აზერბაიჯანი ყარაბაღის მოხსენიებას მოითხოვს. საქართველო და უკრაინა კი არ ეთანხმებიან თავიანთ როლს ევროინტეგრაციაში" />

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დეკლარაციამ აზერბაიჯანი აღაშფოთა. უკმაყოფილოები არიან საქართველო და უკრაინაც

აზერბაიჯანი ყარაბაღის მოხსენიებას მოითხოვს. საქართველო და უკრაინა კი არ ეთანხმებიან თავიანთ როლს ევროინტეგრაციაში

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, აზერბაიჯანის, უკრაინისა და საქართველოს პოზიციის გამო, ბრიუსელში წარუმატებლად დასრულდა ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამიტი.

აზრთა სხვადასხვაობა საბოლოო დეკლარაციასთან დაკავშირებით

სამიტის ბოლოს ხელი მოეწერა დეკლარაციას. თუმცა, სამიტის მონაწილე ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ დოკუმენტისთვის უფრო მაღალი სტატუსი არ მიეცათ. შედეგად გადაწყდა, რომ მას ხელს არ მოაწერდნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების წარმომადგენლები. საბოლოოდ, ტექსტზე მხოლოდ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინის ხელმოწერა გაჩნდა.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს აზერბაიჯანის პოზიციის გამო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტში არ იყო ნახსენები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.

საქართველო და უკრაინაც ასევე უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ დეკლარაციაში არ იყო ნახსენები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ზოგიერთი წევრი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი. საპასუხოდ, ტექსტში ჩასვეს წინა დეკლარაციების ნაწყვეტები, სადაც სწორედ ამაზე იყო საუბარი.

რეაქცია აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში მედიამ თავისი ქვეყნის დელეგაციის მიერ დეკლარაციის ხელმოწერაზე უარი სენსაციად წარმოაჩინა. მაგრამ სოციალურ ქსელებში ამას განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუწვევია.

ამ თემაზე გამართული დისკუსიები მიდიოდა დასკვნამდე, რომ:

• აზერბაიჯანი სწორად მოიქცა, რომ ხელი არ მოაწერა მისთვის არასასურველ დეკლარაციას;

• ასე თუ ისე, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს ერთმანეთი სჭირდებათ, სწორედ ამიტომ, საჭიროა როგორღაც შეთანხმება.

კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი, აჰმედ ალილი მიიჩნევს, რომ „არაფერი სკანდალური არ მომხდარა“:

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სხვა ქვეყნების მსგავსად. აზერბაიჯანის მიერ დეკლარაციის ტექსტის დაბლოკვა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბაქოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევა უნდა… მაგრამ ამას ევროკავშირში არანაირი უარყოფითი ეფექტი არ გამოუწვევია. აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები გრძელდება“.

JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი, შაჰუნ რზაევი ფიქრობს, რომ „ევროკავშირის დამოკიდებულება აზერბაიჯანთან,მისი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დამოკიდებულებისგან იმით განსხვავდება, რომ აზერბაიჯანი, ამ სამი ქვეყნისგან განსხვავებით,მიზნად ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანას არ ისახავს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ნაკლებად კატეგორიული აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში“.

რა არის „აღმოსავლეთი პარტნიორობა“

ეს პროგრამა 2009 წელს დაიწყო. ის მიზნად ისახავს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროგრამაში მონაწილეობენ საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და მოლდოვა.

რუსეთი და ბელარუსი: განსაკუთრებული პოზიცია

ბრიუსელში, სამიტზე ჩავიდა ყველა მონაწილე ქვეყნის ლიდერი, ბელარუსის პრეზიდენტის გარდა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ შეცვალა. მან ეს იმით ახსნა, რომ ჯერჯერობით მის ქვეყანას ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობაში „გარკვეული შეზღუდვები“ რჩება.

რუსეთმა თავის დროზე უარი თქვა „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობაზე – მან ევროკავშირისგან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მოითხოვა.


ასევე წაიკითხეთ