რუსეთი აზერბაიჯანის ეკონომიკაში ინვესტირებას გააგრძელებს, აზერბაიჯანი კი - რუსეთისგან იარაღის ყიდვას " />

ალიევისა და პუტინის შეხვედრა: ხელმოწერილია 6 „საგზაო რუკა“

რუსეთი აზერბაიჯანის ეკონომიკაში ინვესტირებას გააგრძელებს, აზერბაიჯანი კი - რუსეთისგან იარაღის ყიდვას

ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 1 სექტემბერს რუსეთის ქალაქ სოჭში შეხვდნენ. ხელმოწერილ დოკუმენტებს შორის არის 2024 წლამდე თანამშრომლობის პროგრამა და ექვსი „საგზაო რუკა“ სრულიად სხვადასხვა მიმართულებით.

„საგზაო რუკები“ ვაჭრობისა და კონტრ-ინვერსტიციების ზრდასა და სხვადასხვა სფეროში ჰუმანიტარულ ურთიერთქმედებებს გულისხმობს, მათ შორის – კულტურულ და ტურისტულ ურთიერთგაცვლებსა და ნავთობის სექტორსაც.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესისთვის განკუთვნილ თავის გამოსვლაში აზერბაიჯანის ბაზარზე მომუშავე რუსული კომპანიები და მათ მიერ აზერბაიჯანის ეკონომიკაში ინვესტირებული თანხები დაასახელა. მან ასევე ახსენა „ჩრდილეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო კორიდორი, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე გადის. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ აზერბაიჯანს სომხეთთან არსებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის დახმარების იმედი აქვს. ვლადიმირ პუტინმა დარწმუნებით განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად ყველა ღონეს იხმარს.

ილჰამ ალიევმა ასევე გაიხსენა, რომ აზერბაიჯანმა უკვე შეიძინა რუსეთისგან 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დანიშნულების პროდუქცია, და ამ სფეროში თანამშრომლობა გრძელდება.

მთლიანობაში, ორი პრეზიდენტის შეხვედრის ლაიტმოტივად რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთსიმპათიის გამოხატვა იქცა.


ასევე წაიკითხეთ