თეატრ ADO -ს, უკვე ორი წელიწადია, ქუჩის წარმოდგენების დადგმის უფლებას არ აძლევენ, და არც განუმარტავენ - რატომ " />

ბაქოს თეატრი ქუჩაში გამოსვლის უფლების მისაღებად, კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის

თეატრ ADO -ს, უკვე ორი წელიწადია, ქუჩის წარმოდგენების დადგმის უფლებას არ აძლევენ, და არც განუმარტავენ - რატომ

ფოტო: ფრაგმენტი სპექტაკლიდან „ქორწილი“,ილკინ სალიფოვის ფოტო

კერძო თეატრმა ADO-მ აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა, და მოითხოვს, რომ ქუჩის წარმოდგენების ჩატარებასთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი გასცენ. უკვე ორი წელიწადია, თეატრი ამ უფლების მოპოვებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით, განმარტებების გარეშე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი უარი აქვს მიღებული.

• ანდეგრაუნდული ხელოვნება აზერბაიჯანში  – ცენზურა მხარდაჭერის სანაცვლოდ

• „ბრმა გუნდი“ სომხეთში

• ფუეტე ქართულად:ფოტო-ისტორია სამ ნაწილად

 „უხამსი“ თეატრი ADO

АDО – აზერბაიჯანის ერთ-ერთი არცთუ მრავალრიცხოვან კერძო თეტრთაგანია. მის რეპერტუარში, ძირითადად, „არაფორმალური“ დადგმებია, ბუფონადა, ექსცენტრიკა; ზოგჯერ -ეროტიკის ელემენტებით. აზერბაიჯანში АDО-ს ხელოვნება ბევრს უცნაური და უხამსი ეჩვენება. 

თეატრი, ექვსი წელიწადია, არსებობს. მთელი ამ დროის განმავლობაში მას კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. გასულ წელს, როდესაც ADO-ს შენობის პრობლემები ჰქონდა, სამინისტრომ მას „საკუთარი ფრთის ქვეშ შეფარება“ შესთავაზა, ოღონდ იმ პირობით, რომ სპექტაკლები ცენზურას დაექვემდებარებოდა.

„ბრძოლა ქუჩისთვის“

2019 წლის 26 სექტემბერს ADO-ს მხატვრულმა ხელმძღვანელმა ელმინ ბადალოვმა სამინისტროს წარმომადგენლის ქენულ ჯაფაროვასგან საბოლოო „არა“ მიიღო. ამავდროულად მან არანაირად არ განმარტა უარი და მის ოფიციალურად, წერილობით გაფორმებაზეც უარი განაცხადა.

ამის შემდეგ ერთ დღეში ელმინ ბადალოვი ერთ-ერთ ღონისძიებაზე კულტურის მინისტრ აბულფას გარაევს შეხვდა, და ყველაფერი, რაც დაგროვილი ჰქონდა, მას უთხრა.

„მინისტრს აკრძალვის მოხსნა მოვთხოვე, და საერთოდ – გადადგომა. ჩვენი კულტურის ყველა პრობლემა ჩამოვუთვალე,სანამ დარბაზიდან გავიდოდა, უკან მივძახოდი. და ამას ყველა ღონისძიებაზე გავაკეთებ, ვიდრე ამ აკრძალვას არ მოგვიხსნიან“, – დაწერა  ბადალოვმა თავის Facebook-გვერდზე.

იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამის შემდეგ, JAMnews-ს თეატრის ადვოკატმა სამირა აგაევამ უამბო:

 „ჩვენ, მოქალაქეების სარჩელების განხილვის უფლების საფუძველზე, სასამართლოს ოფიციალური დასაბუთებული პასუხის მიღების მოთხოვნით მივმართეთ. ანუ ჩვენ გვინდა, რომ თეატრს წერილობითი ფორმით აუხსნან, რატომ ეუბნებიან უარს. თუ პასუხი არ დაგვაკმაყოფილებს, სარჩელს ყველა ზემდგომ ინსტანციაში შევიტანთ, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით. თუკი შედეგს არც ეს გამოიღებს, ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოში ვიჩივლებთ, და მაშინ უკვე სარჩელი თვითგამოხატვის უფლების დარღვევას შეეხება“.

 ADO ჯერ კიდევ აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხს ელოდება.

ბაქოში ქუჩის წარმოდგენები პრაქტიკულად არ ტარდება, იმ დადგმების გამოკლებით, რომლებიც ოფიციალურ დონეზეა ორგანიზებული.  


ასევე წაიკითხეთ