საზოგადოებაში მოქმედებს ერთგვარი დაუწერელი კანონები და შეთანხმებები" />

აზერბაიჯანული მენტალიტეტი: 5 კარგი და 5 ცუდი თვისება

საზოგადოებაში მოქმედებს ერთგვარი დაუწერელი კანონები და შეთანხმებები

სასიამოვნო ჩამონათვალით დავიწყოთ.

1. გასაოცარი გულისხმიერება

ამ ქვეყანაში შეგიძლიათ, ქველმოქმედების იმედი გქონდეთ. ოპერაციისთვის საჭირო თანხას მთელი ქვეყანა აგროვებს – როგორც წესი, ყოველგვარი დოკუმენტისა და ექიმის ცნობის გარეშე. მათხოვრებს გულუხვად ასაჩუქრებენ; მათაც კი, ვისაც მოწყალების გამღებზე უკეთ აცვია და კარგად გამოიყურება.

2. ქუჩაში უცხო ადამიანის დახმარებისთვის მზაობა

თუ ცუდად გახდებით და ქუჩაში დაეცემით, მაშინვე დაგეხმარებიან; ხოლო თუ უბრალოდ ფეხი დაგიცდებათ, სანამ დაეცემით, თქვენკენ ყოველი მხრიდან უამრავი ადამიანი გამოიქცევა და ხელს შეგაშველებენ.

არჩევანის თავისუფლების გარეშე – როდესაც აზერბაიჯანში მამაკაცებს ძალით აქორწინებენ

ბაქოს მეტროში მოკლე შორტის გამო გოგონას კინაღამ სცემეს

როგორ არ უყვართ ქართველებს გეები და უყვართ პუტინი – უკრაინელი ჟურნალისტების დაკვირვებები თბილისში

3.  უფროსისადმი პატივისცემა 

ცხადია, ახლობელ და უცხო მოხუცებსაც ყველა გაგებითა და მზრუნველობით არ ეპყრობა, მაგრამ საზოგადოებრივ ცნობიერებაში არსებობს ერთგვარი ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. მაგალითად, თუკი ახალგაზრდა უფროს ადამიანს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს, ეს საზოგადოების იმგვარ აღშფოთება იწვევს, რომ მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება.

4.  სათუთი დამოკიდებულება ქალების მიმართ 

ხუთი მუშა და ერთი გოგონა ლიფტს ელოდებიან. მუშები მორცხვად აქცევენ ზურგს ლიფტის კაბინას და გზას უთმობენ გოგონას, რომ მან მარტო იმგზავროს –  არ შეშინდეს და არ შეწუხდეს.

წარუმატებელი ბიზნესის გამო, გოგონა საგადასახადო სამსახურის ინსპექტორთანაა დაბარებული. ინსპექტორი თავს აქნევს, ეკითხება გოგონას, თუ რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი, შემდეგ მამა-შვილურად ურჩევს, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა და ბოლოს მშვიდობით უშვებს. ბუნებრივია, მის ადგილას მამაკაცი რომ ყოფილიყო, საგადასახადო სამსახურის მოხელე მას სრულიად განსხვავებულად მოექცეოდა.

5. სტუმართმოყვარეობა

კავკასიური ქვეყნისათვის ერთობ ბანალური და ჩვეულებრივი თვისებაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ჩვენთან სტუმარს არ ეკითხებიან, უნდა თუ არა ჩაის დალევა. ჩაი თავისთავად იგულისხმება. სხვა დანარჩენი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს შეუძლია სტუმარს დარჩენა.

სამწუხაროდ, ამ თვისებებს ხუთი ბრაზიანი ძმაც ჰყავთ

1. ‘მარიაჟობა’

კრედიტით ნაყიდი ძვირადღირებული სმატრფონი და გადაუხდელი კომუნალური გადასახადები? რა პრობლემაა! თუ წყლისა და ელექტროენერგიის დავალიანება არ აქვთ, მაშინ კრედიტით აუზიანი აგარაკის შეძენაც შეიძლება. აუზისთვის ფული ვეღარ გამოიძებნა, მაგრამ მოასწრეს პალმების ყიდვა, რომლებსაც ბაქოს ქარი სევდიანად არხევს.

2. ინფანტილურობა

ტრადიციული აზერბაიჯანული აღზრდა გულისხმობს ბავშვის თბილად ჩაცმას, კარგად გამოკვებას (იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბავშვს არ შია), სკოლაში ჯოხით გაგდებას, შემდეგ დიპლომის, მანქანის, მართვის მოწმობის ყიდვას, და მისთვის ცოლის (ან ქმრის) შოვნას. ცხადია, ჩვენს საზოგადოებაში ოჯახისგან დამოუკიდებელი, ყოველმხრივ თავისუფალი ადამიანიც ბევრია, თუმცა განწყობა რომ არ გაგვიფუჭდეს, ჯობს, მთელი მოსახლეობიდან  მათ პროცენტულ წილს ნუ გამოვითვლით.

• ბაქოური სასტუმროები მეპატრონეების ინიციატივით კლიენტებს ქორწინების მოწმობებს სთხოვენ

3. ქალი მთლად ადამიანი არ არის

მამაკაცები მზად არიან, დილიდან საღამომდე აქონ საკუთარი დედები, ცოლები და ქალიშვილები. და, მიუხედავად ამისა, ოჯახების უმრავლესობაში ქალი საზოგადოების დამოუკიდებელი წევრი არ არის – თითქოს მამაკაცის ერთგვარ დანამატს წარმოადგენს. ქალს, კარგი რეპუტაცია რომ ჰქონდეს, ან მკაცრი წესები უნდა დაიცვას, ან მთელი ცხოვრების განმავლობაში საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებსა და წინასწარ შექმნილ წარმოდგენებს ებრძოლოს.

4. გაუცხოება ყველაფრის მიმართ

ჩვენი ხალხი საკუთარ ბიზნესს ოჯახად არ აღიქვამს. საწარმო ოჯახი არ არის, ქუჩა ოჯახი არ არის, ხალხი კი – მით უმეტეს. ამიტომ, ისეთ დახმარებას, რომელიც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, მხოლოდ ნათესავებს უწევენ, სხვა შემთხვევაში კი – მოქმედებს პრინციპი ‘ეს მე არ მეხება.’

5. ფარისევლობა

ჩვენში განსაკუთრებულად მოწონთ საჩვენებელი თითის სხვისკენ გაშვერა. ამიტომაცაა, რომ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში წლების განმავლობაში კიცხავენ პარკში, სკამებზე ‘მოკოცნავე’ ახალგაზრდებს, ქორწინებამდე სექსსა და ‘გარყვნილების’ სხვა გამოვლინებებს; ოღონდ, ამ ჭორიკნებს არასდროს ახსოვთ საკუთარი დიდ ან პატარა ცოდვები.

P.S. ავტორს არ მიაჩნია, რომ ეროვნული კუთვნილება ადამიანის თვისებებს განსაზღვრავს. თუმცა, საზოგადოებაში მოქმედებს ერთგვარი დაუწერელი კანონები და შეთანხმებები, და თუ პირადად თქვენ მათ არ იცავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს წესები არ არსებობს. ეს არ ეხება ქალაქის ნათელ ოფისებში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც რომში არიან ნამყოფები და მარკესი წაუკითხავთ – სრულიად ჩვეულებრივ, უბრალო ხალხს ვგულისხმობ – მუშებს, გამყიდველებსა და მედდებს. და ვისაც ეჭვი გეპარებათ, დაეშვით ღრუბლებიდან მეტროში და გაესაუბრეთ.

გამოქვეყნდა 17.04.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ