ამიერიდან მეჩეთები სათვალთვალო ვიდეოკამერებით აღიჭურვება " />

აზერბაიჯანში უკანონო რელიგიური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება

ამიერიდან მეჩეთები სათვალთვალო ვიდეოკამერებით აღიჭურვება

გასულ წელს უკანონო რელიგიური პროპაგანდისთვის აზერბაიჯანის 142 მოქალაქეს იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, – ნათქვამია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ანგარიშში.

დაკავებულ მოქალაქეებს „აღმოუჩინეს და ამოიღეს 3 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 145 კომპაქტური დისკი, 356 ბროშურა, რელიგიური ლიტერატურის 5 185 ეგზემპლარი, რომელთა წარმოება და იმპორტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის ქალაქებისა და სოფლების 53 მეჩეთში უკვე დაიდგა 230 სათვალთვალო ვიდეოკამერა – ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება.

უკანონო რელიგიური საქმიანობის აღკვეთის ბოლო მცდელობა ბაქოს შემოგარენში, დაბა ბუზოვნაში გასულ კვირას მოხდა. თებერვლის ბოლოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დაურეგისტრირებელ სამლოცველო სახლს „იმამ ზეინალაბდინ“- ს საქმიანობა აუკრძალეს. ამ სახლის წინამძღვარს ფახად ახმედოვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, საქმე სასამართლოს გადაეცა.

აზერბაიჯანში რელიგიური წარმონაქმნების სახელმწიფო რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია კავკასიის მუსლიმთა სულიერი სამმართველო. ამ სამმართველოს მონაცემებით, ამჟამად აზერბაიჯანში 793 რელიგიური დაჯგუფებაა დარეგისტრირებული. მათ შორის 765 ისლამურია, 17 ქრისტიანული, 8 – იუდეური, 2 ბაჰაისტური და ერთი – კრიშნაიტული.

 

აზერბაიჯანში მოქმედებს 2250 მეჩეთი, მათ შორის 136 დედაქალაქში მდებარეობს. ქვეყანაში ასევე არის 14 მოქმედი ეკლესია და 7 სინაგოგა. საგულისხმოა, რომ ოფიციალურად დარეგისტრირებულია 748 საკურთხეველი და თაყვანისცემის ადგილი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ