ამ ორი რამის შეთავსება შეუძლებელია, - მიაჩნია ეკონომისტ ვლადისლავ ინოზემცევს" />

თვალსაზრისი: სომხეთმა ან რეფორმები უნდა აირჩიოს, ან – რუსეთთან კავშირი

ამ ორი რამის შეთავსება შეუძლებელია, - მიაჩნია ეკონომისტ ვლადისლავ ინოზემცევს

REUTERS/Gleb Garanich

ერევანში ახლახან მომხდარი მოვლენები – სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის დაპატიმრება და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მოქმედი გენერალური მდივნის, იური ხაჩატუროვის დაკავება, შემდეგ კი მისი თავდებით გათავისუფლება, შესაძლოა, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მიმართულების შეცვლის მიზეზად იქცეს.  

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლში სომხეთის ახალი ხელისუფლების მიმართ უფრო მეტი სიმპათიით არიან განწყობილები.

მიზეზი ის კი არ არის, რომ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით განვითარებულმა სახალხო გამოსვლებმა დაანგრია „მემკვიდრეობითობის“ სქემა, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ვლადიმირ პუტინის „უკვდავყოფის“ საშუალებად არის მიჩნეული.   

და არც ის, რომ სომხეთში მომხდარი გარდაქმნები რუსეთის მსხვილ ბიზნეს ინტერესებს სერიოზულად შეეხო.  

პრობლემა ისაა, რომ სომეხმა რეფორმატორებმა შეუტიეს ყველაზე „წმინდას“, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს: ხელისუფლების წარმომადგენლების „ბუნებრივ“ უფლებას, რომ ხალხი გაძარცვონ, ქვეყანას თავიანთი საკუთრებასავით მოექცნენ და ამავდროულად, სრულიად დაუსჯელები დარჩნენ.

ამგვარი სიტუაცია გუშინ არ შექმნილა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახლად წარმოქმნილი დამოუკიდებელი ქვეყნების სიმდიდრის ერთპიროვნულად განკარგვა, ცალკეული ლიდერების თუ არა, მათი პოლიტიკური ელიტების მთავარ მოტივს წარმოადგენდა.

პოსტსაბჭოთა პირველ ათწლეულშივე „ეს ახალი წესი“ ყველგან დამკვიდრდა. პოლიტიკა ფულის ეკვივალენტად იქცა, ბევრ შემთხვევაში კი – კრიმინალისაც. რუსეთი ამ ფონზე მხოლოდ მასშტაბით არის გამორჩეული.

კრემლის სისტემა „ჩვენიანი – სხვისიანი“ შეუცდომლად ადგენს მტრებს.

ერთადერთი, ვისაც კრემლი ვერ პატიობს და ვერც ვერასდროს აპატიებს, აღმოჩნდა 2004-2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. და საქმე მხოლოდ სამხრეთ ოსეთში მომხდარ ომს არ ეხება, რომლითაც მოსკოვმა მხოლოდ იხეირა, რადგან საქართველოში შეჭრის მიზეზი გაუჩნდა. მიზეზი სააკაშვილის მიერ კორუფციასთან და კრიმინალთან  რადიკალური ბრძოლა იყო – როგორც თავის სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

სომხეთის ახალ პრემიერს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში თითქმის ყოველ კვირას ხვდებიან, მაგრამ ის იქ „თავისიანად“ არ მიაჩნიათ.

მოსკოვმა გონივრული უყურადღებობა გამოიჩინა ( ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) ხელისუფლებაში მისი მოსვლის მეთოდის მიმართ. მაგრამ სომხეთის ნორმალურ ქვეყნად – არაკორუმპირებულ, კონკურენტული ეკონომიკის მქონე, და გასაგები პროცედურით ხელისუფლების ცვლად სახელმწიფოდ გადაქცევა კრემლის გეგმებში ყველაზე ნაკლებად შედის.

შესაძლოა, მოსკოვი ძალიან დაინტერესებული იყოს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური და სამხედრო გავლენის შენარჩუნებით, და ამისთვის რაიმეს გასაწირადაც კი მზად იყოს, მაგრამ კრემლი იმ სისტემის მოშლას ვერ დაუშვებს, რომელიც თავისთვის ერთადერთ მისაღებ სისტემად მიაჩნია.

რუსეთთან კავშირები (თანაც არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური, არამედ უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური) სომხეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია – და, როგორც ჩანს, ერევანში ეს ესმით. უნდა ეცადონ, რომ ეს ურთიერთობები შეინარჩუნონ – მაგრამ იმის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ პატიოსანი პოლიტიკოსის ადგილი გამოიძებნება იმ „მრგვალ მაგიდასთან“, რომელთანაც ის ჯერჯერობით დაშვებულია.

„არაჩვენიანის“ გამოჩენის მაუწყებელი სიგნალი ჯერჯერობით ხმამაღლა არ გაისმის, თუმცა ამ ხმამ უკვე მიაღწია ყველამდე, ვისთვისაც ის გამიზნული იყო.

მოსკოვში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანი თავის მტრებთან „ანგარიშს გაასწორებს“ (ესეც პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ტრადიციებშია, და ამიტომ, შესაძლოა, ნორმალურად მიიჩნიონ) – და შემდეგ სამყაროს ამ ნაწილის ლიდერებისთვის ჩვეულ გზას დაადგება.

მაგრამ თუკი ეს ვარიანტი სომხეთის ახალი ხელმძღვანელობის გეგმებში არ შედის – ისინი უკვე ახლავე უნდა დაფიქრდნენ მომავალზე.

მათ ყურადღება ორ ამოცანაზე უნდა გაამახვილონ;

პირველი – ეს არის მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ჯერ არ დაწყებულა, და ალბათ ახალ არჩევნებამდე არც დაიწყება.

მეორე ამოცანაა – ეთნიკური სახელმწიფოს მოდელიდან გადახვევა, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელობა იმედს დიასპორაზე ამყარებს, საზღვარგარეთ კი პრაქტიკულად მხოლოდ ბიზნესში, მეცნიერებასა და კულტურაში წარმატებულ თანამემამულეებს ხვდება.  

შეძლებს კი ამას სომხეთის ახალი ხელმძღვანელობა? მინდა მჯეროდეს. მაგრამ არ უნდა დაივიწყონ, რომ თუკი რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის „ჩვენიანად“ დარჩენას მოახერხებენ, მაშინ ნამდვილად ვერ შეძლებენ.


ასევე წაიკითხეთ