BBС-ს მიერ მომზადებული სტატია ორი ქვეყნის ურთიერთობების უკანასკნელი ტენდენციების შესახებ " />

აზერბაიჯანი – რუსეთი: რატომ არ გამოგვდის მეგობრობა

BBС-ს მიერ მომზადებული სტატია ორი ქვეყნის ურთიერთობების უკანასკნელი ტენდენციების შესახებ

 

ორი ქვეყნის წამყვანი დიპლომატები ფართოდ იღიმიან და ძლიერად ართმევენ ერთმანეთს ხელს, თუმცა ბაქოსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობები ნამდვილად არ არის იდეალური

ბოლო პერიოდში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები თანდათან უარესდება. პოლიტოლოგების ვარაუდით, არაა გამორიცხული, რომ ამ ტენდენციამ სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, იმიტომ რომ პოლიტიკის ეკონომიკის, მიგრაციისა და ენერგეტიკის საკითხებში ბაქო „უფროს ძმაზეა“ დამოკიდებული.

საუბარია: 1)სამხედრო-პოლიტიკურ სფეროზე, რომელშიც დიდ როლს თამაშობს მთიანი ყარაბაღის საკითხი; 2)ეკონომიკაზე, სადაც რუსეთი აზერბაიჯანული პროდუქტების ყველაზე დიდ მომხმარებლად გვევლინება; 3) მიგრაციის საკითხზე – გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში აზერბაიჯანის მოქალაქეობის მქონე ხუთასი ათასი ადამიანი ცხოვრობს; და 4) ენერგეტიკის სფეროზე, რომელმშიც რუსეთი და აზერბაიჯანი ევროპისათვის ენერგომატარებლების მიმწოდებლების როლში გვევლინებიან.

გაუარესების მიზეზები

20 ივლისს ბაქოში სასამართლომ ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. წარსულში ლაპშინმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის საზღვარი გადაკვეთა და ავტომატურად მოხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შავ სიაში“. მიუხედავად ამისა, ის მაინც ჩამოვიდა აზერბაიჯანში. თუმცა, ამჯერად მესაზღვრეებს ის უკრაინის პასპორტით წარუდგა. აღნიშნულ დოკუმენტში მისი სახელი ოდნავ განსხვავებულადაა ჩაწერილი. საბოლოო ჯამში, იგი საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის დასაჯეს.

და საერთოდ, ეს წელი ნამდვილად არაა საუკეთესო ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში.

მაისში რუსულმა სასამართლომ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანელების დიასპორის ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია „აზერბაიჯანის საერთორუსული კონგრესი“ დახურა (აღნიშნული ორგანიზაცია 2001 წლიდან არსებობდა). მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტის თანაშემწემ, ნოვრუზ მამედოვმა აღშფოთება გამოხატეს მოსკოვის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო.

ამის პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „ჩვენ არ გვჭირდება საეჭვო რჩევა-დარიგებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ურთიერთობები უნდა არსებობდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის“.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა გესლიანი კომენტარები სხვა მიზეზებითაც „გაცვალეს“: მაგალითად, აღსანიშნავია რუსეთის მოქალაქე დილგამ ასკეროვის საქმე. ასკეროვი ყარაბაღში გაასამართლეს, აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოქმედ ჯაშუშად და დივერსანტად ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

რუსი ბლოგერის, ალექსანდრ ლაპშინისათვის გამოტანილმა განაჩენმა ნამდვილად ვერ გააუმჯობესა ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მედია თავხედურად მოიქცა. ამის პასუხად აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიარესურსების ერთ-ერთმა ფლაგმანმა, 1news.az-მა პრესმდივანს „ქუჩიდან მოსული დიპლომატი“ უწოდა.

სიტუაცია 4 ივლისს, მთიანი ყარაბაღის საზღვარზე, სამხედრო ძალების შეხების ზოლში მომხდარი მორიგი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ გამწვავდა. აღნიშნულ ინციდენტის შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა (მათ შორის, ორი წლის ბავშვი).

მომდევნო დღეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელშიც რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკური სომხების აზერბაიჯანში არშეშვების ფაქტი დაგმო. აზერბაიჯანში ეს განცხადება დანაშაულის სხვისთვის გადაბრალების მცდელობად აღიქვეს.

“ამჟამად ჩვენ ცივი ომის თავისებურ ფორმასთან გვაქვს საქმე, – ამბობს რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი, გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ მთავარი რედაქტორი, გრიგორი შვედოვი, – თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ნამდვილად აღარ შეინიშნება დადებითი ძვრები. ჩვენ ვხედავთ, თუ რა მონდომებით იცავს ლაპშინს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის ხელისუფლება არასდროს გამოსულა თავისი მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზე”.

ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანზე ზემოქმედებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად ის იარაღი გამოიყენება, რომელსაც ეს ქვეყანა რუსეთისგან იღებს: არაა გამორიცხული, რომ სიტუაციის რამდენადმე გამწვავების შემთხვევაში შეიარაღების ხარისხი ისეთი აღარ იქნება, როგორიც ახლაა.

აზერბაიჯანის ყოფილი ელჩმა რუსეთში, ჰიქმეტ გაჯიზადემ ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავს სკანდალებს მანამდეც ჰქონია ადგილი, მაგრამ ყველაფერი მოჩვენებითი მშვიდობის დამყარებით სრულდებოდა ხოლმე. “მაგრამ სინამდვილეში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული დამოკიდებულება არც აქამდე ყოფილა, და არც ახლა ფიქსირდება. მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად იმპერიალისტური ამბიციები გვევლინება. დიდი პრობლემაა ის, რომ რუსეთს აზერბაიჯანში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანა და ამ გზით ქვეყნის დამორჩილება სურს”, – მიიჩნევს დიპლომატი.

გაჯიზადეს თქმით, მთლიანობაში, რუსეთს აზერბაიჯანზე ზემოქმედების უამრავი საშუალება აქვს. საუბარია არა მხოლოდ სამხედრო უპირატესობაზე, არამედ იმ მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებზეც, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს.

ერთ ბედქვეშ მყოფი ორი ქვეყანა

მიგრაციის ფედერალური სამსახური ირწმუნება, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთში აზერბაიჯანის მოქალაქეობის მქონე 523 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა, 2010 წლის აღწერის მიხედვით კი ქვეყანაში 603 ათასი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობდა. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, პირადი ფულადი გადარიცხვების სახით აზერბაიჯანში ყოველწლიურად 1,2 მილიარდი დოლარი იგზავნება.

მარია ზახაროვამ აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ქცევას „თავხედური“ უწოდა ამის პასუხად აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიარესურსმა აღნიშნა, რომ პრესსპიკერი „ქუჩიდან მოსული“ დიპლომატია .

გარდა ამისა, რუსეთი აზერბაიჯანის არასანავთობო სექტორის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში 409 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი (მეტწილად ხილი და ბოსტნეული) გაიგზავნა.

“აზერბაიჯანის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 10% რუსეთზე მოდის. ამასთან, სწორედ ამ ქვეყანაში იგზავნება აზერბაიჯანული აგროპროდუქციის საერთო მოცულობის 70 პროცენტი. ამიტომ ცალსახა ეკონომიკური დამოკიდებულების ფაქტი ფიქსირდება – ამბობს ეკონომისტი ნატიკ ჯაფარლი. – ამასთან, რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია ეკონომიკური ბერკეტები იმისათვის, რათა სხვა ქვეყნებზე ზემოქმედება მოეხდინა. ასეთ შემთხვევებში კრემლი პროდუქტების იმპორტს ბლოკავდა ხოლმე”.

ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ ნამდვილად იცის ამ პრობლემის არსებობის შესახებ, აზერბაიჯანი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის დასავლეთის ბაზრებზე გასატანად არაფერს აკეთებს.

“უკვე მრავალი წელია, რაც აზერბაიჯანი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას აჭიანურებს. ამ ორგანიზაციის წევრობა კი პროდუქციის ევროკავშირში გატანის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს, – ამბობს ეკონომისტი, – მაგრამ ქვეყანა ამ ნაბიჯს არ დგამს, იმიტომ რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია, პროდუქტების ხარისხისა და საბაჟოს მუშაობის ხარისხი გააუმჯობესოს. ამ ყველაფრიდან კი გამომდინარეობს ის, რომ რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების ფონზე აზერბაიჯანი ეკონომიკურად მოწყვლად ქვეყანად რჩება”.

მთიანი ყარაბაღის პრობლემა, რომელიც დროდადრო მკვეთრად მწვავდება, ორი ქვეყნის ურთიერთობას ართულებს

ექსპერტის ნათქვამს მიმდინარე წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში განვითარებული მოვლენები ადასტურებს. როდესაც გასაყიდი საქონლით დატვირთული ტრაილერების აზერბაიჯანელი მძღოლები რუსეთის საზღვარს ვერ კვეთდნენ. საზღვარი რამდენიმე კვირის მანძილზე იყო დაკეტილი. აზერბაიჯანელ მძღოლებს მათი რუსი კოლეგები ბლოკავდნენ, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრის მიღმა დარჩენილი აზერბაიჯანელი მძღოლები ეიძულებინათ, მათ მიმხრობოდნენ და „პლატონის“ – დაბეგვრის ახალი სისტემის – წინააღმდეგ მოწყობილ აქციას შეერთებოდნენ. ყველაფერი ჩხუბითა და მანქანების მსხვრევით დასრულდა.

“მთლიანობაში, ეკონომიკის თვალსაზრისით, რუსეთსა და აზერბაიჯანს თამაშის საერთო წესები აკავშირებს ერთმანეთთან. ამას კარგად ხვდებიან როგორც ორი ქვეყნის ხელმძღვანელები, ისე უბრალო მემწვანილეები, რომლებიც რუსულ ბაზრებში ვაჭრობენ. და არავინ მიისწრაფვის ევროპისაკენ”, – ამბობს ჯაფარლი.

მაგრამ რუსეთში სამუშაოდ ან სამუდამოდ საცხოვრებლად მხოლოდ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები (ზემოაღნიშნული „მემწვანილეები“) არ ჩადიან.

მიგრაციის ფედერალური სამსახურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსეთში აზერბაიჯანის მოქალაქეობის მქონე პირების რაოდენობა ნახევარ მილიონს შეადგენს

მარინა ალიევა ინტერნეტმარკეტოლოგია. მას სურს, რომ წელს მოსკოვში გადავიდეს საცხოვრებლად. გამგზავრებამდე მან თავის პროფესიასთან დაკავშირებული რამდენიმე ფასიანი რუსული კურსი გაიარა. “ორი მიზეზით ვტოვებ აქაურობას – იქ სამჯერ მეტს იხდიან, ვიდრე აქ და, ამას გარდა, აქ არ იყენებენ ბიზნესის წარმოების იმ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს, რომლებიც მოსკოვში გამოიყენება, – ამბობს იგი. – ფაქტობრივად, ფულის გამომუშავებისთვის და პროფესიონალური ზრდისთვის მივდივარ”.

ენერგეტიკის სფერო რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების კიდევ ერთ ასპექტს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ეს ქვეყნები არა პარტნიორები, არამედ კონკურენტები არიან.

ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორი“, ყველაზე ამბიციური ენერგეტიკული პროექტია ბოლო წლების აზერბაიჯანისთვის. პროექტის საერთო ღირებულება 45 მილიონი დოლარით განისაზღვრა. არსებული გეგმის მიხედვით, ამ გაზსადენში ბუნებრივ აირს 2020 წელს გაუშვებენ. საწვავი ევროპაში საქართველოსა და თურქეთის გავლით მოხვდება. ამდენად, პროექტი რუსეთის გვერდის ავლით განხორციელდება. სავარაუდოდ, ეს გაზსადენი სხვა, „ტაგ“-ის (ტრანსადრიატიკუკული გაზსადენი) სახელით ცნობილ, „შემოვლით“ პროექტს შეუერთდება, რაც ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების მასშტაბებს შეამცირებს.

ენერგეტიკულ სფეროში რუსეთი და აზერბაიჯანი არა პარტნიორები, არამედ კონკურენტები არიან

თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროექტები ძალიან არ მოსწონთ მოსკოვში. ევროპაში გაზსადენის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს მართავენ. ამ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია იტალიური პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“, რომელიც თავის პრორუსულ განწყობებს არ მალავს.

გარდა ამისა, რუსეთი აქტიურად მუშაობს საკუთარ პროექტზე, რომელიც „თურქეთის ნაკადის“ სახელითაა ცნობილი. აღნიშნული გაზსადენი მიმართულია იმავე ბაზრისკენ, რომელზეც ტრანსადრიატიკული მილსადენი აცხადებს პრეტენზიას. ანუ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ალტერნატივის ალტერნატივას ქმნის.

მთლიანობაში კი შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი უარყოფითად აფასებს იმ გაზსადენის პროექტს, რომელშიც აზერბაიჯანი მონაწილეობს

გასულ წელს „გაზპრომის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ მედვედევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს მილსადენის გაზით გავსების პოტენციალი არ გააჩნია და ამ მხრივ რუსეთი ევროპისათვის საუკეთესო ალტერნატივად რჩება.

http://www.bbc.com/russian/features-40683693?ocid=socialflow_facebook


ასევე წაიკითხეთ