გერმანიასა და ევროკავშირზე განაწყენებული თურქეთი რუსეთისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისთვის მზადაა" />

ანკარიდან მოსკოვი უფრო ახლოსაა თუ ბრიუსელი?

გერმანიასა და ევროკავშირზე განაწყენებული თურქეთი რუსეთისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისთვის მზადაა

ფოტო: Turkish presidency
თურქული მედია თურქეთის ახალი საგარეო პოლიტიკური ტენდენციების შესახებ 

თურქეთის ევროპასთან ურთიერთობამ ახალი მიმართულება შეიძინა. გერმანიასა და თურქეთს შორის არსებული ხანგრძლივი პოლიტიკური კონფლიქტისა და ევროკავშირთან ერთგვარად გაურკვეველი სიტუაციის ფონზე, თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზიბეკჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთი აპირებს, შეუერთდეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს, რომელსაც რუსეთი მეთაურობს.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რუსეთის ლიდერობით 2015 წელს შეიქმნა. დღეს მასში რუსეთთან ერთად ოთხი ქვეყანაა გაწევრიანებულია: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. კავშირის გაცხდებული მიზანია – რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. კავშირის წევრი ქვეყნების სივრცეში უზრუნველყოფილია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და მუშახელის გადაადგილების თავისუფლება. გაერთიანებაში შემავალი სახელმწიფოები ასევე იღებენ თავიანთი შიდა ეკონომიკური პოლიტიკის ერთმანეთს შორის კოორდინირების ვალდებულებას.

რუსეთის მეთაური ვლადიმირ პუტინი ახლახან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემდგომი განვითარების იდეით გამოვიდა. 2016 წლის ივლისში პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პუტინი გამოვიდა ევრაზიის სივრცეში დიდი პარტნიორობის შექმნის წინადადებით, რომელშიც კავშირთან ერთად შეიძლებოდა ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ირანი და სხვა სახელმწიფოები შესულიყვნენ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მაშინ ასეთი დასკვნა გამოიტანეს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი თავს კონტინენტური ინტეგრაციის ბირთვად წარმოაჩენდა.

ნიჰატ ზეიბეკჩიმ მაშინვე დასძინა, რომ თურქეთი ამავდროულად არ აპირებს უარი თქვას ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში შესვლის დიდი ხნის გადაწყვეტილებაზე და წელს აუცილებლად წარადგენს შესაბამის მოთხოვნას.

ევროპის (EEA)ეკონომიკურ თანამეგობრობა უზრუნველყოფს თავისუფალ ვაჭრობასა და ამ თამეგობრობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიაზე ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. ეს არის ევროპის კავშირში შემავალი ქვეყნები, პლუს ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი.

როგორც საერთაშორისო მიმომხილველებს მიაჩნიათ, თურქეთის განცხადება ევრაზიის ეკონომიკური კავშირისკენ მიმართულების შეცვლის შესახებ – ანუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური კავშირისკენ – გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ წინა დღეს გაკეთებული იმ მკვეთრი განცხადების პასუხი იყო, როდესაც მან განაცხადა, რომ ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში სხვა ვეღარავინ გაწევრიანდებოდა.

თურქეთი-გერმანია – კონფლიქტის არსი

თურქეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაუარესების ისტორიას ახლახან ახალი შტრიხი დაემატა, მას   შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდნეტმა რეჯიპ ტაიიპ ერდოღანმა თურქული წარმოშობის გერმანიის მოქალაქეებს მოწოდებით მიმართა, რომ მომავალ არჩევნებში უარი ეთქვათ „თურქეთის მტრის ანგელა მერკელის მხარდაჭერაზე“.

გერმანიის რეაქციამ არ დააყოვნა. გერმანიის ქალაქ ჰერფორდში ამომრჩევლებთან შეხვედრისას კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, „ჩვენ ვერ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ამგვარ ჩარევას“. და მაშინვე, თურქეთზე მინიშნებით მან კატეგორიულად განაცხადა, რომ ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის გაფართოება მოსალოდნელი არ არის.

დადგა თურქეთის სვლის ჯერი – და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა უპასუხა, რომ გერმანიას არ შეუძლია ევროკავშირის სახელით ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის გაფართოებასთან დაკავშირებით.

 

„გერმანია თავისი წესების კარნახს ცდილობს, თითქოს აცხადებს: „მთელ ევროპის კავშირზე პასუხს მე ვაგებ“. ეს სწორი არ არის“, – უთხრა ჟურნალისტებს თურქეთის პრემიერმა.

 

 

თურქეთსა და გერმანიას შორის კიდევ ერთი დაძაბული სიტუაცია გერმანიაში მცხოვრები იმ ორგანიზაციის წევრების ექსტრადიციას შეეხება, რომლებიც თურქეთმა ტერორისტებად გამოაცხადა(ფეტო, PYD/YPG, PKK).

„ჩვენ გერმანიისგან მოვითხოვთ, რომ თავიანთ ტერიტორიაზე დარჩენის უფლება არ მისცენ ფეტოს წევრებს, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღეს მონაწილეობა; და ეს ადამიანები გადასცეს თურქეთს, სადაც მათ სამართლიანი სასჯელი ელით. თურქეთი ისეთივე სამართლებრივი სახელმწიფოა, როგორც გერმანია. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებების გამო, კანონის წინაშე პასუხს აგებენ“, – განაცხადა ბინალი ილდირიმმა CNN Türk-ის ინფორმაციით.

გერმანიამ ამ ადამიანების ექსტრადირებაზე უარი განაცხადა – და თურქეთში საპასუხოდ გერმანიის ათზე მეტი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის – ადამიანის უფლებების დამცველი ჟურნალისტები და აქტივისტები.

საპასუხოდ, 2017 წლიდან გერმანიამ თურქეთის მიმართ პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცრა.

თურქეთი – ევროკავშირი

გერმანია აქტიურად ლობირებს ინიციატივას იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა თურქეთის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დაიწყოს.

დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული CNN Türk-ის ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი საბოლოოდ თურქეთისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას აპირებს. 2014-2020 წლებისთვის დაგეგმილი დახმარების მოცულობას მთლიანობაში დაახლოებით 4 მილიარდ 450 მილიონი ევრო უნდა შეედგინა. თუ რამდენად შემცირდება ეს ფინანსური დახმარება, ცნობილი გახდება ევროკავშირის შეფასების შემდეგ, რომლის შესახებ ანგარიში 2017 სექტემბრის ბოლოს და ოქტობრის დასწყისში გამოქვეყნდება.

თურქეთის იმედები გერმანიასთან და ევროკავშირთან ურთიერთობის მოგვარების შესახებ

მიუხედავად ამისა, თურქეთის ოფიციალური პირები ძველებურად ლაპარაკობენ თურქეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე და მათი გაუმჯობესების იმედი აქვთ.

ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზიბეკჩიმ განაცხადა, რომ არ შეიძლება ანგელა მერკელის კომენტარების გერმანიის პოზიციად განხილვა, ხოლო თურქეთის ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

“იმ დროს , როდესაც ეს მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ვფიქრობ, ამგვარი განცხადებები გერმანიის პოზიციას არ ასახავს. ამჟამად მოლაპარაკებები ჩვეულებრივ კალაპოტში მიმდინარეობს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამგვარ სიტუაციებში გაჩუმება ღირს. ამას ჩვენს გერმანელ მეგობრებსაც ვურჩევდი. ასევე ჩვენც – ასეთ პერიოდებში აჯობებს, სიჩუმე შევინარჩუნოთ“, – ციტირებს გაზეთი „Hürriyet“ ზეიბეკჩის ნათქვამს.

გერმანია თურქეთის ძირითად სავაჭრო პარტნიორად რჩება და ამის შეცვლამ, შესაძლოა, თურქეთისთვის მძიმე შედეგები მოიტანოს. ზეიბეკჩიმ განაცხადა, რომ თურქეთსა და გერმანიას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2017 წელს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„რაც შეეხება გერმანული კომპანიების შემოსავლებს თურქეთში, და თურქული კომპანიებისას გერმანიაში – აქ ლაპარაკია ას მილიარდ დოლარზე. ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაცია თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს… მაგრამ მისი გაფართოება მაინც ხელსაყრელია თურქეთისთვისაც და ევროკავშირისთვისაც“.

თურქეთი-რუსეთი

ამგვარად, თურქეთს და გერმანიას შორის არსებული დაძაბულების ფონზე, თურქეთის რუსეთთან დაახლოება შეინიშნება.

მორიგ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე Izmir International Fair, რომელიც ამ დღეებში ეგეოსის ზღვის თურქულ სანაპიროზე ჩატარდა, თურქეთისა და რუსეთის ოფიციალური პირები ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ოპტიმიზმით აღსავსე განცხადებებით გამოვიდნენ. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთიდან ყველაზე დიდი დელეგაცია ჩავიდა – 300 ადამიანი, რაც, როგორც ჩანს, ამ განცხადებების სერიოზულობაზე მეტყველებს.

თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზეიბეკჩიმ, რუსეთთან ეკონომიკური ურთერთობების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის „გარკვეული წვრილმანი პრობლემები არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარდება 20 ოქტომბრამდე“, როდესაც რუსეთ-თურქეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა უნდა შედგეს.
ერჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენად სერიოზულია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან შეერთების შესახებ თურქეთის გადაწყვეტილება. მაგრამ ამ ორ ქვეყანას, როგორც ჩანს, მყარად აქვს გადაწყვეტილი თავისი სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა.

ამის თვალსაჩინო გამოვლინებად შეიძლება იქცეს რუსეთსა და თურქეთს შორის „პომიდვრის ომის“ დასრულება. ნიჰატ ზეიბეკჩიმ თქვა, რომ რუსეთში თურქეთიდან ბოსტნეულის ექსპორტის აკრძალვა, რომელსაც 2015 წელს ორ ქვეყანას შორის ურთერთობების გამწვავების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, შეიძლება გაუქმდეს, და თურქული პომიდორი, რომელიც თურქულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა, რუსულ ბაზრებზე ისევ გაჩნდება.

Izmir International Fair-ის უკვე ხსენებულ გამოფენაზე რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თურქეთის და რუსეთის მხარეებს საქმიან პარტნიორობაში რთული პერიოდი ჰქონდათ, „თუმცა ეს დრო წარსულს ჩაბარდა“.

ხოლო თურქეთის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ფარუქ ოზლუმ იქვე განაცხადა, რომ ამ ორ ქვეყანას საგარეო სავაჭრო ბრუნვის მკვეთრი გაზრდა აქვს გადაწყვეტილი. მან ასეთი ციფრები დაასახელა:

  • ბოლო 10 წლის განმავლობაში თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინა.
  • 2016 წელს ეს ციფრი 17 მილირდ დოლარამდე შემცირდა.
  • უახლოეს წლებში თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 100 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ამ ციფრების მოყვანისას ფარუქ ოზლუმ თქვა:

ქვეყნებს შორის ზოგჯერ პოლიტიკური კრიზისი დგება ხოლმე, და ეს ნორმალურია… მაგრამ ანკარასა და მოსკოვს შორის მაინც უფრო ახლო მანძილია, ვიდრე ანკარასა და ბრიუსელს შორის“.


ასევე წაიკითხეთ