პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან " />

აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა

პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან

ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ აქტივისტმა მურად ადილოვმა, რომელსაც პატიმრობა ექვსი წლით აქვს მისჯილი, კოლონიაში შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ განაცხადა მისმა ძმამ, ჟურნალისტმა ნატიგ ადილოვმა , რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. შიმშილობის მიზეზია ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე უარის მიღება.

მურად ადილოვს პატიმრობა 2015 წელს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით მიუსაჯეს. უფლებადამცავმა ორგანიზაცია Amnesty International -მა ის 2016 წელს გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანა. 2018 წლის 5 სექტემბერს ადილოვმა ვადამდე პირობითი გათავისუფლება მოითხოვა, რადგან სასჯელის ორი მესამედი მოხდილი ჰქონდა. მაგრამ მას უარი უთხრეს, ამის მიზეზად კი მის მიერ დისციპლინის დარღვევა, კერძოდ – უადგილო ადგილას მოწევა დაასახელეს.

ოპოზიციონერის ძმა ამბობს, რომ „მურადს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, და აღარც ნერვები ყოფნის“, და ამავდროულად დასძენს, რომ პროტესტის ასეთ ფორმას არ ამართლებს.

ნატიგ ადილოვის თქმით, შიმშილობის ერთ-ერთი მიზეზი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების მიქცევაა, რომელიც, ოპოზიციონერის აზრით, მის საქმეს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ არაფერი იციან. „ჩვენამდე პატიმარ მურად ადილოვის მიერ შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ მოსულა“, – განაცხადა საზოგადოებრივი კავშირების განყოფილების უფროსმა მეჰმან სადიგოვმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრები პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებენ. მაგალითად, წელს ივნისში ამ ხერხს „სახალხო ფრონტის“ სხვა წევრმა ფიზული გუსეინოვმაც მიმართა.


ასევე წაიკითხეთ