იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს" />

აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც კონტრაბანდაში ბრალდების გამო თავისუფლება ექვსი წლით აქვს აღკვეთილი, ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში მკვეთრად გაუარესდა და ის აუცილებელ მკურნალობას ვერ იღებს.

• ინტერვიუ აფგან მუხთარლისთან – რატომ არ ღირს თბილისში დამალვა?

• პოლიტპატიმართა შეწყალება აზერბაიჯანში: რას ნიშნავს ეს?

ამის შესახებ თავის Facebook-ის გვერდზე მისმა ცოლმა ლეილა მუსტაფაევამ დაწერა. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ აფგან მუხთარლის ყველა საჭირო გამოკვლევის ჩატარება შეუძლია.

ვინ არის აფგან მუხთარლი

გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ხელისუფლების კრიტიკით არის ცნობილი, 2014 წელს საქართველოში ემიგრირდა. 2017 წელს ის თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოში ჩაიყვანეს. იქ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ბრალად კი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი დაუმორჩილებლობა დასდეს. მუხთარლის თქმით, მის გატაცებაში საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამ შემთხვევას ორივე ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები აფგან მუხთარლის სინდისის პატიმრად მიიჩნევენ. 2017 წლის ივნისში ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და მისთვის ყველა ბრალდების მოხსნისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ციხეში რჩება. მას არ შეეხო ახლახან მომხდარი შეწყალებაც კი, როდესაც 50 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა.

დაწვრილებით მუხთარლის ჯანმრთელობის შესახებ

აფგან მუხთარლიმ ციხიდან დაურეკა თავის ცოლს, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს. მან თქვა, რომ მას ძლიერ სტკივა თვალები და შაქრიანი დიაბეტი გაუმწვავდა, არტერიული წნევის პრობლემები აქვს და აუცილებლად საჭიროებს უროლოგიულ გამოკვლევას.

ლეილა მუსტაფაევას თქმით, პენიტენციური სამსახურის ექიმები აფგანს, მართალია, გამოკვლევებს უტარებენ, თუმცა მის ახლობლებს გამოკვლევის შედეგების შესახებ არაფერს აცნობებენ.

პენიტენციური სამსახური რეაქცია

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი იფტიჰან გურბანოვი ამბობს, რომ აფგან მუხთარლის, თუკი სურს, გამოკვლევების ჩატარება შეუძლია – წერს ვებგვერდი „კავკაზსკი უზელი“.

ადვოკატის ზიბეიდა სადიგოვას თქმით, მან უკვე მიმართა თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, რომ მუხთარლის კვლევები კერძო კლინიკაში, თავისივე ხარჯებით ჩაუტარდეს, თუმცა ვერაფერს მიაღწია.


ასევე წაიკითხეთ