როგორ დავხარჯოთ ფული ისე, რომ კრიზისს გავუმკლავდეთ? ოჯახების რეალური ფინანსური შესაძლებლობები " />

აზერბაიჯანელები თავიანთი ცხოვრების ფარულ დეტალებს გვიზიარებენ

როგორ დავხარჯოთ ფული ისე, რომ კრიზისს გავუმკლავდეთ? ოჯახების რეალური ფინანსური შესაძლებლობები

დღეს ცუდ საქმეს ვაკეთებთ – სხვის ფულს ვითვლით. გვაინტერესებს, რამდენად შეიცვალა აზერბაიჯანის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების ფინანსური შესაძლებლობები იაფი მანათის ეპოქაში.

სამირი და ლეილა რესტორნების გარეშე დარჩნენ

სამირი შრომის პირობებისა და შრომითი პროცესის წესების დაცვის სპეციალისტია. ის ნავთობკომპანიაში მუშაობს; ლეილა ფრილანსერია და კოპირაიტერად მუშაობს. მათ ერთი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავთ.

ოჯახის ბიუჯეტი 1500 მანათს (დაახ. 875 $) შეადგენს.

ხარჯთაღრიცხვას ინტერნეტში, პროგრამა Zenmoney-ს საშუალებით აწარმოებენ. მიიჩნევენ, რომ საშუალო შემოსავალს იღებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ფული არ ჰყოფნით.

სამირისა და ლეილის სახლი რკინიგზის სამმართველოს მახლობლად მდებარე პატარა ქუჩაზე დგას. შენობა, რომელიც რეკონსტრუირებულ საერთო საცხოვრებელს ჰგავს, ორსართულიან ავტოსამრეცხაოს გადაჰყურებს. გარშემო უამრავი სავაჭრო ჯიხური დგას.

დიასახლისი ფანჯრიდან გვიქნევს ხელს. შესაბამის სართულზე ავდივართ და, საერთო დერეფნის გავლით, პატარა, კოხტა ბინაში შევდივართ.

“გაგვიმართლა. ნაცნობებიდან მხოლოდ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო იპოთეკა. ანუ სესხი ეროვნულ ვალუტაში გვაქვს აღებული. ყოველთვიურად 231 მანათს ვიხდით. წინა თვეში ჩვენ მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ფასმა 125 მანათს მიაღწია. ნამდვილი კატასტროფაა!”

“ადრე, ბავშვის დაბადებამდე, სტატიებს ვწერდი სხვადასხვა გამომცემლობისთვის. ჰონორარის სახით 30 მანათს ვიღებდი ხოლმე. დევალვაციამდე ეს თანხა 40 დოლარს უდრიდა, ამჟამად კი ოცდაათი მანათი 19 დოლარს შეესაბამება”, – ამბობს ლეილა, – “ჩვენი შემოსავალი კი გვყოფნის, მაგრამ დაზოგვას ვერ ვახერხებთ”.

მანათის დევალვაციის შემდეგ ბევრ რამეზე მოუწიათ უარის თქმა: “ადრე საჭირო ნივთებსა და ბავშვის სათამაშოებს ინტერნეტით ვიწერდი. ამჟამად კი ონლაინშეკვეთების გაკეთება აღარ არის ხელსაყრელი. ადრე, როდესაც სადილის მომზადებას ვერ ვასწრებდი, ნახევარფაბრიკატებს – კატლეტებს, სოსისებსა და სხვა პროდუქტებს – ვყიდულობდი, მაგრამ კრიზისის დაწყების შემდეგ ამის საშუალება აღარ მაქვს. აღარც კაფეში დავდივართ. თვეში ერთხელ რომელიმე სავაჭრო ცენტრის რესტორანში – მეტწილად KFC-ში – მივდივართ ხოლმე.

ვცდილობთ ჯანსაღად ვიკვებოთ. ჭვავის პურსა და წითელ ბრინჯს ვყიდულობთ. ჩვენი შვილი ხშირად ჭამს ყაბაყსა და ბროკოლის. ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი ჯდება, – ამბობს ლეილა, – თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გაზიან სასმელებს არ ვსვამთ და ძალიან იშვიათად ვყიდულობთ. ამას გარდა, ჩემს ქმარი უფასოდ სადილობს სამსახურში, რაც ხარჯებს გვიმცირებს”.

როგორც წესი, ტანსაცმლის შესაძენად სეზონურ ფასდაკლებებს ელოდებიან ხოლმე. მსხვილ ხარჯებს წინასწარ გეგმავენ და ერთმანეთს უთანხმებენ: “წინა თვეში ბავშვს აცრა გავუკეთეთ, რაც 200 მანათი დაგვიჯდა. მომდევნო თვეში წყლის გამაცხელებლის შეცვლას ვაპირებთ. ბავშვისათვის „ლეგოს“ კონსტრუქტორის შეძენაც კი განხილვის საგანს წარმოადგენს».

ადრე ცოლ-ქმარი ზაფხულობით ბათუმში ისვენებდა ხოლმე. მაგრამ დევალვაციის შემდეგ საქართველოში ფასები გაიზარდა და ამიტომ სამირი და ლეილა იძულებულნი გახდნენ, ამ ფუფუნებაზეც უარი ეთქვათ.

ბოლო დროს წიგნებსაც მხოლოდ ბავშვისთვის ყიდულობენ. პატარა სიხარულები? “მცირე ხნის წინ კოსმეტიკური საშუალებები ვიყიდე. შენაძენი 30 მანათი დამიჯდა. ეს არც ისე ძვირია, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მაღაზიათა ქსელ „იდეალში“ ერთი კრემი, სულ ცოტა, 45 მანათი ღირს”.

ილგარი და მისი ოჯახი ხორცს ვეღარ ჭამენ

ილგარ აჰმედოვი მანქანების მრეცხავია. მის ოჯახში ოთხი ადამიანია.

ოჯახს არასტაბილური ბიუჯეტი აქვს. ზოგჯერ 150-200 მანათს (88-117$) შეადგენს, კარგ თვეებში კი 400-500 მანათამდე (230-290$) იზრდება.

ღრუბლიან ამინდში ილგარი გაღვიძებისთანავე ფანჯარაში იხედება. ამოწმებს, წვიმა ხომ არ დაიწყო. როდესაც ღრუბლიანი ამინდია, სახლში რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ დღეს ოჯახის ბიუჯეტი იზარალებს.

ილგარი მანქანების მრეცხავია. ადრე ის ერთ-ერთ საამქროში მეწაღედ მუშაობდა. კარგ, ხარისხიან ფეხსაცმელს კერავდა და საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებდა. მაგრამ საამქრომ იაფფასიანი ჩინური პროდუქციის მოზღვავებას ვერ გაუძლო და დაიხურა.

ოჯახი მეტროსადგურ „ნარიმანოვთან“ მდებარე „ხრუშჩოვკაში“ ერთოთახიან ბინას ქირაობს და საცხოვრებლის არენდის საფასურის სახით ყოველთვიურად 200 მანათს იხდის.

სახლის სიძველის მიუხედავად, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა ცხოვრება შეძლოს. «ავეჯი, რომელიც ჩემს ცოლს მზითევში გამოატანეს, ნაქირავებ ბინებში მომთაბარეობის პერიოდში შემოგვაცვდა», – ამბობს ილგარი. სარეცხის მანქანა არ აქვთ.

წვიმის დროს მანქანებს არ რეცხავენ. ზოგჯერ საერთოდ არ ჰყავს კლიენტები და რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ არ მუშაობს. პერიოდულად უმართლებს და კლიენტები მომსახურების სრულ პაკეტს (მანქანის მთლიანად გარეცხვას) უკვეთენ. თუკი დღის განმავლობაში ხუთ-ექვს ასეთ კლიენტს მოემსახურება, სახლში 40-50 მანათს მიიტანს. არასტაბილური შემოსავლის გამო ოჯახი „იღბლიან“ პერიოდებშიც ვერ ახერხებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პირველ რიგში, ბინის ქირასა და კომუნალური მომსახურების საფასურს იხდიან, დანარჩენ ფულს კი „შავი დღისთვის“ ინახავენ.

ასეთ პირობებში ბიუჯეტის დაგეგმვა შეუძლებელი ხდება. ყველაზე იაფ საჭმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდულობენ. “ზოგჯერ 2-3 თვე ისე გადის, რომ ხორცის ჭამას ვერ ვახერხებთ, – ამბობს ილგარი, – თუკი, რა თქმა უნდა, ნათესავები არ მოგვიტანენ. მადლობას ვუხდით მათ ამის გამო”. ტანსაცმლის ხარჯებზე საუბარიც ზედმეტია. ილგარის შვილები სკოლაში სწავლობენ. საჭირო ნივთებს – სკოლის ფორმებსა და ჩანთებს – ნათესავები ყიდულობენ. ბავშვების დაბადების დღეებსაც ნათესავები იხდიან – შვილებთან ერთად გასართობ ცენტრებსა და კაფეებში მიჰყავთ ხოლმე.

ნებისმიერი ავადმყოფობა მათთვის ნამდვილ ტრაგედიას წარმოადგენს. ექიმთან მისასვლელად ოჯახს ვალის აღება უწევს ხოლმე.

იმოქმედა თუ არა დევალვაციამ ოჯახზე? “კრედიტები არ გვაქვს, ძვირადღირებულს არაფერს ვყიდულობთ, ფულს მხოლოდ სურსათის შესაძენად ვხარჯავთ, – ამბობს ილგარი, – ადრე 50 მანათად ოცი დღის სამყოფ პროდუქტებს ვყიდულობდი, ახლა კი იმავე თანხით მხოლოდ ათი დღის სამყოფ სურსათს ვყიდულობ. კარგია, რომ ზაფხულობით ხილ-ბოსტნეული ხორცზე იაფია. ასე გაგვაქვს თავი”.

ილგარი ღარიბად მიიჩნევს თავს. მთელ დღეებს სამსახურში ატარებს და მომავალზე ფიქრისთვის დრო არ რჩება. მისთვის მომავალს ხვალინდელი დღე წარმოადგენს. და კარგი იქნება, თუკი ხვალ წვიმა არ წამოვა.

საბინა ცდილობს, ევროპაში მოგზაურობისას დაზოგოს ფული

საბინა საერთაშორისო კომპანიის ფილიალის ფინანსური დირექტორია. ხელფასის სახით თვეში 3500 (დაახლოებით $2000). მისი თქმით, თანხა, რომელსაც ის იღებს, „საშუალო შემოსავლის ზედა ზღვარს“ წარმოადგენს. მის ოჯახში სამი ადამიანია.

საოჯახო ხარჯთაღრიცხვას სპეციალურ ცხრილში აწარმოებს. ზუსტად და სკრუპულოზურად ითვლის ყველაფერს. ხარჯის ასეთი დათვლა საბინას პროფესიული ჩვევითაა განპირობებული და ფულის დაზოგვის მცდელობას არ წარმოადგენს.

საბინას იმ ბიზნესცენტრთან ველოდები, სადაც ის მუშაობს. გამოსვლისას ხელში არაფერი უჭირავს. „ჩანთის გარეშე რატომ გამოხვედით?“ – დავინტერესდი მე. „აქვე ვცხოვრობ“, – ამბობს ის და გზის მეორე მხარეს მდებარე შენობაზე მანიშნებს.

“უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით“ მოწყობილ კაფეში შევედით. ბარში მოხდენილი კონსტრუქციის დახლი დგას. კედლის პანელები აგურის იმიტაციას ქმნის. საბინა თხელ პალტოს იხდის. საერთოდ არ უკეთია სამკაულები. მოკრძალებულად აცვია.

“ყოველ კვირას სადღაც მივდივართ ხოლმე, – ამბობს საბინა და ყავას სვამს, – ზოგჯერ „არაზში“ შევდივართ (მეტნაკლებად ხელსაყრელი ფასებით გამორჩეული კაფე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს), სადაც გემრიელ საჭმელს ამზადებენ. ძვირიან ადგილებშიც დავდივართ – ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა, მაგალითად, Energy (მოდური კლუბი ბაქოში)”.

“ტანსაცმელს Massimo Dutti-სა და Zara-ში ვყიდულობ. საერთოდ, ჩემთვის ბრენდს დიდი მნიშვნელობა არ აქვს – არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ყველაფერს იკლებენ და რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებენ ფულს, რომ ძვირადღირებული ნივთი შეიძინონ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხუთი უხარისხო ნივთის ყიდვას ჯობს, ერთხელ დახარჯო ფული და ხარისხიანი ტანსაცმელი შეიძინო. უბრალოდ, ამ მაღაზიებში ჩემი სტილის შესაბამისი ტანისამოსის შეძენა შეიძლება. ზოგჯერ Next-ში და Bershka-შიც შევდივარ, მაგრამ იქ შესაფერისი ტანსაცმლის პოვნა მიჭირს ხოლმე”, – ამბობს საბინა. სტატუსიც ავალდებულებს – საერთაშორისო კომპანიაში მუშაობისას „კეჟუალ“ სტილის ტანისამოსითაც შეიძლება ოფისში მისვლა, მაგრამ ეს „კეჟუალიც“ უზადო ხარისხის უნდა იყოს.

“ჩემი აზრით, საშუალო კლასს ის ადამიანები მიეკუთვნებიან, რომლებსაც ფულის დაზოგვა არ უწევთ და ნორმალური საცხოვრებელი პირობები აქვთ. ამ ფენის წარმომადგენლებს შეუძლიათ, საზღვარგარეთ დაისვენონ და კომფორტულად იცხოვრონ”.

დევალვაციამდე საბინა უფრო ნაკლებს იღებდა (2700 მანათს) თვეში, მაგრამ მაშინ თავისი ხელფასით ბევრად უფრო მეტს ახერხებდა. მაგალითად, ევროპაში გამგზავრებას. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელფასო განაკვეთის რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა, ბოლო პერიოდში გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყებს ხოლმე მზადებას – ისეთ ტურებს არჩევს, რომლებიც ფულის დაზოგვის საშუალებას იძლევა. იგი airbnb-ზე შედის ხოლმე და, სასტუმროს ნომრის ნაცვლად, საცხოვრებელ ბინას ჯავშნის.

დასკვნები

ადამიანები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, გამოკითხულთა მცირე ნაწილს წარმოადგენენ. სინამდვილეში მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. რესპონდენტთა სიმრავლემ ერთგვარი განზოგადების საშუალება მოგვცა.

  • ადამიანები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალიც 1,000 – 2,000 მანათის (დაახლოებით $900 ) ტოლია, მიიჩნევენ, რომ საშუალო ფენას განეკუთვნებიან, თუმცა, აღიარებენ, რომ კრიზისის შემდეგ ასეთი ხელფასით დანაზოგს ვეღარ აკეთებენ. დევალვაციის შემდეგ საშუალო ფენის წარმომადგენლები აღარ დადიან რესტორნებში, აღარ ესწრებიან კულტურულ ღონისძიებებს, ვეღარ ახერხებენ ფულადი დანაზოგების გაკეთებას და ვერც საკუთარი ხარჯებით მოგზაურობენ საზღვარგარეთ. მიუხედავად ამისა, ცდილობენ, ბავშვებს გართობა არ მოაკლონ და განათლების მისაღებად სათანადო პირობები შეუქმნან.
  • საზოგადოების ყველაზე ღარიბმა ფენამ განსაკუთრებული ცვლილებები ვერ იგრძნო: „ადრეც ხელმოკლედ ვცხოვრობდით, და ახლაც გვიჭირს“. ეს ადამიანები ისედაც ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ. ღარიბ აზერბაიჯანელებს ვეგეტარიანელობა უწევთ და ყველაზე მეტად ავადმყოფობებისა და რეგულარული ხარჯების (მაგალითად, „ბინის ქირის“) ეშინიათ.
  • როგორც ჩანს, აზერბაიჯანში შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი 3,000-4,000 მანათით (საშუალოდ $ 2,000) არ განისაზღვრება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შემოსავლის მქონე ადამიანები მაინც მზად არიან, საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებზე ისაუბრონ და „ჯიბეებში ჩაგვახედონ“. მაგრამ კრიზისის დაწყების შემდეგ ეს თანხაც კი ვერ უზრუნველყოფს კომფორტის იმ ხარისხს, რომელსაც ადამიანები მიეჩვივნენ. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ ასეთი ხელფასის მქონე ადამიანები საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებენ.

 

სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, საშუალო ხელფასი აზერბაიჯანში 466 მანათით განისაზღვრება.

ოფიციალურად, მინიმალური სახელფასო განაკვეთი 116 მანათს ($68) შეადგენს, ანუ სამუშაოს მიმცემს უფლება არ აქვს, დაქირავებულ თანამშრომელს ამ თანხაზე უფრო მცირე ხელფასი გადაუხადოს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მაქსიმალური ხელფასი დაახლოებით 2500 მანათს (დაახლოებით $1500) შეადგენს, მაგრამ უმაღლესი ფენის რეალური შემოსავლები ამ ზღვარს აჭარბებს და სადღაც, ჩრდილოვანი ეკონომიკის სიმაღლეებში იკარგება.

უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ხელფასით არც დანარჩენი კლასების წარმომადგენლების შემოსავლები განისაზღვრება. ამიტომ აზერბაიჯანელების რეალური შემოსავლების დასათვლელად ოფიციალური სტატისტიკა არ გამოდგება.


ასევე წაიკითხეთ