ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება " />

2 დეკემბერს გაირკვევა, დაითხოვენ თუ არა აზერბაიჯანის პარლამენტს

ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება

Baku_seaside

29 ნოემბერი 

აზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნის საკითხს დეპუტატები 2 დეკემბერს განიხილავენ.

მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანი“ 28 ნოემბერს პრეზიდენტისთვის პარლამენტის დათხოვნის თხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ინიციატივით გამოვიდა.

დათხოვნის შემთხვევაშიც კი, პარლამენტი მუშაობას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ვადამდელი არჩევნების შედეგები და ახალი დეპუტატების გვარები არ გახდება ცნობილიიუწყება Turan. 

აზერბაიჯანში ვერავინ ხვდება, თუ როგორ უნდა იმსჯელოს პარლამენტმა საკუთარი თავის დათხოვნაზე, მით უმეტეს, რომ მის ნახევარზე მეტს შეადგენენ პარტია „ენი აზერბაიჯანის“ წევრები, რომელმაც ეს მოიფიქრა.  

პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კომენტარები

პარლამენტის შესაძლო დათხოვნის საკითხმა, თანაც ასეთი უცნაური ფორმით, ყველა გააოგნა: ოპოზიციონერებით დაწყებული, რიგით მოქალაქეებამდე.

ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“-ს ლიდერი ილგარ მამედოვი „საბრძოლველად“ ემზადება

 „არ ვიცი, პარლამენტის დათხოვნის საკითხი მაინცდამაინც ახლა რატომ დადგა. მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩვენი პარტია არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს“

მართალია, თავად ილგარ მამედოვს ჯერ დეპუტატად კენჭისყრის უფლება არ აქვს, რადგან მას მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდებით რამდენიმეწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ეს ბრალდება უსამართლოდ ცნო და ზერბაიჯანის მთავრობას მამედოვისთვის იურიდიული სტატუსის სრულად აღდგენა მოსთხოვა. მაგრამ, ხელისუფლებას ეს მოთხოვნა ჯერ არ შეუსრულებია.

JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი:

 „ეს მორიგი ეტაპია პრეზიდენტისგან პირველი ვიცე-პრეზიდენტისთვის ხელისუფლების გეგმიურად გადაცემის გზაზე“

აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა – პრეზიდენტის ცოლია

პარტია „ენი აზერბაიჯანის“ წევრი, ვიცე-პრემიერი ალი აჰმედოვი:

 „საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ წარვადგენთ ახალგაზრდობას, რომელიც იმსახურებს, რომ ხალხს წარმოადგენდეს“

ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე ტოფიგ იაგუბლუ:  

 „თავიდან ისინი ამბობდნენ, რომ რეფორმებსა და განუხრელ განვითარებას ოპოზიცია უშლის ხელს. ახლა ამბობენ, რომ ამ ყველაფერს ხელს პარლამენტი უშლის“. 

სოციალური ქსელების რეაქცია

სოციალურ ქსელებში ყველა ირონიზირებს, გაკვირვებულია და ვარაუდებს გამოთქვამს, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს

ზოგიერთი კომენტარი

 „ესეც მოულოდნელი ამბავი. თითქოს პარლამენტის დათხოვნას ქართველები ითხოვენ, არადა პარლამენტს ჩვენთან ითხოვენ“’; 

 „ასეთი ჭკვიანი და აქტიური დეპუტატების გარეშე როგორ ვიცხოვროთ! სერიოზულად კი, ახალი შემადგენლობაც ისეთივე იქნება, თუ არ ჩავერევით. ხმა მიეცით ნებისმიერს, ოღონდ არა – „ენი აზერბაიჯანს“. ეს პარტია ქვეყნის მომავლისთვის საშიშია. 

 „ახალ პარლამენტს თუ საერთოდ არ შევკრებთ, და საერთოდ მათ გარეშე ვიცხოვრებთ, უკეთესი იქნება. დეპუტატების ხელფასები კი, შეიძლება პენსიონერებს დაურიგდეთ“.

28 ნოემბერი 

მმართველმა პარტია „ელი აზერბაიჯანმა“ პარლამენტის დათხოვნა და პრეზიდენტისთვის რიგგარეშე არჩევნების უფლების თხოვნა გადაწყვიტა.

პარტია ამას იმით განმარტავს, რომ პარლამენტის ახლანდელი შემადგენლობა სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკასა და მის მიერ გატარებულ რეფორმებს არ შეესაბამება.

ეს წინადადება დღეს „ელი აზერბაიჯანის“ პოლიტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე გახმოვანდა. ხვალ კი საკითხს განიხილავენ საკუთრივ პარლამენტში, რომელიც თითქმის სრულად ამავე პარტიის წევრებისგან შედგება. ანუ,  პარლამენტი, ფაქტობრივად, საკუთარი თავის დათხოვნას აპირებს.

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო. 

რამდენად კანონიერია ეს

აზერბაიჯანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა შეუძლია, თუკი ის „ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მინისტრთა კაბინეტს უნდობლობას გამოუცხადებს, ან კანონით დადგენილ ვადაში პრეზიდენტის მიერ ორგზის წარდგენილი  საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს ან ცენტრალური ბანკის მმართველობის კოლეგიური საქმიანობისთვის საჭირო რაოდენობის კანდიდატებს ვერ წარადგენს, ასევე როდესაც გარდაუვალი მიზეზებით საკუთარ მოვალეობებს ვერ ასრულებს“. 

ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის დათხოვნა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, და ისიც მხოლოდ დასახელებულ შემთხვევებში. „სახელმწიფოს მეთაურის მიერ გატარებულ მიმდინარე პოლიტიკასთან შეუსაბამობის“ თაობაზე კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი. ამიტომ, ბევრ იურისტსა და ექსპერტს ეს ინიციატივა უკანონოდ მიაჩნია.


ასევე წაიკითხეთ