ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ კოფის ინიციატივა სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ შორსაა რეალობისგან " />

ლუკ კოფი ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში, ჯავახეთში განთავსების ინიციატივით გამოდის

ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ კოფის ინიციატივა სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ შორსაა რეალობისგან

ამერიკელი ანალიტიკოსი, გავლენიანი კონსერვატიული ინსტიტუტის, Heritage Foundation-ის წევრი, ლუკ კოფი ინიციატივით გამოდის, რომ ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, საქართველოში, კონკრეტულად კი ქვეყნის სამხრეთში, ჯავახეთის რეგიონში განთავსდნენ, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური სომხები.

ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

„შეთავაზება: აშშ-ის შეიარაღებული ძალები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა „ისლამური სახელმწიფოს“ აღდგენის შემთხვევაში სწრაფად საპასუხოდ. აშშ-ის შეუძლია გამოიყენოს ძველი რუსული სამხედრო ბაზა ახალქალაქში, რომელიც სულ რაღაც 740 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ რაყადან. ახლა საქართველო ერაყზე საიმედოა“, – დაწერა კოფიმ.

კოფი ხაზს უსვამს, რომ ეს მისი პირადი იდეაა და ვაშინგტონში არ განიხილება. კრიტიკოსებს კი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ამერიკელი სამხედროების განთავსება, საქართველოს თურქეთთან ურთიერთობას დააზიანებს, ანალიტიკოსი ურჩევს, უკეთ გაერკვნენ ამ თურქულ-ქართულ ურთიერთობებში.

„ბევრი კითხულობს, როგორ მოგვარდება ლოჯისტიკის საკითხი? ეს მხოლოდ 750 კილომეტრია. ვფიქრობ, აშშ-ის სამხედრო ძალებს ამ დისტანციის დაძლევა შეუძლიათ. მათ კი, ვინც კითხულობს, როგორ იქნება საქმე თურქეთთან, უბრალოდ, არ ესმით თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები. და დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება“, – წერს კოფი.

მოსაზრება: საქართველო-ნატო – ათი წელი მოჯადოებულ წრეზე

საქართველოში სკეპტიკურად უყურებენ კოფის ინიციატივის რეალიზაციის შესაძლებლობას.

„ლუკ კოფის საინტერესო იდეები აქვს ხოლმე, ის კარგი ანალიტიკოსი და საქართველოს მეგობარია. თუმცა, მისი იდეებიდან რისი განხორციელება შეიძლება რეალურ ცხოვრებაში და რისი არა, ეს მეორე საკითხია. პრინციპში, ეს ადამიანი აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, კონკრეტულად კი – ის მუდმივად „აწუხებს“ დასავლეთსა და მთელ მსოფლიოს საქართველოს შესახებ იდეებით და მუდმივად ახდენს საქართველოს თემის აქტუალიზაციას“, – ამბობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორი და ექსპერტი თავდაცვის საკითხებში, ნოდარ ხარშილაძე.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ კოფის ინიციატივა სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ შორსაა რეალობისგან.

„სასიამოვნო მოსასმენია ეს ლუკ კოფი. ჰოდა, ბარემ გორთან ჩააყენოს ამერიკის ჯარი“, – წერს შარაშენიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

____________________

•2018 წლის თებერვალში, Heritage Foundation-ის მკვლევარმა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა, ლუკ კოფიმ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების ახალ მოდელზე დაწერა. მისი აზრით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაჩქარება შესაძლებელია ერთი პირობით – თუკი ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას, დროებით არ გავრცელდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.

•მიმდინარე კვირაში, აშშ-ის არმიის რამდენიმე ქვედანაყოფი, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირია დატოვა, დასავლეთ ერაყში გადაინაცვლა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის თქმით, ისინი გააგრძელებენ ოპერაციებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამავდროულად, ხუთშაბათს, პენტაგონმა დაადასტურა, რომ მზად არის, დამატებითი ძალები გადაგზავნოს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ნავთობის საბადოების ტერორისტული ორგანიზაციებისგან დასაცავად.

 


ასევე წაიკითხეთ