ფასის ზრდას ეკონომიკური კრიზისით ხსნიან " />

აზერბაიჯანში ბენზინი გაძვირდა

ფასის ზრდას ეკონომიკური კრიზისით ხსნიან

აზერბაიჯანში АI-92 (Regular) მარკის ბენზინის ფასმა მოიმატა. ამ გადაწყვეტილების შესახებ 14 ივლისს გვიან ღამით სატარიფო საბჭომ გამოაცხადა (აზერბაიჯანში საწვავის ფასს სახელმწიფო არეგულირებს).

15 ივლისიდან ავტომობილის მფლობელებს შორის ყველაზე პოპულარული მარკის ბენზინის 1 ლიტრი უკვე, 0,70-ის ნაცვლად, 0,90 მანატი (0,52 დოლარი) ღირს. ამგვარად ბენზინი 28,5 პროცენტით გაძვირდა.

გაძვირება SOCAR-ის საექსპორტო შესაძლებლობების შემცირებით და ქვეყანაში სავალუტო გადარიცხვების კლებით არის მოტივირებული. “AI-92 მარკის ბენზინი გაძვირდა ქვეყანაში წარმოებული ბენზინის ხარისხის ევროპულ სტანდარტებამდე მიახლოების, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების, ქვეყანაში ბენზინზე მზარდი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების, ნავთობგადამამუშავებელი სფეროს მოდერნიზაციის აუცილებლობის მიზნით, ასევე მანატის დევალვაციისა და SOCAR-ის საექსპორტო შესაძლებლობების შემცირების გამო”, – ნათქვამია სატარიფო საბჭოს ვებგვერდზე.

ამასთან, სატარიფო საბჭო აღნიშნავს, რომ ბენზინზე ფასის გაზრდის შემდეგაც კი, დასთ-ს უმეტესი ქვეყნისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ფასებთან შედარებით, ეს ფასი მაინც დაბალია :

AI-92 მარკის ბენზინის ფასი საქართველოში 0,86 დოლარს შეადგენს, რუსეთში – 0,61-ს, ყაზახეთში – 0,43-ს, ბელარუსში – 0,59, უკრაინაში – 0,98 დოლარს.

ეკონომიკის დოქტორი გუბად იბადოღლუ მიიჩნევს, ფასების ზრდა მხოლოდ AI-92 მარკით არ ამოიწურება, მალე სხვა მარკების ბენზინსა და დიზელის საწვავზეც უნდა ველოდოთ ფასის მატებას.

“უახლოეს ხანში კერძო ტაქსებით მგზავრების გადაყვანის საფასურიც გაიზრდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც, რადგან მოიმატებს მათი გადაყვანის თვითღირებულება. გარდა ამისა, ბენზინის ფასის ზრდა ძირითადი მოხმარების საქონელზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რადგან მათი გადატანის თვითღირებულებაც მოიმატებს. წლის მეორე ნახევარში ინფლაციის ტემპი გაიზრდება”, – წერს იბადოღლუ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის – ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში ინფლაციის ტემპმა წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 14% შეადგინა.

ეკონომისტმა ტორღულ ველიევმა გამოცხადებული მიზეზების ოფიციალურ ციფრებთან შეუსაბამობაზე მიუთითა: “ბენზინზე ფასის ზრდის მიზეზთა შორის SOCAR-ის (სახელმწიფო ნავთობის კომპანია) საექსპორტო შესაძლებლობების შეზღუდვა სახელდება. მთელი 2016 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა ექსპორტზე გაიტანა 4,5 ათასი ტონა AI-92 მარკის ბენზინი, 2017 პირველ სამ თვეში კი – უკვე იმავე მარკის 5,5 ათასი ტონა ბენზინი”.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ბენზინზე ფასების მომატებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ირონიულ კომენტარებს აკეთებენ:

“ფეხით უფრო მეტს ვივლით. მადლობა ხელისუფლებას ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის”.

“ამ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად შეეძლოთ სხვა დღე შეერჩიათ. 14 ივლისი ხომ ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის დღეა. ეს ხომ პროვოკაციაა!”

“ვიბუზღუნებთ ორ დღეს და მივეჩვევით. პირველად ხომ არ ხდება”.

ბაქოს მაღაზიებში კვების პროდუქტებზე ფასები ძველებურია. პროდუქტების მაღაზიის მფლობელის აზრით, ფასები აუცილებლად მოიმატებს, თუკი გადაწყდება, რომ დიზელის საწვავიც გაძვირდება, რადგან იმ სატვირთო ავტომობილების უმეტესობა, რომლებიც მაღაზიებს პროდუქტებით ამარაგებენ, სწორედ ამ საწვავს იყენებს.


ასევე წაიკითხეთ