სასამართლომ პატიმრობა ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით შეცვალა " />

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „ტურანის“ დირექტორი გათავისუფლებულია

სასამართლომ პატიმრობა ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით შეცვალა

11 სექტემბერს ბაქოს იამალსკის რაიონულმა სასამართლომ საინფორმაციო სააგენტო „ტურანის“დირექტორისთვის, მეჰმან ალიევისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით შეცვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

მეჰმან ალიევი უკვე გათავისუფლდა.  

მეჰმან ალიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინა დღით მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიმართა. მისი თქმით, მიმართვაში მან პრეზიდენტს სააგენტოს საქმიანობა შეახსენა, და აღნიშნა, რომ მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ძიებისთვის თავის არიდებას არ აპირებს. მიმართვაში მან ითხოვა, რომ შეიცვალოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს მეჰმან ალიევის წინადადების გადახედვა დაავალა.

უკვე ორი კვირაა, საინფორმაციო ვაკუუმში ვიმყოფები, მაგრამ, პირველ რიგში მინდა შინ, ჩემს ოჯახთან დავბრუნდე“, – უთხრა მეჰმან ალიევმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ პატიმრობის პერიოდში მას ნორმალურად ექცეოდნენ.

მეჰმან ალიევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აღიძრა: უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, გადასახადებისთვის თავის არიდება და თანამდებობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება.

ალიევის დაპატიმრების შემდეგ, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და ინტელიგენციის წარმომადგენელი შუამდგომლობდა პრეზიდენტის წინაშე, რომ „ტურანის“ დირექტორის საქმე სამართლიანად გამოეძიებინათ და მისთვის აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობის ნაცვლად, ქვეყნიდან გაუსვლელობით შეეცვალათ. მიმართვის ავტორებს შორის პრესის საბჭოს, მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელები, ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები იყვნენ.

მეჰმან ალიევის გათავისუფლებას ითხოვდნენ საერთაშორისო ჟურნალისტური და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ამ საქმის გამო შეშფოთება აშშის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმაც გამოთქვეს.


ასევე წაიკითხეთ