აზერბაიჯანელებისათვის საკულტო რომანის ეკრანიზაცია - როგორებად წარმოგვაჩინეს მთელი მსოფლიოს წინაშე? " />

ალი და ნინო, ანუ ყველაფერი, რაც მათგან დარჩა

აზერბაიჯანელებისათვის საკულტო რომანის ეკრანიზაცია - როგორებად წარმოგვაჩინეს მთელი მსოფლიოს წინაშე?

როგორ ვმონაწილეობდი ამ ფილმის გადაღებაში

მჭიდროდ შემოტმასნილი კორსეტი სუნთქვას მიკრავდა და ვხვდებოდი, ძველ დროში ასე ხშირად რატომ კარგავდნენ ქალბატონები გონებას.

თებერვალი იდგა და საღამოს თხელ კაბაში მციოდა, ორმოცდაათი თმის სარჭისგან კი საღამოს გაუსაძლისად მტკიოდა თავი. სამაგიეროდ, ნამდვილ, ლამაზ, კოსტუმირებულ კინოფილმს იღებენ, ძალიან გემრიელი შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევს და თან დაქალები შურით კვდებიან, ცოცხალ, უგებიან მარია ვალვერდეს პირისპირ რომ ვუყურებ.

“ფილმ “ალი და ნინოს” გადაღებაზე შემთხვევით მოვხვდი – სტატისტის მოკრძალებული როლი მივიღე. სიმართლე გითხრათ, მოვლენის მასშტაბურობამ გამაოცა. მილიონერი ზეინალაბადინ თაღიევის სახლში გამართული მეჯლისის სცენას სამი დღის განმავლობაში – დილიდან დაღამებამდე იღებდნენ. რეჟისორის ხმაჩახლეჩილი ასისტენტები მასობრივ სცენებში მონაწილე მსახიობებს ანაწილებდნენ, ალი და ნინო კი აღმოსავლური ცეკვის შესასრულებლად გამოდიოდნენ. და საერთოდაც, ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ერთ მომენტში სურვილი გამიჩნდა დავთანხმებოდი ვლადიმირ ილიჩ ლენინს, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელოვნების დარგებს შორის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კინემატოგრაფიაა.

და, რა თქმა უნდა, “მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის მოხდა”, უბრალოდ მორალური უფლება არ მქონდა, ეს ფილმი არ მენახა და იცით რა, ვლადიმირ ილიჩ? არ ხართ მართალი.

კავკასიური რომეო და ჯულიეტა

ფილმი დაფუძნებულია ემიგრაციაში მოღვაწე აზერბაიჯანელი მწერლის, ყურბან საიდის იმავე სახელწოდების რომანზე, რომელიც გერმანულ ენაზე დაიწერა 1937 წელს და თავის დროზე დიდი აურზაური გამოიწვია. თუკი სტატიებსა და წიგნების ანოტაციებს ვენდობით, დასავლელ  მკითხველს ეს ნაწარმოები ძალიან მოეწონა. ან რატომ არ უნდა მოსწონებოდა – აქ აღმოსავლეთის ეგზოტიკური ქვეყანაცაა აღწერილი, აკრძალული ვნებაც, და გრანდიოზული ისტორიული მოვლენაც.

რომანის ცენტრში ახალგაზრდა ხანის, ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის სიყვარულია. ჭაბუკი მკაცრი წესების მიმდევარი მუსლიმია, ქალი კი თავისუფლებისმოყვარე, “ევროპეიზებული” ქრისტიანი. მოქმედება მეოცე საუკუნის დასაწყისში ხდება; ჩვენ წინაშეა ბაქო, სანავთობო ბუმი, ომი, რევოლუცია, აზერბაიჯანის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და კამათი იმის შესახებ, თუ რა უფრო სწორი იქნება – აზიურ ქვეყანაში დარჩენა, თუ ევროპისკენ სწრაფვა. სხვათა შორის, უკვე ასი წელია, რაც ამ საკითხს განვიხილავთ და ეს თემა ჯერ კიდევ ღიად რჩება. თავისი არსით, “ალი და ნინო” არის რომანი მუსლიმური და ქრისტიანული, ევროპული და აზიური ცივილიზაციების დაპირისპირებაზე, რომელიც ერთი კონკრეტული წყვილის მაგალითზეა წარმოდგენილი. ამას გარდა, ესაა რომანი სიყვარულზე, რომელიც ყველა ამ წინააღმდეგობაზე ძლიერია.

შეიძლება ითქვას, რომ ალი და ნინო სიმბოლური ნაწარმოებია მთელი სამხრეთი კავკასიისთვის. ყოველ შემთხვევაში, ალბათ ასე მიაჩნდა მოქანდაკე თამარ კვესიტაძეს, რომელიც ბათუმის ბულვარში აღმართული მოძრავი ფიგურების კომპოზიციის ავტორია. ამ სკულპტურული ნაწარმოების სახელია “ალი და ნინო”. და, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით გასაგებია, რომ როდესაც ამ რომანის მიხედვით ფილმის გადაღება გადაწყვიტეს, აზერბაიჯანში მცხოვრებ ყველა ადამიანს ინტერესი გაუჩნდა, თუ რა გამოვიდოდა ამ წამოწყებიდან.

ხმა ერისა

ფილმი 2015 წელს გადაიღო ბრიტანულმა კინოკომპანია PeaPie Film-მა. სურათის რეჟისორად ასიფ კაპადია დაამტკიცეს, სცენარი კი კრისტოფერ ჰემპტონმა დაწერა (რომელსაც, წესით, საყვედურით სავსე მზერიანი ყურბან საიდი ცხოვრების ბოლომდე უნდა ესიზმრებოდეს).

კინოსურათის აღმასრულებელ პროდუსერად ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცეპრეზიდენტი, ლეილა ალიევა მოგვევლინა, მთავარი როლების შემსრულებლებად კი ესპანელი მსახიობი მარია ვალვერდე და არაბული წარმოშობის ბრიტანელი ადამ ბაქრი შეარჩიეს.

ფილმის პრემიერა გასულ წელს შედგა ამერიკულ ფესტივალზე Sundance. მისი ნახვის შემდეგ კრიტიკოსებსა და ჟურნალისტებს აღფრთოვანებისაგან საუბრის უნარი ნამდვილად არ დაკარგვიათ.

მაგალითისთვის, კინოპორტალი Little White Lies წერს, რომ “კაპადიას ტელედრამა უფრო გამოუვიდა, რომელიც იმისთვის კი გამოდგება, რომ ერთ საღამოს ნახო ჩაის ფინჯნით ხელში, თუმცა ოსკარზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს”. ამას გარდა, ვებგვერდი რეჟისორს საყვედურობს იმის გამო, რომ ფილმის ბევრი სცენა წმინდა წყლის ფარსს ჰგავს.

თავის მხრივ, ვებგვერდი The Hollywood Reporter წერს, რომ ფილმს ყველა შანსი ჰქონდა, ყოფილიყო მშვენიერი ისტორიული მელოდრამა იმ შემთხვევაში, თუკი მსახიობები უფრო დამაჯერებლად განასახიერებდნენ სიყვარულს.

ამასთან, ორივე რესურსი (ისევე, როგორც ბევრი სხვა მედიასაშუალება) აღნიშნავს, რომ ფილმის საუკეთესო ნაწილს პეიზაჟები ქმნის. The Hollywood Reporter-მა ისიც კი აღნიშნა, რომ ბაქოს მიმდებარე ტერიტორია ძალიან ჰგავს ნავთობის ბუმის პერიოდის ტექსასს. როგორც ჩანს, ეს ერთგვარი ქათინაურია.

აზერბაიჯანში ფილმი 6 ოქტომბრიდანაა კინოგაქირავებაში და, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება. და ვიდრე მაყურებელთა ნაწილი ამ კინოსურათს ზიზღით უბზუებს ცხვირს, დანარჩენები აღფრთოვანებას არ მალავენ.

მაგალითად, Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი სხვა, ძალიან ცნობილ ეკრანიზაციასთან ავლებს პარალელებს: “სინამდვილეში ფეხზე მკიდია ამერიკის სამოქალაქო ომი, მაგრამ მას შემდეგ, რაც “ქარწაღებულნი” ვნახე, ამ თემამ დამაინტერესა. მაგრამ იქნება თუ არა საინტერესო ჩვენი რესპუბლიკის ისტორია მილიონობით საზღვარგარეთელი მაყურებლისთვის ამ ფილმის ნახვის შემდეგ? არ ვარ დარწმუნებული.”

სულ სხვანაირად ფიქრობს ცნობილი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელსაც მიაჩნია, რომ ფილმის გზავნილი დასავლური სამყაროსთვის სრულიად გასაგები იქნება და ამ კინოსურათს დადებითი ეფექტი ექნება აზერბაიჯანისთვის.

“მიხარია, რომ სცენარის საბოლოო ვერსიამ სიმართლეს არ გადაუხვია და იმ პერიოდის ყველა სისხლიანი მოვლენა და ჩვენი განმანთავისუფლებელი ბრძოლა პირუთვნელად ასახა, – წერს ხადიჯა თავის გვერდზე, – რა თქმა უნდა, ისტორიული ფაქტების უტყუარობის თვალსაზრისით, ეს ფილმი ნამდვილად არ არის იდეალური, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ კინოსურათს შეუძლია უთხრას სამყაროს ის, რაც ჩვენ გვსურს.”

“ჩემი აზრით ფილმი ძალიან უხეშადაა დამუშავებული, – ამბობს სხვა მომხმარებელი, – მე მასში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები – გრძნობები ემოციები ვერ დავინახე. იმ სცენაშიც კი, როდესაც ალის ერთ-ერთ მეგობარს კლავენ, მაყურებელს საერთოდ არ უჩნდება თანაგრძნობა.”

მავანს კი ფილმმა ჭარბი ემოციებიც კი გაუჩინა:”ძალიან მომეწონა. ფილმის ბოლოს ავტირდი კიდეც. ალბათ ჩემი სენტიმენტალურობის ბრალია ყველაფერი, არ ვიცი. და თან, ძველი ბაქოს ხედებიც ძალიან შთამბეჭდავი იყო.”

პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ

საერთოდ, რთულია, ეკრანიზაცია უწოდო ფილმს “ალი და ნინო”. სცენარისტმა ორიგინალურ სიუჟეტში საკმაოდ მკვეთრი ცვლილებები შეიტანა. და, როგორც ჩანს, ბევრი სცენა სამონტაჟოს მაგიდაზე დატოვა – ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. და ყველა ამ მანიპულაციის შემდეგ ყურბან საიდის ნაწარმოებიდან თითქმის აღარაფერი დარჩა.

მაგრამ მოდით, ყველაფერი თანმიმდევრულად გავარჩიოთ.

თუკი წიგნი წაკითხული გაქვთ, ფილმის დასაწყისში გაგიჭირდებათ მოიშოროთ იმის შეგრძნება, რომ დასაწყისი გამოტოვეთ. ანუ ფილმი რომანის დაახლოებით მე-12 თავიდან იწყება. თუკი ყურბან საიდი საკმაოდ დეტალურად აღწერს თავისი გმირების გაცნობასა და ურთიერთობის განვითარებას, ფილმში ეს ყველაფერი კადრს მიღმა რჩება. კადრში კი აღიარებების, კოცნებისა და გადახედვების ხანმოკლე სცენების კალეიდოსკოპი ჩანს. სხვათა შორის, მეჯლისის სცენა ფილმში მხოლოდ ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი და ისიც მეტწილად ტიტრების ფონზე.

შესაძლოა, სწორედ ასეთი დასაწყისის გამოა, რომ ალისა და ნინოს კინემატოგრაფიული სიყვარული არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. ან იქნებ მართალს ამბობენ დასავლელი კრიტიკოსები, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბაქრისა და ველვერდეს შორის “ქიმია არ შეინიშნება.”

თუმცა, ფილმს დინამიკურობას ნამდვილად ვერ დაუკარგავ. მოქმედება იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ თვალყურის დევნება ძალიან ძნელდება – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იცი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დაქორწინების სურვილით ანთებულ ახალგაზრდა ხანს მამის ლოცვა-კურთხევაც არ ჰქონდა მიღებული, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. და აი, ოთხი მეგობარი კამათობს, ღირს თუ არა ფრონტზე წასვლა – თუ ეს “ურჯულოების ომია”, რომელიც მათ არ ეხებათ.

მეგობრებს რაც შეეხება… ალის სამი მეგობარი ჰყავს და რომანში თითოეულ მათგანს საკუთარი ხასიათი, ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს; ფილმში კი ამ პერსონაჟებს (ისევე როგორც დანარჩენი მოქმედი პირების უმრავლესობას) პრაქტიკულად, სრულიად დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა. ფანატიკური მოლა, თავგანწირული ახალგაზრდა ოფიცერი და მოხუცი კონსერვატორი არა ცოცხალი ადამიანები, არამედ სტიკერები არიან, რომლებიც მსახიობებს შუბლებზე მიაკრეს – როგორც თამაშში “გამოიცანი ვინ არის”.

ფილმის ავტორებმა მელიქ ნახარარიანის სახეც “გაარედაქტირეს”. მელიქი სომეხი არისტოკრატია, რომელმაც ნინო მოიტაცა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მსუქანი და ანტიპათიური ნახრარარიანის როლზე კოხტა, მწვანეთვალება რიკარდო სკამარჩო შეარჩიეს. წიგნში მელიქი ალის უახლოესი მეგობარია. ფილმში კი რატომღაც თითქმის უცხო კაცად, ნინოს მამის პარტნიორად აქციეს. ამ ცვლილების შედეგად სიუჟეტის დრამატულობა მკვეთრად შემცირდა.

თუმცა, “წუთისოფელმა” არც მთავარი გმირი, ალი შირვანშირი დაინდო. რომანში ის პატივისცემას შინაგანი ბრძოლის გამო იმსახურებს. იგი ცდილობს, იპოვოს ბალანსი მისთვის საყვარელ ევროპულობასა და აზიური ტრადიციების ერთგულებას შორის; მორალსა და თანამედროვეობის მოთხოვნებს შორის. მაგრამ ფილმში ეს შინაგანი ბრძოლა საერთოდ არ არის აღბეჭდილი და ალის პერსონაჟში ფსიქოლოგიზმის ნიშანწყალიც კი არ ჩანს – მხოლოდ სროლა პისტოლეტით და ხმამაღალი ფრაზები სერიიდან “მე მიყვარს ჩემი სამშობლო!”

…სეანსი კი გრძელდება. და ვიდრე ახალგაზრდა ხანის პერსონაჟს განიხილავთ, ეკრანზე ერთმანეთის მიყოლებით კრთება კადრები. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ლამაზი კადრები. ძალიან ლამაზიც კი. აი, ალიმ უკვე მოკლა მოწინააღმდეგე, რომელიც ნინოს მოტაცებას ცდილობდა და, სისხლის აღების ტრადიციის მსხვერპლად რომ არ იქცეს, დაღესტნისაკენ გარბის. მასთან ჩადის ნინო (თითქოს დეკაბრისტის ცოლი იყოს). სასწრაფოდ ქორწინდებიან და სრულ იდილიაში ცხოვრობენ. და უცებ რევოლუციის გრიალი ისმის და აზერბაიჯანში ყველაფერი თავდაყირა დგება. ალის მტრები, გაურკვეველი მიზეზების გამო, ქრებიან და მას უკვე შეუძლია, სახლში დაბრუნდეს. ამასთან, ალის მამა, რომელიც ახალდაქორწინებულების მოსანახულებლად აულში ამოდის, ამ საბედისწერო ამბავს მოსვლის შემდეგ დაახლოებით სამი საათის შემდეგ… და იმასაც სხვათა შორის…

ალტერნატიული ისტორია

ამ მომენტისათვის, ეკრანზე განვითარებულ მოვლენებში რომ გავერკვეთ, კარგად უნდა ვიცოდეთ ისტორია; თორემ სრულიად გაუგებარია, ვინ ვის და რატომ ებრძვის. მაგრამ თუ კარგად იცით, რა ხდებოდა აზერბაიჯანში 1917-1920 წლებში, მაშინ სხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით; უფრო სწორად კი პრობლემების – მრავალი ისტორიული ლაფსუსის.
სწორედ ამ შეუსაბამობებმა აღაშფოთა მაყურებლის ყველაზე უფრო განათლებული ნაწილი. საკმარისია გავიხსენოთ ყველაზე აშკარა ლაფსუსი – აზერბაიჯანის სამფერი დროშა, რომელიც ამაყად ფრიალებს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში. საქმე ისაა, რომ იმ პერიოდისთვის (1918 წლის 28 მაისისთვის) ეს დროშა საერთოდ არ არსებობდა. ეს სიმბოლო მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ გაჩნდა. ამასთან, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების “ცერემონიის” სამხედრო ბანაკში, სადღაც სტეპებში ჩატარება საკმაოდ უცნაურ შთაბეჭდილებას ქმნის.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და საერთოდ, იმ პერიოდის კავკასიაში განვითარებული მოვლენები მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. შეიძლებოდა, იმდროინდელი ამბები სწორად ყოფილიყო აღწერილი – და ასეც უნდა აღეწერათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

და თუკი ამ ფილმს განვიხილავთ ისტორიულ კინოსურათად, რომელმაც მსოფლიოს პირველი აღმოსავლური დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და კრახის ისტორია უნდა უამბოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მისია ვერ შესრულდა. საშუალოსტატისტიკური დასავლელი მაყურებელი, რომელსაც სპეციალური ცოდნა არ აქვს, თითქმის ვერაფერს გაიგებს; იმიტომ, რომ ფილმის მიხედვით აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა რაღაც გაურკვეველ კავკასიურ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც სრულიად მოულოდნელად, ცარიელ ადგილას შეიქმნა და მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მხოლოდ ერთი ულვაშა კაცი იღებდა – გვარად ხოისკი. და ამ სახელმწიფოს მხოლოდ თავად ეს კაცი და კიდევ რამდენიმე ჭაბუკი მართავდა. შესაძლოა, ყველაზე ცნობისმოყვარე მაყურებლებმა სეანსის შემდეგ “ვიკიპედიას” მიმართონ, დანარჩენები კი უბრალოდ ხელს ჩაიქნევენ.

ძალიან ტოლერანტული ფილმი

რომან “ალი და ნინოს” მხატვრულ ღირსებაზე ნამდვილად შეიძლება კამათი, მაგრამ მასში სულ ცოტა ორი აუცილებელი ელემენტია – ლოგიკა და კონფლიქტი. ფილმში კი არც ერთია, და არც მეორე. გმირების ქმედების ლოგიკა ძალიან საეჭვოა, კონფლიქტი კი მხოლოდ აზერბაიჯანისა და რუსეთის ჩახლართული დაპირისპირებითა და ნინოს მშობლების მიერ ალის მისამართით გამოთქმული უსიცოცხლო ბუზღუნითაა წარმოდგენილი. “დაბრკოლების მთავარი ლოდი” კი (მიჯნურთა შორის არსებული რელიგიურ-კულტურული სხვაობა) “დაკარგულია”, რაც მთელ ისტორიას აზრის უდიდეს ნაწილს აცლის. გასაგებია, რომ ისლამი დღეს “მოდაში არაა”. და, შესაძლოა, ფილმის შემქმნელებს არ სურდათ ზედმეტი აქცენტი გაეკეთებინათ მკაცრ მუსლიმურ კანონებსა და, ზოგადად, ამ თემაზე. მაგრამ გვერდს ვერ აუვლი იმას, რაც არსებობს.

ეპილოგი

ფილმის დასრულების შემდეგ ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს რომელიღაც სერიალის საათნახევრიან ტრეილერს უყურე, ან მეგობარი შეეცადა, სასწრაფოდ მოეყოლა თავისი ცხოვრების ისტორია და თავადვე აებნა გზა-კვალი.

წიგნის წაკითხვის გარეშე, ფილმის ნახვას აზრი არ აქვს. უბრალოდ, ვერ მიხვდებით, რა ხდება და ვინ არიან ეს პერსონაჟები.

მეორე მხრივ კი, თუკი ჯერ არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, ნამდვილად გაქვთ შესაფერისი მიზეზი საამისოდ. ნუ გეშინიათ, ამ ნაწარმოებს ადვილად დაძლევთ ერთ დღეში. საკუთარ თავზე შევამოწმე.

გამოქვეყნდა: 20.10.2016


ასევე წაიკითხეთ