ასტრონომმა დიმიტრი ჩულკოვმა ბაქოში უნებართვო ფოტოგადაღების გამო ათი დღე ციხის საკანში გაატარა " />

აზერბაიჯანში დაკავებული რუსი მეცნიერი სამშობლოში დაბრუნდა

ასტრონომმა დიმიტრი ჩულკოვმა ბაქოში უნებართვო ფოტოგადაღების გამო ათი დღე ციხის საკანში გაატარა

რუსეთის სამეცნიერო აკადემიის ასტრონომიის ინსტიტუტის თანამშრომელი დიმიტრი ჩულკოვი აზერბაიჯანში ათდღიანი პატიმრობის შემდეგ, თავის ქვეყანაში დაბრუნდა.

ჩულკოვი აზერბაიჯანში იანვრის დასაწყისში პირდაპირი რეისით მოსკოვი-განჯა ჩაფრინდა. შემდეგ ის გაემართა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების შესასწავლად და გადასაღებად, კერძოდ გოიგოლის ტბაზე, რომელიც 2008 წელს ნაკრძალად და ეროვნულ პარკად გამოცხადდა და ამ ზონაში შესვლა შეიზღუდა.

ჩულკოვი მალე დაცვამ შეამჩნია და მოსთხოვა გადაღებები შეეწყვიტა. დაცვის თქმით, მეცნიერი არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას და სამართალდამცავმა ორგანოებმა დიმიტრი ჩულკოვზე შეგროვებული მასალა სასამართლოს გადასცეს. 5 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 535-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლომ ის 10 დღით დააპატიმრა.

განჯაში იმ სასტუმროს მეპატრონემ, სადაც ჩულკოვი ცხოვრობდა, რუსეთის სააგენტო  РИА Новости-ის განუცხადა, რომ ჩულკოვი მას შემდეგ დაიჭირეს, როცა ის დაცულ ზონაში შევიდა. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელთა ჯგუფი მასთან სასტუმროში ჩავიდა. მეპატრონეს სტუმრის შესახებ კითხვები დაუსვეს და მისი ყველა ნივთი ჩამოართვეს.

ჩულკოვის მეგობარს კონსტანტინ მალანჩევს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მის მეგობარს გამიზნულად შეეღწია აკრძალულ ობიექტზე – „ის გამხდარია, დაბალი, არ არის მიდრეკილი ღობეებზე ხტომისკენ, არ არის ავანტიურისტი“ – თქვა მან. მისი სიტყვებით, მეცნიერს შეეძლო შესულიყო ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც მანამდე სხვა ტურისტები უკვე დაკავებულები ჰყავდათ. მან აღნიშნა, რომ შეიძლება ჩულკოვმა არ იცოდა, რომ ეს აკრძალული ობიექტი იყო.

„ის აცდა ბილიკს, აკვირდებოდა რაღაცას ბინოკლით, და რადგან აზერბაიჯანს დაძაბული დამოკიდებულება აქვს სომხეთთან, ის სამხედროებთან დააკავშირეს“, – ვარაუდობს მალანჩევი. მან დაამატა, რომ 6 იანვრიდან ჩულკოვი არ შედიოდა ინტერნეტში, არ პასუხობდა ზარებს. მალანჩევის თქმით, საელჩო არ დაუკავშირდა ჩულკოვის ნათესავებს მანამდე, სანამ მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში არ გამოქვეყნდა ინფორმაცია.

ახალ ამბებში ამის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ, ჩულკოვის დედას დაუკავშირდა ადამიანი, რომელიც საელჩოს თანამშრომლად გაეცნო. როგორც მალანჩევი ყვება, მან ითხოვა „არ აეტეხათ ხმაური და არ შეწუხებულიყვნენ“ – მას უთხრეს, რომ დიმიტრი „ცოცხალია, ჯანმრთელადაა და რუსეთში მალე დაბრუნდება“.  ქალმა სთხოვა დაედასტურებინათ ეს – ამის შემდეგ მას დაუკავშირდნენ აზერბაიჯანული ნომრიდან, უცხო ადამიანმა ყურმილი გადასცა ჩულკოვს.

„დიმამ თქვა, რომ ის დააკავეს, მას აჭმევენ და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არ სცემენ“, – შეგვატყობინა მალაშევმა. მისი თქმით, დიმიტრი ცოტა ხნის წინ სომხეთში ჩავიდა, რაც, შეიძლება, ასევე „არ მოსწონებოდათ“ სპეცსამსახურებს, წერს TV  «Дождь»-ი.

 

 

 


ასევე წაიკითხეთ