საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა აღძრული" />

ავარია ტყიბულის შახტში. დაღუპულია ოთხი ადამიანი

საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა აღძრული

ოთხი მეშახტე დაიღუპა დღეს ტყიბულში შახტის ჩამონგრევის შედეგად.

ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბაგირის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მეშახტეები შახტში დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩაცვივდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითა დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტთან ადგილობრივი მოსახლეობა, მეშახტეები და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები არიან შეკრებილნი. დაღუპულთა ცხედრების შახტიდან ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

შახტის მფლობელმა კომპანია “საქნახშირმა” განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უბედური შემთხვევა “ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო” მოხდა. კომპანია აცხადებს, რომ შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, რომელიც დაადგენს ავარიის გამომწვევ მიზეზებს.

განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც:

“ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს… მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეშახტეები და მაღაროელები სამუშაოს შესრულების დროს იღუპებიან. არასამთავრობო სექტორი, დასაქმებულები, პროფკავშირების წარმომადგენლები დიდი ხანია ამბობენ, რომ სხვადასხვა სახის საწარმოო ტრავმების მიზეზი ხშირად დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფაა.

საქართველოში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი მოქმედებს, თუმცა მის ეფექტურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. კერძოდ,  შემოწმება ნებაყოფლობითია. ანუ მოწმდებიან მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც დეპარტამენტს ამის ნებას დართავენ. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი კომპანია არ ჯარიმდება, მხოლოდ შენიშვნები და რეკომენდაციები ეგზავნება, რომელიც კონფიდენციალურია.

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მოქალაქეებს სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს მოძრაობა “აუდიტორია 115”. აქციაზე ხელისუფლებას მოუწოდებენ გამკაცრდეს შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ