რას ნიშნავს და როგორ აისახება ეს ინტერნეტზე?" />

ამერიკის ხელისუფლებამ ქსელური ნეიტრალიტეტის პრინციპი გააუქმა

რას ნიშნავს და როგორ აისახება ეს ინტერნეტზე?

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FFC) 2015 წელს დადგენილი ქსელური ნეიტრალიტეტის პრინციპი გააუქმა. ამის შესახებ CNN იუწყება.

ამ პრინციპის არსი ისა არის, რომ პროვაიდერებს რაიმე ტრაფიკის დაბლოკვის ან შენელების უფლება არ ჰქონდეთ.

FFC-ის თავმჯდომარემ აჯიტ პაიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის ყველაზე ადრეულ ეტაპზე დანიშნა, განაცხადა, რომ ქსელური ნეიტრალიტეტის პრინციპი ამ სფეროში ბიზნესისა და ნორმალური კონკურენციის განვითარებას უშლიდა ხელს.

პრინციპის გაუქმების მომხრეები ასევე აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს ინტერნეტის მუშაობაში.

ზოგიერთი კომპანია და მომხმარებელთა უფლებების დამცველი ჯგუფები, პირიქით, ამ პრინციპის გაუქმებას აპროტესტებენ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ეს  ბაზრის მონოპოლიზაციას და „ჩვენთვის აქამდე ცნობილი სახით არსებული ინტერნეტის დაღუპვას“ გამოიწვევს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქსელური ნეიტრალიტეტის მთავარი პრინციპი ის იყო, რომ მომხმარებლისთვის იმ კონტენტის დამოუკიდებლად შემუშავების საშუალება მიეცათ, რომელიც მათთვის უფრო საინტერესოა და ნება არ დაერთო მსხვილი კომპანიებისთვის, რომ მომხმარებლისთვის თავს მოეხვიათ თავიანთი პროდუქცია.

ინტერნეტით დღეს პრაქტიკულად ყველა სარგებლობს, ამიტომაც მასთან დაკავშირებული პრობლემები ყველას ეხება და თითოეული ამას საკუთარი მოთხოვნილებების პრიზმიდან აღიქვამს. ამის გამოა, რომ ინტერნეტის რეგულირების საკითხზე მსჯელობა ასე მწვავედ მიმდინარეობს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად კარდინალურად იმოქმედებს პრინციპის გაუქმება ინტერნეტ-ლანდშაფტზე. აშკარაა, რომ გიგანტ კომპანიებს ეს ხელს აძლევს, მაგრამ არცთუ ნათელია, თუ როგორ გადარჩებიან შეცვლილ პირობებში ამ ბაზარზე ახალბედები –  ალბათ, ეს დროთა განმავლობაში გაირკვევა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრინციპის გაუქმებით ბაზარი უფრო აგრესიული გახდება, ხოლო მის შიგნით ბრძოლის შესაძლებლობა თვალსაჩინოდ გაიზრდება.  FCC-ს გადაწყვეტილება საბოლოოდ არ უნდა მივიჩნიოთ. როგორც ჩანს, ქსელური ნეიტრალიტეტის პრინციპის გაუქმების გადაწყვეტილებაზე ჯერ სასამართლოში იმსჯელებენ –  „ყოველთვის, როდესაც რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ადამიანები სასამართლოს მიმართავენ ხოლმე“, – გააკეთა კომენტარი მოვლენათა სავარაუდო განვითარების შესახებ  FCC-ის თანამშრომელმა.


ასევე წაიკითხეთ