მათი აზრით, „ხელისუფლების მისამართით ლანძღვა“ პრობლემაა " />

აზერბაიჯანელი დეპუტატები ინტერნეტის შეზღუდვაზე ალაპარაკდნენ

მათი აზრით, „ხელისუფლების მისამართით ლანძღვა“ პრობლემაა

აზერბაიჯანის მთავრობაში სოციალურ ქსელებსა და მთლიანად ინტერნეტზე კონტროლის დაწესების შესახებ ისევ ალაპარაკდნენ. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ამ თემაზე აზრი რამდენიმე პოლიტიკოსმა გამოთქვა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

• რუსეთი შესაძლოა ინტერნეტის გარეშე დარჩეს

• დავა სოციალური ქსელების გარშემო აზერბაიჯანში

კონსტიტუციისა და მთავრობის განცხადებების მიხედვით, აზერბაიჯანში ინტერნეტი სრულიად თავისუფალია. დეპუტატები ინტერნეტის სახელმწიფო დონეზე შეზღუდვის თაობაზე საკუთარ მცდელობებს ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის სურვილით ხსნიან.

ვინ და რა თქვა

დეპუტატი მუსა გულიევი:

„უცხოეთიდან აზერბაიჯანის ლანძღვა რომ აღიკვეთოს, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი სოციალური ქსელები შევქმნათ და დანარჩენებთან წვდომა დავხუროთ. ამგვარად, საფრთხის თავიდან აცილებას შევძლებთ“, – შესთავაზა მან.

სხვა დეპუტატს, ჰადი რაჯაბლის, კოლეგისგან განსხვავებით, სოციალური ქსელების დახურვა არ სურს; თუმცა, საჭიროდ მიაჩნია, რომ მთავრობის მიმართ ინტერნეტით გავრცელებულ შეურაცხყოფას, გინებასა და ცილისწამებას როგორღაც შეებრძოლონ:

„იქ ისეთ რაღაცებს წერენ და აზიარებენ, რომ ამის წარმოთქმა შეუძლებელია, ეს სამარცხვინოა“.

და ბოლოს, მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ ვიცე-პრემიერმა ალი აჰმედოვმა დაიჩივლა, რომ სოციალური ქსელებში „თავის კანონიერად დაცვა“ – არამხოლოდ ჩინოვნიკებისთვის, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეუძლებელია:

„ძალიან ადვილია ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება და მორალური ტერორის მოწყობა, თუმცა თავდაცვის მექანიზმი არ არსებობს. აუცილებელია ამ საძაგლობის შეწყვეტის საშუალებების მოძებნა. მე აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები ინტერნეტის შეზღუდვას, მაგრამ ტექნიკური და სამართლებრივი კონტროლის ვარიანტები აუცილებლად უნდა მოიძებნოს“.

კანონი უკვე არსებობს, მაგრამ ის საკმარისი არ აღმოჩნდა

მოწოდებები ინტერნეტის ასე თუ ისე გაკონტროლების თაობაზე აზერბაიჯანელი დეპუტატების მხრიდან პირველად სულაც არ გაისმის. მეტიც, 2017 წელს „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის“ შესახებ კანონში შეიტანეს შესწორებები, რომელთა თანახმადაც, „აკრძალული ინფორმაციის“ გამოქვეყნების გამო, ვებგვერდის დახურვა შესაძლებელია.

• სად გადის წითელი ხაზები აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის

„აკრძალულ ინფორმაციად“ მიჩნეული იყო შთამბეჭდავი ჩამონათვალი – ძალადობის პროპაგანდით დაწყებული, შეურაცხყოფის ჩათვლით.

ასე დაიბლოკა 2017 წელს ვებგვერდი Meydan.tv და რადიო აზალდიგი (Radio Liberty-ს აზერბაიჯანული რედაქცია), რომლებიც განსაკუთრებული სიმძაფრით აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას.

როგორ ხორციელდება პრაქტიკულად ინტერნეტში განსხვავებული აზრის შეზღუდვა

იყო რამდენიმე ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს ინტერნეტში ხელისუფლების კრიტიკისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ მიადგათ ზიანი.

მაგალითად, ბლოგერი აბდულ აბილოვი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით თავის რამდენიმეწლიანი პატიმრობის ნამდვილ მიზეზად მიიჩნევს Facebook-ის საკუთარ გვერდს „ვუთხრათ „კმარა“ მლიქვნელებს“ (ორგანიზაცია Amenisty İnternational მას ამაში ეთანხმება).

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი უმან საფაროვი ჩიოდა, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მას, მთავრობისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტებისა და ასეთი სტატუსების ქვეშ „ლაიკების“ გამოც კი, გარიცხვით დაემუქრა.

კომენტარები სოციალური ქსელებიდან

აზერბაიჯანული სოციალური ქსელების მომხმარებლები დეპუტატების გამონათქვამებმა აღაშფოთა:

„და, ის არ აინტერესებთ დეპუტატებს, ადამიანები რისთვის ლანძღავენ?“;

„დეპუტატებს ის შეურაცხყოფს, რომ მათზე ცუდ რაღაცებს წერენ. ხალხს კი ის შეურაცხყოფს, რომ დეპუტატის საშუალო ხელფასი რიგითი ადამიანების ხელფასზე ბევრად მაღალია. ჰოდა, ვინ უფრო შერუაცხყოფილი გამოდის?“;

ვთქვათ, სოციალურ ქსელებში მე ვინმე მლანძღავს, ეს ჩემთვის სულერთია. სინამდვილეში დეპუტატებს ის აღელვებთ, რომ ინტერნეტის უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადს ვერ აკონტროლებენ. სოციალური ქსელები ზოგიერთი ჩინოვნიკის არაკომპეტენტურობას ცხადყოფს, და მათ ეს არ მოსწონთ“.


ასევე წაიკითხეთ