იშვიათი შემთხვევა: ადამიანი ქრთამის მიცემაზე უარს ამბობს და სამართლიან გადაწყვეტილებას წლობით ელოდება" />

არაჯანსაღი ჯანდაცვა

იშვიათი შემთხვევა: ადამიანი ქრთამის მიცემაზე უარს ამბობს და სამართლიან გადაწყვეტილებას წლობით ელოდება

ეს სტატია ჩვენ პირველად გასული წლის აპრილში გამოვაქვეყნეთ. პუბლიკაციის შემდეგ ვალერი მანუჩარიანმა კიდევ ორჯერ გაიარა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა, თუმცა არაფერი შეცვლილა – კომისიის დასკვნა იგივე დარჩა.

გორისის მკვიდრი, 26 წლის ვალერი მანუჩანიანი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის, უფრო ზუსტად კი, შესაბამისი ჯგუფის დასაბრუნებლად, უკვე 4 წელია, უშედეგოდ ზრუნავს. თუმცა, უფრო გულდასაწყვეტი და სევდიანი თავად ის ამბავია, თუ როგორ გახდა ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

2008 წელს ვალერი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ სამი თვის სამსახურის შემდეგ მას სახსრების პრობლემა შეექმნა. ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობა გაურთულდა და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოთხი თვეში კი საჭირო გახდა ახალგაზრდა კაცის დემობილიზება – დიაგნოზით რევმატოიდული ართრიტი. ის მესამე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების სამხედრო პირად აღიარეს.

ვალერი სამი წლის განმავლობაში (2012 წლის მარტამდე) იღებდა შემწეობას. ოთხი წლის წინ კი სამედიცინო-სოციალური ექსპრტიზის სააგენტომ არ დაადასტურა, რომ მისი მდგომარეობა შეზღუდული შესაძლებლობების მესამე ჯგუფს შეესაბამებოდა. ამის საფუძველი გახდა ის, რომ კომისიის ხელმძღვანელმა მის ხელზე ბებერა შენიშნა და დაასკვნა, რომ მანუჩარიანი შრომისუნარიანია და, შესაბამისად, ხსენებულ ჯგუფს ვერ მიაკუთვნებენ.

“მძიმე დაავადება მაქვს. საჭირო წამლების ნახევარსაც კი ვერ ვყიდულობდი იმ ფულით, რასაც ამ შემწეობით ვიღებდი; ერთი ბებერას გამო კი, იმ თანხასაც აღარ მაძლევენ”, – ამბობს ვალერი.

მან კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ვალერი დოკუმენტების გადახედვასა და განმეორებითი ექსპერტიზის გავლის შესაძლებლობას ითხოვდა.

ის ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად კომისია ერევნიდან იყო. “ხერხემლის რენტგენის გასაკეთებლად გამგზავნეს. როდესაც გამოვედი, მიხვდნენ, რომ გადახდას არ ვაპირებდი და თქვეს, რომ რენტგენის გამოკვლევების შედეგები საჭირო აღარაა”, – იხსენებს ვალერი.

წინასწარ გააფრთხილეს, რომ პირველ შემწეობას, “როგორც წესი”, კომისია იღებდა, რათა მომავალში ეს თანხა თავად მიეღო. როდესაც შეიტყვეს, რომ მანუჩარიანის შემწეობა სულ რაღაც 11 ათას 600 დრამს (25 დოლარზე ნაკლებს) შეადგენდა, გააფრთხილეს, რომ 30 ათასი (დაახლოებით 60 დოლარი) მაინც უნდა გადაეხადა.

“ძალიან მარტივი გარიგება იყო. მე მათ ის თანხა არ მივეცი, რასაც ითხოვდნენ, ამიტომ მესამე ჯგუფი ჩამომართვეს”, – ამბობს ვალერი.

სომხეთში ამბულატორიული მკურნალობა უფასოა – ანუ პოლიკლინიკაში გამოკვლევების უფასოდ ჩატარება და მედპუნქტსა თუ ჯანდაცვის ცენტრში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება ნებისმიერ მოქალაქეს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია.

ამის გარანტიას იძლევა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს ამ მიზნისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მილიონ 705 ათასი დრამი (დაახლოებით 60 ათასი დოლარი) გამოიყოფა.

მართალია, ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ სამედიცინო დახმარება უფასო უნდა იყოს, ბევრი მათგანი ექიმებს მაინც უკეთებს საჩუქრებს. შეკითხვაზე, თუ რატომ იქცევიან ასე, პასუხობენ, რომ ამ ქვეყანაში უფასო არაფერია – თუ სამედიცინო პერსონალს ფულს არ მისცემ, ანალიზებს ნორმალურად არ ჩაატარებენ და არ გიმკურნალებენ.

პოლიკლინიკებში ყველაზე მეტი ფულის გადახდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ადამიანებს უწევთ. მათთვის მინიჭებული შეზღუდულ შესაძლებლობათა ჯგუფი რომ შეინარჩუნონ, ყოველწლიურად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლა უწევთ – ვალდებულები არიან, ექსპერტიზას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგები წარუდგინონ.

“ყოველ წელს აუცილებლად უნდა გაიარო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. ელექტროკარდიოგრამის გაკეთებაც საჭიროა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ინვალიდობა გაქვს. ყოველ კაბინეტში, სულ ცოტა, 2 ათას დრამს ტოვებ.

მთლიანობაში კი, დაახლოებით, 30 ათასის გადახდა გიწევს, თუ არ ჩავთვლით “მაღარიჩს”, რომელიც სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის სააგენტოს უნდა გაუკეთო, რომ შემწეობის გადმორიცხვა არ შეგიწყვიტონ”, – განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირმა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა.
თუ ამ სიტყვებს უპირობოდ ვენდობით, გამოდის, რომ ერთი წლის განმავლობაში ამ სტატუსის მქონე ყველა მოქალაქე ორ თვეში მისაღები შემწეობის ოდენობის თანხას ქრთამად იხდის.

ჯანდაცვაში არსებულ ხარვეზებზე საუბრისგან ძალიან ბევრი ადამიანი იკავებს თავს. ისინი ფიქრობენ, რომ ავადმყოფობისგან არავინ არის დაზღვეული და, შესაძლოა, სამკურნალოდ იმ ექიმთან მოუწიოთ მისვლა, რომელზეც ადრე ჩიოდნენ.

ვალერი ერთ-ერთია იმ იშვიათ ადამიანთაგან, ვინც ამას არ შეუშინდა და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამმართველოს მიმართა. მაგრამ არც აქ გაუმართლა, რადგან ერევანში ექსპერტიზას ზუსტად იგივე კომისია ატარებდა და ამიტომ გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

შემდეგ ვალერიმ გადაწყვიტა, უფლებები სასამართლოს გზით დაეცვა. მას იმედი ჰქონდა, რომ სამართლიანობას სწორედ ასე მიაღწევდა. “ამ გადაწყვეტილების მიღებას არცერთი ჩემი ნაცნობი არ მირჩევდა. მეუბნებოდნენ, რომ დამარცხება მელოდა. მაგრამ ასე ადვილად არ დავნებდები, ბოლომდე ვიბრძოლებ”.

ვალერი მანუჩარიანმა ადმინისტრაციულ სასამართლოში გორისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის სააგენტოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რომელიც არ მიიღეს იმ საბაბით, რომ საბუთები არასწორად იყო შედგენილი. მომჩივანი ამან არ შეაჩერა. მან სომხეთის ადმინისტრაციულ სააპელაციო სასამართლოს მიმართა, საიდანაც საქმე ისევ ადმინისტრაციულ სასამართლოში გადაიტანეს.

სასამართლო სხდომა ორი წლის განმავლობაში არ ტარდებოდა. სხდომა რომ იდებოდა, ამას ვალერი მხოლოდ სასამართლოს შენობაში იგებდა ხოლმე. “ერევანში გასამართ სასამართლო პროცესს რომ დავსწრებოდი, ყოველ ჯერზე 250 კილომეტრის დაფარვა მიწევდა და მხოლოდ იქ ვიგებდი, რომ მოსამართლე ან შვებულებაშია, ან სხდომა გადაიდო. უწყება არასდროს მიმიღია”, – გვიყვება გულდაწყვეტილი ვალერი.

ყოველ ჯერზე გზაში 10 ათასი დრამი (20 დოლარი) – ანუ, ფაქტობრივად, მისი მთელი თვის შემწეობა ეხარჯებოდა, ცალკე – ღამის გათევისა და კვების ხარჯები.
სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ვალერიმ კიდევ ერთი შემოწმება გაიარა “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მესამე სააგენტოში”, სადაც უბრალოდ წნევა გაუზომეს და გადასცეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შესაბამის ჯგუფს ვერ მიაკუთვნებენ.

არადა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ “შესწავლილია წარდგენილი სამედიცინო საბუთები, ასევე – ექსპერტმა ექიმებმა დეტალური ოპერატიული გამოკვლევები ჩაატარეს.”
ადმინისტრაციულმა სასამართლომ, ამ ექსპერტიზაზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სააგენტოს სასარგებლოდ მიიღო.
გამაოგნებელია, რომ მხოლოდ წნევის გაზომვის საფუძველზე შეუძლიათ მოგცენ დასკვნა”, – ამბობს ახალგაზრდა კაცი.

ვალერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება – სახსრების ანთება სულ უფრო რთულდება და უფრო მეტად უჭირს გადაადგილება. გარდა ამისა, მას გულმკერდის დეფორმაცია და გულის არითმიაც აღენიშნება.

“ზოგჯერ სახსრების ტკივილის გამო, დილით საწოლიდან ვერ ვდგები. ფინანსური პრობლემების ნიადაგზე, სისტემური მკურნალობის საშუალება არ მაქვს”, – ამბობს ის და მიჩვენებს ანალიზების შედეგების მთელ დასტას, რომელიც, როგორც თავად ამბობს, “ერთი სქელტანიანი წიგნის ტომივითაა.”

“ჩემთვის ეს 11 ათასი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ როგორც შეზღუდული შესაძლებლობების სამხედრო პირს, უფლება მქონდეს, წელიწადში რამდენჯერმე ჩამიტარდეს უფასო გამოკვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალში სტაციონარული მკურნალობის კურსიც გავიარო. ამჯერად კი, როდესაც გადაუდებელი მკურნალობა მჭირდება, ვერაფერს ვაკეთებ”, – ამბობს ვალერი.

გამოქვეყნდა: 22.04.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ