ცილისწამების ბრალდება და უკან გატანილი სარჩელი" />

აზერბაიჯანელმა მინისტრმა ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელი უკან გაიტანა

ცილისწამების ბრალდება და უკან გატანილი სარჩელი

აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრმა ოგტაი შირალიევმა უკან გაიტანა სარჩელი ჟურნალისტი ტეიმურ ქერიმოვის წინააღმდეგ, რომელსაც მანამდე ცილისწამებაში სდებდა ბრალს.18 მაისს ქერიმოვმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ ერთი კაცის პიკეტი მოაწყო. ის ექიმების მხრიდან გამომძალველობას უჩიოდა და მომხდარში მინისტრ შირალიევს ადანაშაულებდა.

როგორ მიმდინარეობდა აქცია

18 მაისს დილით ტეიმურ ქერიმოვი ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან მივიდა და ასფალტზე ტანსაცმლის რამდენიმე ნივთი დაიწყო. შემდეგ მან დემონსტრაციულად დაიწყო პიჯაკისა და პერანგის გახდა, და თან საკუთარ ისტორიას ჰყვებოდა.

• აზერბაიჯანელი ექიმები თავიანთი საქმის სპეციფიკის შესახებ ჰყვებიან

• ხალხური მედიცინა აზერბაიჯანში: მოწვა, როგორც შიშის საწინააღმდეგო საშუალება

ქერიმოვის თქმით, მისი დედა სისხლის კიბოთია დაავადებული და სახელმწიფო საავადმყოფოში მკურნალობს. მაგრამ საავადმყოფოს პერსონალი მუდმივად სთხოვს მათ წამლის, ნემსებისა და სხვა პროცედურების ფულს, რაც, კანონით, უფასო უნდა იყოს.

„ისინი ადამიანებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფრის გაყიდვას აიძულებენ, რათა მკურნალობის ხარჯი დაფარონ. აი, მეც ჩემი ტანსაცმლის გაყიდვა გადავწყვიტე, რათა დედას ერთი-ორი ნემსის ფული გადავუხადო“, – ახსნა ქერიმოვმა აქციის ფორმატი.

რა მოხდა შემდეგ

აქციის დაწყებიდან 15 წუთში ადგილზე პოლიცია მივიდა, – უამბო ტეიმურ ქერიმოვმა ვებგვერდ „კავკაზსკი უზელს“ .  ახლგაზრდა მამაკაცი პოლიციის სამმართველოში წაიყვანეს, ყველაფერი გამოჰკითხეს და დაჰპირდნენ, რომ 20 მაისს მას ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებდნენ, ხოლო გამოძალვის შესახებ საჩივარს პროკურატურა განიხილავდა.

20 მაისს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  „ყველა ეს ბრლდება სრულიად დაუსაბუთებელია“ და რომ მის დედას ყველა აუცილებელი დახმარება უტარდება“.

იმავე დღეს ჟურნალსიტი პროკურატურაში გამოიძახეს. იქიდან გამოსულმა ქერიმოვმა თქვა:

„მინდა მჯეროდეს, რომ პროკურატურა მართლაც ყველაფერში გაერკვევა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ჯანდაცვაში სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა – მინისტრ ოგტაი შირალიევის მოხსნაა“.

ცილისწამების ბრალდება და უკან გატანილი სარჩელი

პიკეტის შემდეგ, მალევე მინისტრმა ოგტაი შირალიევმა ქერიმოვის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, და ის ცილისწამებაში დაადანაშაულა.

ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქერიმოვს ნახევარი წლით პატიმრობა ემუქრებოდა.

14 ივნისს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დაწყებისას მოსამართლემ გამოაცხადა, რომ მინისტრმა სარჩელის უკან გატანის შესახებ წერილი გამოგზავნა.

სარჩელის გატანის თაობაზე მინისტრს განმარტებები არ გაუკეთებია, თავად ტეიმურ ქერიმოვი კი მიიჩნევს, რომ მის ამ გადაწყვეტილებაზე „საზოგადოების ნეგატიურმა აზრმა იმოქმედა“.

„ჯერ კიდევ წინა სხდომაზე ათობით ადამიანი სასამართლოში მოვიდა, რათა ექიმების მხრიდან გამომძალველობის, გარკვეული კატეგორიის ავადმყოფებისთვის უფასო წამლების უკმარისობის და ფასიანი სამედიცინო მომსახურების სიძვირის ფაქტები დაედასტურებინათ. ეს თემა სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა. შესაძლოა, ჩემი გამონათქვამები ემოციური და მკვეთრი იყო, მაგრამ არსებითად მართალი ვიყავი“, – უთხრა  ქერიმოვმა „კავკაზსკი უზელს“.

ჟურნალისტის დედა 7 ივნისს გარდაიცვალა.


ასევე წაიკითხეთ