მოგზაურობა სოფელში HALO Trust-ის გამნაღმველებთან ერთად" />

აფხაზეთის სოფელ პრომორსკოეს გარშემო, 80 ათასი აუმოქმედებელი ჭურვი დარჩა

მოგზაურობა სოფელში HALO Trust-ის გამნაღმველებთან ერთად

ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews

„არასდროს მოგვწონდა, რომ საბრძოლო მასალების საწყობი სოფელში იყო განთავსებული. ყოველთვის რაღაც უსიამოვნო მოლოდინში ვიყავი, რომ როდესმე აფეთქდებოდა“, – ამბობს მერი, სოფელ პრიმორსკოეს მაცხოვრებელი.

საწყობი რვა თვის წინ აფეთქდა, 2017 წლის აგვისტოში. სამი ადამიანი დაიღუპა, 64 დაიჭრა. 12 სახლი მთლიანად დაინგრა, 122 სახლი კი დაზიანდა.

იმ აფეთქების დროს არც თავად მერი და არც მისი სახლი არ დაზარალებულა. ის შინ აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე დაბრუნდა და სწორედ მაშინ, როცა ის სახლის კარს გასაღებს არგებდა – აფეთქების ტალღამ უკან გადააგდო, მაგრამ ძლიერად არა – არანაირი ტრავმა არ მიუღია. ბინა კი იმან გადაარჩინა, რომ ფანჯრები მთლიანად გაღებული იყო და ტალღამ მათში „გამჭოლად“ გაიარა.

მერი ამბობს, რომ იმ საშინელების მიუხედავად, დღეს სოფელში შიში აღარავის აქვს. ახალ წელსაც ისევე უშვებდნენ მაშხალებს, როგორც ყოველთვის. სოფელში ცხოვრება დალაგდა, მაგრამ სოფლის გარშემო – არა.

ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews

აფეთქების ადგილიდან ნახევარ კილომეტრში ძროხები ძოვენ. მათი ზანზალაკების ხმა სოფლის ნებისმიერ წერტილში ისმის, ძაღლების ყეფასთან, ყვავების ჩხავილთან, მამლების ყივილთან და ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად. აფეთქების ადგილიდან ზღვის ულამაზესი ხედი იშლება. უკან თუ არ მიიხედავ და ბომბების და ჭურვების უამრავ ნამსხვრევს, საწყობის ნანგრევებს, მიწაში ორმოებს და ცეცხლის სიმხურვალისგან გამხმარ ხეებს არ შეხედავ – ყველაფერი იდეალურად გამოიყურება.

ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews

ამ ადგილის ძირითადი მაცხოვრებლები ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია HALO Trust-ის თანამშრომლები არიან. ეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში აუმოქმედებელი ჭურვებისა და მიწის ნაღმების გაუვნებელყოფით არის დაკავებული. 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე სპეციალისტებმა დაახლოებით ერთ კილომეტრზე ოდნავ მეტ ფართობზე 17 ათასი სხვადასვა კალიბრის საბრძოლო მასალა გააუვნებელყვეს და გაანადგურეს.

ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews

მაგრამ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია – აფეთქების ეპიცენტრის გარშემო კიდევ 4,5 კმ მიწის ფართობია გასაწმენდი – იქ დემინიორები (ასე უწოდებენ მათ, ვინც განაღმვით არის დაკავებული) 80 ათასამდე აუმოქმედებელი საბრძოლო მასალის პოვნას ვარაუდობენ. ამჯერად პროცესი უფრო ნელა წარიმართება – აქამდე აქ 32 გამნაღმველი მუშაობდა, იანვრიდან კი მხოლოდ 10 მუშაობს.

ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews

ამბულის სახლისგან აღარაფერი დარჩა. თუმცა, თავად გადარჩა, და რაც აღსანიშნავია – გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ აფეთქების დროს ის შიგნით, საწყობში იმყოფებოდა. ჯამბული იქ დაცვის უფროსად მუშაობდა.

„თავიდან ორი გაელვება იყო, ტკაცუნივით. შემდეგ კომისიას ვუთხარი, რომ ეს შეიძლებოდა ამაფეთქებლები ყოფილიყო, მაგრამ ჯერ მათ არავითარი დასკვნა არ გამოუტანიათ. დავიძაბე, გავგზავნე ჯარისკაცები, რომლებიც საწყობში მორიგეობდნენ და სახანძრო გამოვიძახე, მაგრამ ტკაცუნი მესამეჯერ რომ გავიგონეთ, მივხვდი, რომ სახანძრო ვერ გვიშველიდა და მათ შესაჩერებლად გავიქეცი. თითქმის ზედ საწყობის შესასვლელთან ვიდექით და ვლაპარაკობდით – სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. ტალღამ ერთ თხუთმეტ მეტრზე გადამისროლა, მეხანძრეებიც, მძღოლი კაბინიდან კარიანად გაისროლა. კანტუზია მივიღეთ, მაგრამ ყველა გადავრჩით“, – იხსენებს ჯამბული.

„აი, იქ ქათამი რომ ჩანს – ჩემი ეზოა, და ერთი ჭურვი იქ ეგდო. იქაც, იქაც… მიწაში ორმოები დღემდე დარჩა“.

მისი შვილებიც იქვე ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ მათ ეს უბედურება აცდათ – მხოლოდ რამდენიმე ჭურვი მოხვდა სახურავს და აფეთქების ტალღამ შუშები ჩაამტვრია. შემოდგომასა და ზამთარში ჯამბული და მისი ცოლი მათთან ცხოვრობენ, მაგრამ სახლი შენდება და, ჯამბულის თქმით, ის ძველზე უკეთესი იქნება.

ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews

ეზობელ ოთარს აფეთქების დროს ახალგამოჩეკილი წიწილები დაეხოცა, დაახლოებით 50 ცალი. ხოლო სახლი, როგორც თავად ამბობს, პირდაპირი მნიშვნელობით გასკდა. თვითონ ამ დროს ქუჩაში იყო და ორ ცაცხვს შორის დაიმალა.

„ბოლო წლებში გვალვამ და პარაზიტმა ბაღლინჯოებმა ყველაფერი გაანადგურა, ახლა კიდევ ეს ჭურვები“, – ამბობს ის.

მისი ახლი სახლის შენებაც სრულდება – მხოლოდ იატაკების დაგება, სარდაფისა და ღობის ბოლომდე შეკეთება დარჩა. ოთარი მოხუც დედასთან ერთად ჯერჯერობით მეზობლებთან ცხოვრობს. მას იმედი აქვს, რომ ზაფხულისთვის სახლი მზად იქნება – ამბობს, რომ ახლახან დაურეკეს რუსმა დამსვენებლებმა, რომლებიც ბევრი წელია, შვებულების გასატარებლად მასთან ჩამოდიან – მათ ისევ სურთ ჩამოსვლა.

* აფხაზეთში HALO Trust-ის დონორები არიან დიდი ბრიტანეთის მთავრობა (CSSF) და გაეროს განვითარების ფონდი  (UNDP) EC (EU)-თან პარტნიორობით.

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები , აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება მიჩნეული


ასევე წაიკითხეთ