კასპია, ზღვის ნაცვლად, უბრალოდ „წყალსაცავად“ გადაიქცა, მისი წყლის ზედაპირი საერთო იქნება, წიაღისეულს კი ხუთად გაყოფენ " />

აზერბაიჯანმა და სხვა კასპიისპირა ქვეყნებმა „საზღვაო კონსტიტუციას“ მოაწერეს ხელი. ამას 20 წელიწადი დასჭირდა

კასპია, ზღვის ნაცვლად, უბრალოდ „წყალსაცავად“ გადაიქცა, მისი წყლის ზედაპირი საერთო იქნება, წიაღისეულს კი ხუთად გაყოფენ

„კასპიის ხუთეულის“ ქვეყნებმა (რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი, თურქმენეთი და ყაზახეთი) ხელი მოაწერეს კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციას. ეს 12 აგვისტოს ყაზახეთის ქალაქ აკტაუში გამართულ სამიტზე, ოცწლიანი განხილვების შემდეგ მოხდა. მთავარ სადავო საკითხს კასპიის ზღვის ფსკერზე მდებარე, დაახლოებით რვა ტრილიონის ღირებულების ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები წარმოადგენდა. ასევე ვერ წყვეტდნენ, კასპია ზღვად მიეჩნიათ თუ ტბად. საბოლოოდ მისთვის უბრალოდ „წყალსაცავის“ დარქმევა გადაწყდა.

ახალი კონვენციის თანახმად, რომელსაც ექსპერტებმა კასპიის „კონსტიტუცია“ დაარქვეს, მისი ზედაპირი საერთო მოხმარებაში რჩება, ფსკერი და წიაღები კი, ქვეყნებს შორის შეთანხმების მიხედვით, ხუთ მონაკვეთად იყოფა. ასევე ქვეყნები ერთობლივად მოილაპარაკებენ გემების გადაადგილების, თევზჭერის, სამეცნიერო კვლევებისა და მაგისტრალური მილსადენების გაყვანის წესების თაობაზე.

კონვენციის მიხედვით, გარდა სხვა აკრძალვებისა, კასპიაზე იკრძალება არარეგიონის ქვეყნების შეიარაღებული ძალების შესვლა. საერთაშორისო ექსპერტებს ეს მოსკოვის სტრატეგიულ გამარჯვებად მიაჩნიათ, რადგან ამით იკეტება რეგიონში რუსეთის მთავარი მეტოქის – ჩინეთისკენ მიმავალი გზა, რომელიც ევროპაში სატრანზიტო გზების გაკონტროლებას ცდილობს.

„ამ დაყოფის მთავარი მამოძრავებელი ძალა რუსეთი იყო. დასადგენი მხოლოდ ისღაა , თუ რა გაწირა ამისთვის მოსკოვმა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, მან მხოლოდ მოიგო“, – ამბობს კომპანია Verisk Maplecroft-ის ანალიტიკოსი კამილა ჰაგელუნდი.

აქამდე კასპიის წიაღისეულის გაყოფას წინააღმდეგობას უწევდნენ ირანი და თურქმენეთი. სხვათა შორის, ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი მიღებული გადაწყვეტილებით არც ახლაა აღფრთოვანებული და მიიჩნევს, რომ საზღვრის შესახებ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს:

„ჩვენი აზრით, სავარაუდოდ ხელმოსაწერი კასპიის კონვენცია ზღვაზე საბოლოო გამყოფ ხაზებს ვერ ადგენს, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო იქნება ცალკე შეთანხმება“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ