მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს" />

იური ლუჟკოვი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს

მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს

მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა, რომელიც თბილისში იმყოფება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, – ინტერვიუ ლუჟკოვმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.

შეგახსენებთ, იური ლუჟკოვი თბილისში იმყოფება. მან საზღვარი 4 დღის წინ უპრობლემოდ გადმოკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან არის ნამყოფი და შესაბამისად, დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

„ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს“, – აღნიშნა ლუჟკოვმა.

მოსკოვის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის რუსული ბაზარი მნიშვნელოვანია და ქვეყნებმა მომავალზე უნდა იფიქრონ.


ასევე წაიკითხეთ