ევგენი პრიმაკოვის სახელი 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოს ასობით მშვიდობიანი აზერბაიჯანელის დაღუპვასთან ასოცირდება " />

აზერბაიჯანელები პრიმაკოვისადმი მიძღვნილი გამოფენით აღშფოთებულები არიან

ევგენი პრიმაკოვის სახელი 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოს ასობით მშვიდობიანი აზერბაიჯანელის დაღუპვასთან ასოცირდება

ბაქოში გაიხსნა გამოფენა, რომელიც საბჭოთა და რუსი პოლიტიკოსის, ევგენი პრიმაკოვის 90 წლისთავს ეძღვნებოდა. აზერბაიჯანში ამან ბევრი აღაშფოთა, რადგან პრიმაკოვი იმ ტრაგედიასთან დაკავშირებულ პირად მიაჩნიათ, რომელიც 1990 წლის 20 იანვარს მოხდა. იმ ღამეს სსრკ-ს ხელმძღვანელობის მითითებით, ბაქოში შევიდა საჯარისო კორპუსი, რათა დამოუკიდებლობისთვის გამართული სახალხო მოძრაობა ჩაეხშო. დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანში 20 იანვარი –  სრულიად ეროვნული გლოვის დღეა.

• აფხაზური კონფლიქტის დერეფნებში. თბილისში „კოლექტიური ხსოვნის არქივის“ გამოფენა გაიხსნა

• თაფლობის თვე აზერბაიჯანი-რუსეთის ურთიერთობაში

• 13 მილიონი  – ყოფილი საბჭოთა კავშირი სტალინური პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს იხსენებს

სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში ევგენი პრიმაკოვი უმაღლესი საბჭოს კავშირის საბჭოსა და დაზვერვის ცენტრალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის ხელისუფლების სათავეში იდგა, როდესაც 20 იანვრის ტრაგედია მოხდა. აზერბაიჯანში ვარაუდობენ, რომ ის იმ მოვლენების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ პრიმაკოვი პოლიტიკური საქმიანობას აგრძელებდა, იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ის 2015 წელს გარდაიცვალა.

სკანდალური გამოფენა

ევგენი პრიმაკოვის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის ორგანიზატორი, აზერბაიჯანში რუსეთის ელჩთან ერთად, ბაქოს სლავური უნივერსიტეტი იყო. 

გამოფენა 29 ოქტომბერს რუსეთის საინფორმაციო-კულტურულ ცენტრში გაიხსნა. მანამდე კი ჩატარდა თხზულებათა კონკურსი, რომელიც პრიმაკოვის საქმიანობასა და XX და XXI საუკუნეებში საერთაშორისო ურთიერთობებში მის როლს მიეძღვნა. ამ კონკურსში მონაწილეობას ბაქოს სლავური უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ.

აზერბაიჯანში ეს ყველაფერი ბევრს ძალიან არ მოეწონა. გამოფენის წინააღმდეგ აზრი გამოთქვეს საზოგადოებრივმა გაერთიანებებმაც, ექსპერტებმაც და სოციალური ქსელების რიგითმა მომხმარებლებმაც.

რამდენიმე საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „20 იანვრისა“ და ყარაბაღის ვეტერანების საზოგადოების ჩათვლით, გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ამ გამოფენას „აზერბაიჯანელი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი“ უწოდეს. მათ გამოფენის შეწყვეტა და ბაქოს სლავური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დათხოვნა მოითხოვეს. 

აზერბაიჯანის ჟურნალისტების გაერთიანების „ენი ნესილის“ ხელმძღვანელმა არიფ ალიემ გამოფენა და კონკურსი რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისადმი უპატივცემულობად და პროვოკაციად  მიიჩნია.

კამათი სოციალური ქსელებში

სოციალურ ქსელებში ამ გამოფენამ ასევე მწვავე რეაქცია გამოიწვია.

თანაც, როგორც აღმოჩნდა, პრიმაკოვს ამ ტრაგედიაში განსაკუთრებულად დამნაშავედ ყველა არ მიიჩნევს.

აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:

 „საერთოდ რას წარმოადგენს, რომ მისდამი მიძღვნილი გამოფენები ჩატარდეს? უბრალოდ, კრემლის საძაგელი ჩანაფიქრების შემსრულებელია. მაგრამ, კონკრეტულად 20 იანვარს რაც შეეხება, ამ ტრაგედიაში მისი როლის გადაჭარბებით შეფასება არ ღირს“;

 „პრიმაკოვი კარგი დიპლომატი იყო“;

„ამგვარი გამოფენების ჩვენს ქვეყანაში ჩატარება – მკრეხელობაა“;

 „არადა, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინათ ქართველებმა რუს დეპუტატს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის ნება არ დართეს და ამით აჩვენეს, თუ ვინ არის ქვეყანაში მთავარი. ამ მლიქვნელობისა და თავგამოდების ნაცვლად, ცოტა ქართული სიამაყე არ გვაწყენდა“;

 „სად არიან ახლა აზერბაიჯანელი ურა-პატრიოტები, რომელბსაც უბრალო და დაუცველი ადამიანების უმიზეზოდ დაცინვა უყვართ. რატომ არ მივიდნენ ეს პატრიოტები იმ გამოფენაზე, და თავიანთი პოზიცია რატომ არ გამოხატეს?“

 „ბრალდებულების“ რეაქცია

კრიტიკის საპასუხოდ, სლავური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ გამოფენა საკუთრივ უნივერსიტეტში არ ჩატარებულა.

რაც შეეხება თხზულებების კონკურსს, მათ განაცხადეს, რომ ეს აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოს პროექტი იყო, მასში მონაწილე სტუდენტები კი – რუსეთის მოქალაქეები არიან. თუმცა, ადგილობრივი მედია ამტკიცებს, რომ მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იყვნენ. 

აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ სიტუაციაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა, აზრი გამოთქვა რამდენიმე დეპუტატმა, რომლებმაც გამოფენა და კონკურსი ასევე მკვეთრად გააკრიტიკეს.

მაგალითად, დეპუტატმა გუდრატ ჰასანგულიევმა თქვა:

 „ეს ღონისძიება – 20 იანვრის მსხვერპლთა ხსოვნისა და მთელი აზერბაიჯანელი ხალხის შეურაცხყოფაა. ჩემი აზრით, ორგანიზატორებმა ბოდიში უნდა მოიხადონ“.


ასევე წაიკითხეთ