საკუთარ სახლებს. ნახეთ უნიკალური ფოტომემატიანე

2018 წელს პირველად ტარდება აქცია „უკვდავი პოლკი“. ყველა მსურველს შეუძლია შეუერთდეს მსვლელობას და ქუჩებში ომში დაღუპული ახლობლის ფოტოებით გაიაროს.

30 სექტემბერს სოხუმში თავისუფლების მოედანზე ჩატარდება სამხედრო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს როგორც რეგულარული ჯარი, ისე ომის ვეტერანებიც.

აფხაზეთის ეროვნულმა ბანკმა იუბილეს პირველი აფხაზური ფულადი კუპიურის გამოშვება დაამთხვია – ნომინალით 500 აპსარი (დაახლოებით $750), რომელზეც გამოსახულია აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, აფხაზებისთვის ომში გამარჯვების სიმბოლო.

აფხაზეთის მაცხოვრებლებმა  JAMnews-ის სამ შეკითხვას გასცეს პასუხი

პირველი შეკითხვა: რა მიყვარს ყველაზე მეტად აფხაზეთში და რატომ??

ევა, 28 წლის: „მე აფხაზეთში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ეს ჩემი სახლია. აქ ჩემი ახლობელი ადამიანები ცხოვრობენ, ჩემი ოჯახი. მე ჩემი ქვეყნის ისტორია ვიცი და ვამაყობ. ჩვენ დიდი დანაკარგი განვიცადეთ, მაგრამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა დავიმსახურეთ.

სარია, 32 წლის: „ყველაზე მეტად აფხაზეთში ბუნება მიყვარს. ჩვენთან არ არის ზამთარი, ცხელი ზაფხულიდან თბილ შემოდგომაში გადავდივართ და იქიდან გაზაფხულში. აფხაზეთი – ის პირველ რიგში – ლამაზია“.

დაური, 35 წლის: „მე ჩემი ქვეყანა თავისუფლების გამო მიყვარს. იმისთვის, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მოიპოვეს, და იმ თავისუფლებისთვის, რომელსაც ახლა თანდათან ჩვენს შვილებს გადავცემთ. თავისუფლების ეს შეგრძნება – ყველაზე ფასეულია, რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს. ჯერ კიდევ მამაჩემი და ბაბუაჩემი ვერასდროს დაიჯერებდნენ, რომ აფხაზეთი შეიძლებოდა ასეთი გამხდარიყო.“

მეორე შეკითხვა: რა არ მომწონს აფხაზეთში ყველაზე მეტად?

ევა, 28 წლის: „მე არ მომწონს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ისეთი პროფესიონალები ვერ მოვიდნენ, რომლებსაც იმავდროულად ადამიანური თვისებები, ნამდვილი პატრიოტიზმიც ახასიათებთ. იყვნენ მცოდნე ადამიანები, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლიდა, რომ კორუფციული სქემების ფარგლებში ემოქმედათ“.

სარია, 32 წლის: „ყველაზე მეტად არ მომწონს უზრდელობა. მხედველობაში მაქვს ერთმანეთის და სტუმრების მიმართ უპატივცემულობა. რატომღაც ძალიან ხშირად ვამჩნევ ჩვენს ხალხს სიბრაზესა და აგრესიულობას“.

დაური, 35 წლის: „მე აფხაზეთში უწესრიგობა არ მომწონს. ის ყველგანაა – ჩვენი ჩინოვნიკების თავებიდან დაწყებული, სკოლის პროგრამამდე. თითქოს ყველაფერი განგებ ცუდად კეთდება. ზოგჯერ ისეთი რამ კეთდება ცუდად, რისი ცუდად გაკეთებაც პრინციპში შეუძლებელია. ეს უწესრიგობის განცდა უსასრულოა. არავინ არაფერზე აგებს პასუხს, მაგრამ თითოეული რაღაცით უკმაყოფილოა“.

მესამე შეკითხვა:რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ პირველ რიგში?

ევა, 28 წლის: „ხელისუფლებამ პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა მოაწესრიგოს. ომის შემდეგ 25 წელიწადი გავიდა, სოხუმის ცენტრში კი აქამდე დანგრეულია გზები, და ნახევრად დანგრეული სახლები დგას. სხვა ქალაქები, ჯობს, არც გავიხსენოთ“.

სარია, 32 წლის: „ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს ჩვენთვის უსაფრთხოება და კომფორტი უნდა უზრუნველყოს. ეს ძალოვან უწყებებსაც ეხებათ, და მათაც, ვინც საყოფაცხოვრებო მეურნეობასა და სოციალურ საკითხებზე პასუხს აგებს“.

დაური, 35 წლის: „მთავარი, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს – კანონები ქაღალდიდან ცხოვრებაში გადაიტანოს. პირველი – კანონი უნდა შესრულდეს. მეორე – კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. მესამე – სახელმწიფომ მის მიმართ როგორც სახელმწიფოსადმი ნდობა უნდა გააჩინოს, და არა ცალკეული პიროვნებებისა  და ლოზუნგებისადმი“.

ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ