და რატომ რჩება ბევრი მათგანი იქ საცხოვრებლად?" />

რატომ მიდიან აზერბაიჯანელი ახალგაზრდები სასწავლებლად თურქეთში?

და რატომ რჩება ბევრი მათგანი იქ საცხოვრებლად?

თურქეთში 15 ათასი აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს.

“თურქეთში უცხოელი სტუდენტების უმრავლესობას აზერბაიჯანელები შეადგენენ” 

– ამბობს თურქეთში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში, აბდულგაფურ ბიოიუკფირატი.

2016/2017 სასწავლო წელს აზერბაიჯანში სულ 170 740 სტუდენტი სწავლობდა. გამოდის, რომ ყოველი მეთორმეტე აზერბაიჯანელი აბიტურიენტი სასწავლებლად თურქეთში მიემგზავრება და ბევრი მათგანი იქვე რჩება საცხოვრებლად.

უკვე 12 წელია, რაც აკიფი თურქეთში ცხოვრობს. მან აქ უმაღლესი განათლება მიიღო, სამსახური იშოვა და დაქორწინდა – როგორც თავად ამბობს, „ცხოვრება მოიწყო“ – ამჟამად აკიფისთვის აზერბაიჯანი უბრალოდ ისტორიული სამშობლოა.

“წინაპრების მიწაზე საკუთარი თავი ვერ ვიპოვე. უნივერსიტეტი დავასრულე, სამშობლოში დავბეუნდი და რვა თვის მანძილზე ვეძებდი სამსახურს – საბოლოოდ მივხვდი, რომ არაფერი გამომივიდოდა. ამიტომ ანკარაში დავბრუნდი. ახლა ერთ-ერთ კომპანიაში ჩემი სპეციალობით, გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობ. ყველაფერი კარგად მაქვს. დედაჩემიც აქ გადმოვიყვანე – იმისთვის, რომ იქ მარტო არ დამეტოვებინა, მაგრამ დედა ხშირად ითხოვს ხოლმე, რომ სიკვდილის შემდეგ სამშობლოში დაკრძალონ”.

რატომ არ ღირს აზერბაიჯანში სწავლა?

ჩვენ ის ახალგაზრდები გამოვკითხეთ, რომლებიც ან ახლა აპირებენ თურქეთში სასწავლებლად გამგზავრებას, ან ახლა სწავლობენ ამ ქვეყანაში, ან უკვე არიან თურქული სასწავლებლების კურსდამთავრებულები. აი, ის მიზეზები, რის გამოც, მათი აზრით, აზერბაიჯანში სწავლა არ ღირს:

1. განათლება დაბალი ხარისხისაა 

“ჩემ მეგობრებს შორის ბევრი სტუდენტია, მაგრამ ჯერ არ მახსოვს შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანის ხელში წიგნი დამენახოს. საერთოდ გაუგებარია, რას სწავლობენ. მხოლოდ გამოცდების დროს იწყებენ ფუსფუსს. შემდეგ კი რაღაც მანქანებით კარგ სამსახურებში ეწყობიან. მე კი ამის არც სურვილი მაქვს, და არც შესაძლებლობა”, – ამბობს 20 წლის ელდარი.

ამინა, უმაღლესი სასწავლებლის ყოფილი მასწავლებელი:

«სამსახური იმიტომ მივიღე, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც ინსტიტუტს ვამთავრებდი, სასწავლებელში ქრთამის აღების ბრალდებით ერთდროულად ორი ლექტორი გაათავისუფლეს – ორივე მათგანი ჩემი მასწავლებელი იყო და, რეალურად, ბევრ სხვა ლექტორზე უკეთესი პროფესიონალიც, მაგრამ რატომღაც სწორედ ისინი დაიჭირეს. ერთი მასწავლებელი გვყავდა, რომელიც მთელი ლექციის მანძილზე უბრალოდ იჯდა და ფანჯარას მისჩერებოდა. ამას სჯობდა, მექრთამე ყოფილიყო. ბევრი კარგი პედაგოგიც გვყავდა, მაგრამ მთლიანობაში ეს სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მასწავლებელს საშუალება ეძლევა, არავის არაფერი ასწავლოს და ვერავინ შეამჩნევს ამას».

2.  ძვირია

თუკი ჩაბარებისას შენ მიერ დაგროვილი ქულები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფომ ფული გადაგიხადოს, „ფასიან სექტორზე“ საკმაოდ მაღალი თანხის გადახდა მოგიწევთ, რომელიც სწავლის ხარისხს არ შეესაბამება.

ამასთან, სწავლის ფასი განუხრელად იზრდება; გასულ წელს ბაქოს სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა 3800 მანათი ღირდა, ამჟამად კი იმავე სპეციალობაზე სწავლის საფასური 4300 მანათის ტოლია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში წლიური გადასახადი 2000-3000 მანათის შუალედში მერყეობს.

3. განათლების სისტემა დისკრედიტირებულია ახალგაზრდების თვალში

ბევრი ახალგაზრდა აზერბაიჯანის განათლების სისტემას ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ემდურება.

საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში გავრცელებული ტრადიციის თანახმად, ინსტიტუტში ჩაბარებამდე რამდენიმე წლით ადრე მოზარდებმა რეპეტიტორებთან უნდა იარონ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლე ორი წლის მანძილზე ხუთ საგანში უნდა მოემზადოს, ეს ყველაფერი კი გამოწვეულია იმით, რომ მისაღები გამოცდების მასალა სასკოლო პროგრამაზე უფრო რთულია.

განათლების ყოფილმა მინისტრმა, მისირ მარდანოვმა აღიარა, რომ ეს პრობლემა არსებობს:

“ჩვენ სკოლაში „კოვზით“ ვარიგებთ ცოდნას, სტუდენტების მიღების სახელმწიფო კომისია კი „ჩამჩით“ ითხოვს”.

4. აზერბაიჯანული დიპლომი “არ ჭრის” უცხო ქვეყნებში 

“ჩემმა ძმისშვილმა არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა ბაქოში. ფასიანზე სწავლობდა და უკვე ხუთი წელია, რაც თავისი სპეციალობის შესაფერის სამსახურს ვერ პოულობს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, პროფესია არ გააჩნია. ხუთი წლის მანძილზე სულ ტყუილად იარა უნივერსიტეტში და არაფერი უსწავლია. ამჟამად კი, როდესაც სადმე მოწყობას ცდილობს, ეუბნებიან, რომ ორთვიანი, საკმაოდ ძვირადღირებული კურსების გავლაა საჭირო. არ მინდიდა, ჩემს შვილსაც მსგავსი ხვედრი ჰქონოდა და ამიტომ საზღვარგარეთ გავგზავნე», – ამბობს ზეინაბ გულიევა.

როგორია შრომითი ბაზარი

შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, სალიმ მუსლიმოვი ამბობს, რომ ახალგაზრდების დასაქმების კუთხით აზერბაიჯანი მსოფლიოს ათ მოწინავე ქვეყანაში შედის. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2015 წელს 15-29 წლის ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე 5 პროცენტს შეადგენდა. მისი თქმით, ოფიციალურად, უმუშევრობის სტატუსი 36,3 ათას ადამიანს აქვს.

ექსპერტ-ეკონომისტი, თოღრულ მაშალი ამბობს, რომ რთულია აზერბაიჯანში უმუშევრობის დონის განსაზღვრა და სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მეთოდები ამ ამოცანას ვერ ამარტივებს. საქმე ისაა, რომ ყველა უმუშევარი ოფიციალურად არ არის დარეგისტრირებული შრომის ბირჟაზე და, ამას გარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა დასაქმებული სამსახურის მქონედ არაა გაფორმებული.

«შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლისთვის შრომის ბირჟაზე სამსახურის არმქონე 204 ათასმა ადამიანმა ითხოვა დარეგისტრირება, მაგრამ უმუშევრის სტატუსი მხოლოდ 11 ათას ადამიანს მისცეს. დაახლოებით 57 ათასი ადამიანი უზრუნველყოფილ იქნა სამსახურით. ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2016 წელს, სულ ცოტა, 136 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. 2017 წლის 1-ლი იანვრისთვის კი „სამსახურის მაძიებლის“ სტატუსი 227 ათას ადამიანს ჰქონდა».

“მამაჩემი რუსეთში სწავლობდა და აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ ცხრა წლის მანძილზე ცდილობდა აქ ცხოვრების აწყობას, რის შემდეგაც ისევ რუსეთში გაემგზავრა. მე პირადად რეჟისორობა მსურს. თურქეთში ჩასვლა საუკეთესო გზაა ამ მიზნის მისაღწევად. წავალ, განათლებას მივიღებ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჩემი მიზანია, არ დავბრუნდე აზერბაიჯანში. თუ გამომივა, ევროპაში წავალ – თუ არ გამომივა, თურქეთში დავრჩები და აქ ვიმუშავებ.

თუკი ბაქოში გავაგრძელებ მოღვაწეობას, ვიღაც უნიჭო მომღერლებისთვის კლიპების გადაღება მომიწევს”, – ამბობს ელდარი.

თურქული კულტურის დღეები ბაქოში

რატომ თურქეთი?

თურქეთში განათლების დონე მკვეთრად აღემატება აზერბაიჯანისას. ახალი ამბების ჟურნალმა U.S. News & World Report გამოაქვეყნა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სია – 500 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელს შორის არაერთი თურქული უნივერსიტეტიც აღმოჩნდა. 3 მათგანი ტოპ 50-ეულში მოხვდა.

თურქულ დიპლომებს მთელ მსოფლიოში აღიარებენ. თურქული განათლება არამხოლოდ თურქეთში გადაბარგების პლატფორმად, არამედ სხვა ქვეყნებში კარიერის გაგრძელებისათვის საჭირო ტრამპლინადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ თურქეთში ინგლისურადაც შეიძლება სწავლა და სხვა ენებზეც. არსებობს სტიპენდიები, რომლებიც განათლების უფასოდ მიღების საშუალებას იძლევა.

თუკი თურქული უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს, იგი ბევრად უფრო მარტივად შეძლებს სამსახურის პოვნას. ბაქოს კერძო კლინიკების ექიმების დიდ ნაწილს თურქული განათლება აქვს.

ახალგაზრდები ადვილად ახდენენ ადაპტირებას თურქულ ენასა და კულტურასთან, რომლებიც აზერბაიჯანულის მსგავსია.

უვიზო რეჟიმი და გეოგრაფიული სიახლოვე თურქეთს „წინასწარ ნაგულისხმევ ოპტიმალურ ვარიანტად“ აქცევს.

აქ განათლებაზე საკმაოდ ლიბერალური ფასებია დაწესებული. თუკი აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში იმავე სპეციალობაზე დაწესებულ ფასებს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ბევრი მათგანი (სპეციალობები) თურქეთში უფრო იაფია. ამას გარდა, არსებობს პროგრამები, რომელთა საშუალებითაც სტიპენდიის მოპოვება და უფასოდ სწავლა შეიძლება.

რა ჯდება თურქეთში სასწავლებლად წასვლა?

ალიბეკ ჰუსეინოვის ქუჩა ბაქოში

ბაქოში, ალიბეკ ჰუსეინოვის ქუჩაზე უამრავი დაწესებულებაა, რომლებიც სტუდენტებს თურქეთში აგზავნიან სასწავლებლად. ჩვენ ფასებით დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ თურქეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველები მოსამზადებლად სულ ცოტა, 1600 მანათს ხარჯავენ წელიწადში. თითოეული უნივერსიტეტის გამოცდის მოსაკრებელსაც იხდიან. საგამოცდო საშვის ფასის ქვედა ზღვარი 50 დოლარია. ამას გარდა, 400 მანათია საჭირო იმისთვის, რათა აბიტურიენტმა სათანადო დონეზე შეისწავლოს თურქული ენა.

აბიტურიენტმა რომ თურქულ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს, მისმა ოჯახმა პირველ წელს, სულ ცოტა, 3500-4000 მანათი უნდა გადაიხადოს (სწორედ ამდენია საჭირო ყველა ძირითადი და აუცილებელი ხარჯის დასაფარად). ეს საკმაოდ დიდი თანხაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი დაახლოებით 500 მანათის ტოლია.

დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო საზღვარგარეთ განათლებას?

აზერბაიჯანში განათლების საზღვარგარეთ მიღების სახელმწიფო პროგრამა არსებობს. ბოლო დრომდე ამ პროექტს ხელმძღვანელობდა განათლების მინისტრი მიკაილ ჯაბაროვი, რომელიც თავადაც კალიფორნიის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ამ იდეის მიზანს წარმოადგენდა დასავლური განათლების მქონე ახალგაზრდების ისეთი პლეადის მიღება, რომელიც სამშობლოს საკეთილდღეოდ იშრომებდა. სტუდენტებთან ფორმდებოდა ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც, ისინი სამშობლოში დაბრუნებისა და აზერბაიჯანში სულ ცოტა, ხუთი წლის ვადით დარჩენისა და მუშაობის ვალდებულებას იღებდნენ.

სამინისტრო არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი სტუდენტი დაბრუნდა და „ტვინების გადინების“ პრობლემას საერთოდ არ აღიარებს. მიუხედავად ამისა, მცირე ხნის წინ „უცხოელ სტუდენტებს“ დაჰპირდნენ, რომ მათ გამოცდების გარეშე მიიღებენ სახელმწიფო სამსახურებში.

სამწუხაროდ, ასეთ სამსახურში ძალიან დაბალი ხელფასებია იმისთვის, რომ აქაურმა ანაზღაურებამ განვითარებულ ქვეყნებში წასვლისა და უცხოეთში კარიერის გაკეთების პერსპექტივა გადაწონოს.

2015 წელს სახელმწიფომ საზღვარგარეთ განათლების მიღების დაფინანსება შეაჩერა. განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ამჟამად ახალი პროგრამები მზადდება, თუმცა, ამ პროექტების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ისმის. გამომდინარე იქიდან, რომ მიკაილ ჯაბაროვი გადასახადების მინისტრად გადაიყვანეს, რთული სათქმელია, თუ რა ბედი ეწევა ამ პროგრამას – ყველაფერი ახალ მინისტრსა და მის მიერ არჩეულ პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული.

მილი მეჯლისის (პარლამენტის) განათლების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, შახლარ ასკეროვი საზღვარგარეთ წასულ სტუდენტებს «დაკარგულ შვილებს» უწოდებს:

“ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქვეყნიდან 3500-4000 ახალგაზრდა წავიდა და მათი ნახევარიც კი არ დაბრუნებულა. ჩვენი ქვეყანა ფულს ხარჯავს და მათ უმაღლეს განათლებას აძლევს, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით სხვა ქვეყნები ხეირობენ”.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ