ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "მცირე და ეფექტური" მთავრობის სტრუქტურა წარმოადგინა" />

საქართველოში გაუქმდა დევნილთა, კულტურისა და სპორტის და სასჯელაღსრულების სამინისტროები

ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "მცირე და ეფექტური" მთავრობის სტრუქტურა წარმოადგინა

საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს  პირველად ჩაატარა მთავრობის სხდომა და ახალი სამთავრობო სტრუქტურა წარადგინა.

ახალი სტრუქტურის თანახმად, საქართველოში 14-ის ნაცვლად იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი:

1.  კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეუერთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს.

3. გაუქმდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო. ამ სამინისტროს ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდა: დევნილთა განსახლებაზე და მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იზრუნებს, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაიბარებს, ხოლო სოციალურ პოლიტიკას ჯანდაცვის სამინისტრო შეითავსებს. ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატს შეუერთდება.

მცირე და ეფექტური მთავრობის შექმნა ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა.

მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია ვინ ჩაუდგება სათავეში განახლებულ სამინისტროებს. როგორც პრემიერი ბახტაძე ამბობს, განახლებულ მთავრობაში, რომელიც პარლამენტს რამდენიმე კვირაში წარედგინება დასამტკიცებლად, ბევრი  ახალი სახე იქნება.

პირველი კითხვა, რომელიც ჟურნალისტებმა ბრიფინგზე პრემიერს დაუსვეს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეეხებოდა. სწორედ ამ მინისტრის მოხსნას ითხოვს უკვე რამდენიმე კვირაა სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია. წულუკიანის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ისინი მიიჩნევენ, რომ წულუკიანის მინისტრობის პერიოდში სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემები დაგროვდა,  რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების გამოუძიებელ საქმესთან დაკავშირებით.

_________________

•  იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებები ამოქმედდეს, პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება უნდა მიიღოს. სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას პარლამენტი მიმდინარე კვირას დაიწყებს.  

•  მთავრობა, რომელიც 20 ივნისს ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა და რომელიც პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, დროებითია. დაახლოებით ორ კვირაში ბახტაძე ახალ მთავრობას წარმოადგენს, სადაც უკვე 14-ის ნაცვლად, 11 მინისტრი იქნება. ვინ დაკარგავს მინისტრის პორტფელს და ვინ იქნება მთავრობის ახალი სახე, ამას პრემიერი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. 

•  საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და მის მიერ წარმოდგენილ დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ