ახლა ის მთავარ სახელმწიფო არხს სიცრუეში მხილებას დაჰპირდა " />

აზერბაიჯანელმა “სინდისის პატიმარმა” ქვეყნიდან გასვლა მეორე მცდელობით შეძლო

ახლა ის მთავარ სახელმწიფო არხს სიცრუეში მხილებას დაჰპირდა

ბლოგერსა და ყოფილ სინდისის პატიმარს მეჰმან გუსეინოვს ქვეყნიდან გასვლის ნება დართეს. მანამდე, 9 აპრილს მას აზერბაიჯანიდან გასვლაზე უარი უთხრეს.

გუსეინოვმა ბაქოდან ბერლინში ჩაფრენა სცადა, რათა იქიდან რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში გამგზავრებულიყო. მაგრამ მესაზღვრეებმა მას განუცხადეს, რომ გენერალურმა პროკურატურამ მისთვის ქვეყნიდან გამგზავრება აკრძალა. ამის მიზეზები მას არ განუმარტეს, – ჰყვება სააგენტო Turan.

მეჰმან გუსეინოვი – ახალგაზრდა ვიდეობლოგერია, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა. 2017 წლის მარტში, როდესაც მან პოლიციის განყოფილებაში წამების გამო იჩივლა, მას პოლიციელის მიმართ ცილისწამებისთვის ორი წლით პატიმრობა მიესაჯა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ის პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს.

2018 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე რჩებოდა, მეჰმანს იუსტიციის ლეიტენანტის ცემაში დასდეს ბრალი. ეს მას ახალ პატიმრობას უქადდა. პროტესტის ნიშნად, ბლოგერმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელსაც ბევრი სხვა პოლიტპატიმარი და ოპოზიციის აქტივისტი შეუერთდა. საქმე ფართოდ გახმაურდა და ოპოზიციის მიტინგის მიზეზადაც კი იქცა. მეჰმანის წინააღმდეგ ახალი საქმე შეწყდა.

გუსეინოვმა ორწლიანი პატიმრობა სრულად მოიხადა და გათავისუფლების შემდეგ საზღვარგარეთის პასპორტი მიიღო. მას შემდეგ მისთვის ახალი ბრალდებები არ წაუყენებიათ. ანუ, ქვეყნიდან მისი გაუსვლელობის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

გაფრენის წინ მეჰმანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას მისმა გასაჯაროებამ შეუწყო ხელი. მან თქვა, რომ დაგეგმილ შეხვედრებსა და კონფერენციებზე ის ისეთი თემების განხილვას აპირებს, როგორიცაა პრესის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და პოლიტიკური პატიმრები. ასევე ის აზერბაიჯანის მთავარ საზოგადოებრივ არხს Aztv-ის დაჰპირდა, რომ „არხს საკუთარი არსებობა სანანებელი გაუხდებოდა“. საუბარია იმაზე, რომ Aztv მუდმივად გადასცემს რეპორტაჟებს იმის შესახებ, რომ „ევროპა იშლება“, და აზერბაიჯანში ეს სახუმარო თემად იქცა.

აზერბაიჯანული შეჩერების ფურცელი: რა არის ეს?

ეგრეთ წოდებული „შეჩერების ფურცელი“ – იმ ადამიანების სიაა, რომლებსაც რაიმე მიზეზით აზერბაიჯანიდან გასვლა აკრძალული აქვთ. ამ მუდმივად განახლებადი სიის გაცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე შეიძლება. თუმცა, ამ სიაში მოხვედრის თაობაზე არავის აუწყებენ, და როგორც წესი, ადამიანები ამის შესახებ გამგზავრების მცდელობის დროს იგებენ.

დღესდღეობით გამგზავრების აკრძალვა ვრცელდება, მაგალითად, რამდენიმე ჟურნალისტზე, რომლებიც საინფორმაციო ვებგვერდ Meydan.tv-სთან თანამშრომლობდნენ. მათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. საჩივარი დაკმაყოფილდა, სასამართლომ ამ ჟურნალისტების უფლებების დარღვევა აღიარა და მათთვის კომპენსაციის გადახდის დადგენილება გამოიტანა. აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჯერჯერობით არავითარი ზომები არ მიუღია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ