ათწლიანი პატიმრობა გრაფიტის გამო

22 წლის აქტივისტს ძეგლზე წარწერა ძვირად დაუჯდა

ჰეიდარ ალიევის ძეგლზე წარწერა “გილოცავთ “მონის დღესასწაულს” ა.წ. 10 მაისს, ექსპრეზიდენტის დაბადების დღეს გამოჩნდა. იმავე დღეს დააპატიმრეს ახალგაზრდა აქტივისტები, გიიას იბრაჰიმოვი და ბაირამ მამედოვი. სწორედ მათ მიაწერენ ამ სკანდალური გრაფიტის ავტორობას. ახალგაზრდები ნარკოვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. 25 ოქტომბერს კი გიიას იბრაჰიმოვს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ყურადსაღებია, რომ მანამდე პროკურორი იბრაჰიმოვისთვის ცხრაწლიანი პატიმრეობის შეფარდებას ითხოვდა.

სოციალურ ქსელებში ახალგაზრდა აქტივისტებს ხან “ძეგლის პატიმარს უწოდებენ, ხანაც “გრაფიტის პატიმარს”. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ეს ავბედითი წარწერა ქალაქის კიდევ რამდენიმე კედელზე გაჩნდა.

“არამზადები! 22 წლის სტუდენტის ეშინიათ”, – წერს თავის გვერდზე ცნობილი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ჰადიჯა ისმაილი.

“ექვს თვეს, ან ერთ წელიწადს გაატარებს ციხეში და ცნობილ მეამბოხედ დაგვიბრუნდება. შეიწყალებენ. ეს არის “ოპოზიციონერების” კონვეირული წარმოების მეთოდი,” – წერს “ფეისბუკის” ერთ-ერთი მომხმარებელი.

“ვამაყობ ჩემი ვაჟით. გიიასი ახალგაზრდაა. მისთვის 10 წელი არაფერია. ილხამ ალიევმა ჩემს შვილს ცხოვრების 10 წელი წაართვა იმისთვის, რომ თანამდებობაზე საკუთარი ვაჟი დანიშნოს,” – ამბობს გიიასის დედა, შურა იბრაჰიმოვა, – მაგრამ არაუშავს, აზერბაიჯანში გიიასის მსგავსი კიდევ ბევრია. მისი სახელი ისტორიას დარჩება; მაშინაც კი, თუ თავად აღარ იქნება ცოცხალი.”

ადვოკატ ელჩინ სადიხოვის თქმით, სასამართლო პროცესს “თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა”. სახეზე იყო მრავალი დარღვევა. “კანონის საწინააღმდეგოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე გამოცხადდა; ამას გარდა, გიიასს საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელობა ემუქრებოდა,” – ამბობს ადვოკატი. სადიხოვის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საბოლოო მოსმენაზე წარმოსათქმელი სიტყვის ტექსტური ჩანაწერიც წაართვეს. სადიხოვს გადაწყვეტილი აქვს, იბრაჰიმოვის გათავისუფლებას მიაღწიოს.

“აზერბაიჯანში დღემდე არნახულ პრაქტიკას იყენებენ. დღეს ბრალდებულს ის სასჯელი შეუფარდეს, რომელიც ბრალმდებელის მიერ მოთხოვნილს აღემატებოდა,” – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი და უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი.

უკანასკნელ პროცესზე ერთ-ერთ მოწმედ გამოიძახეს ყოფილი პოლიტპატიმარი და აქტივისტი, რაშადატ ახუნდოვი. მისი თქმით, საბოლოო სიტყვით გამოსვლისას გიიასმა წარმოთქვა ფრაზა: “მე აქ არ უნდა ვიმყოფებოდე”, რაზედაც სასამართლოს თავმჯდომარემ, ენვერ სეიდოვმა სიცილით მიუგო: “აბა სად უნდა იმყოფებოდე?”

თავის საბოლოო სიტყვაში გიიასმა აღნიშნა: “არ ვაპირებ თავი დავიცვა იმ ბრალდებისგან, რომელიც წამიყენეს. ყველა ნამუსიანმა ადამიანმა იცის, რომ ჩემი დაპატიმრების ჭეშმარიტი მიზეზი იყო ცივილიზებული პროტესტი იმ განუკითხაობის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. მე არ დამირღვევია დაწერილი კანონები, მაგრამ ამ სისტემას დაუწერელი კანონები აქვს, რომლებიც მონობას თავისუფლებად წარმოაჩენს. როდესაც ამ დაუწერელ კანონებს არღვევ, ძნელია, თავი აარიდო “სასჯელს”. ადამიანებს, რომლებიც დაუწერელ კანონებს არღვევენ, ცილისმწამებლური ბრალდებებით აპატიმრებენ. ხშირად გვეუბნებიან, რომ თავი ჩვენვე ჩავიგდეთ ამ დღეში. კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეა. თავები ჭაში ჩავიტყუეთ, რადგანაც იმედი გვქონდა, რომ წყალს ვიპოვიდით და ამ სიბინძურეს მოვიბანდით. შეიძლება დავიხრჩოთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ წყალს ვიპოვით.”

ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებებმა დაპატიმრების ცნობა ისე წარმოაჩინეს, როგორც ჩვეულებრივი ამბავი სასამართლოს მორიგი, რიგითი გადაწყვეტილების შესახებ და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბრალდებული ახალგაზრდული მოძრაობა NIDA-ს წევრია. პროსახელისუფლებო მდიამ დეტალურად წარმოადგინა ბრალდების ყველა მუხლი. ძეგლზე გაკეთებული წარწერა არც კი უხსენებიათ. haqqin.az-იც კი, რომელიც, როგორც წესი, დიდი ენთუზიაზმით აკრიტიკებს ოპოზიციას, ამჯერად სიტყვაძუნწი აღმოჩნდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმეს ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა Amnesty International, Human Rights Watch და სხვ. მათ აღნიშნეს, რომ განაჩენი პოლიტიკური და არადემოკრატიულია.

22 წლის ახალგაზრდას ათწლიანი პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ მან ჰეიდარ ალიევის ძეგლს მიაწერა “გილოცავთ მონის დღეს”. ამ საკითხთან დაკავშირებით Freedom House აცხადებს: “22 წლის გიიას იბრაჰიმოვისთვის გამოტანილ განაჩენს წინ უძღოდა წამება და ფიქტიური ბრალდება ნარკოტიკებით ვაჭრობის ფიქტიური ბრალდება, – ამბობს საერთაშორისო პროგრამის ვიცეპრეზიდენტი, რობერტ ჰერმანი, – სახელმწიფო შეუწყნარებლობას იჩენს ნებისმიერი ტიპის დისიდენტური და თავისუფალი მოსაზრების მიმართ, რაც იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის ეშინია“.

გამოქვეყნდა 26.10.2016


ასევე წაიკითხეთ