პოსტსაბჭოთა გაერთიანება "კუშოს" ისტორია დასასრულს უახლოვდება. კავკასიის ქვეყნებიდან ამ ორგანიზაციაში მხოლოდ სომხეთი შედის" />

აგონია

პოსტსაბჭოთა გაერთიანება "კუშოს" ისტორია დასასრულს უახლოვდება. კავკასიის ქვეყნებიდან ამ ორგანიზაციაში მხოლოდ სომხეთი შედის

“კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია” (“კუშო”) ჯერ კიდევ 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში და მისი სახელი იშიფრება, როგორც “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია”. ამ გაერთიანების რიგები თითქმის მაშინვე დატოვეს აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა. ამჟამად “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში” ექვსი წევრია – სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.

მცირე ხნის წინ დასრულებული ერევნის სამიტი, მრავალი სომეხი ექსპერტის აზრით, ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციის დასასრულის დასაწყისი გახდა. 2016 წლის დეკემბერში “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია” შექმნიდან 25 წლისთავს აღნიშნავს; თუმცა, გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ამ ბლოკს კონკრეტული არაფერი გაუკეთებია. მისმა წევრებმა მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმებასაც კი ვერ მიაღწიეს. ბლოკის მოღვაწეობა მხოლოდ ამორფული განცხადებებით, წევრი ქვეყნების ინტერესების უგულებელყოფითა და აბსტრაქტული მტრის წინააღმდეგ დაგეგმილი წვრთნებით შემოიფარგლებიდა.

გამონაკლისი არც ერევნის სამიტი აღმოჩნდა. მის შედეგად მიღებული რეზოლუცია უმისამართო აღმოჩნდა. ორგანიზაციის წევრები “კოლექტიური უსაფრარხოების შეთანხმების ორგანიზაციის” ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურაზეც კი ვერ შეთანხმდნენ. სამიტის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტერესებისა და “ისტორიულად ფორმირებული ურთიერთობების” გათვალისწინება – მ.შ. იმ ქვეყნებისაც, რომლებიც “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში” არ შედიან. სომხეთში ეს ფრაზა აზერბაიჯანის პირდაპირ მხარდაჭერად აღიქვეს.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას საერთო ინტერესები არ აქვს

საერთო ინტერესებისა და მოწინააღმდეგეების არარსებობა იმდენად თვალშისაცემია, რომ ზოგჯერ ყურსაც ჭრის. როდესაც ყირგიზეთში რევოლუციები ხდებოდა და ამ ქვეყნის პრეზიდენტმა “კუშოს” დახმარებისთვის მიმართა, “კუშო” წევრი ქვეყნის პრეზიდენტს ვერ დაეხმარა. ბლოკის წევრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ყირგიზეთის არმიის მატერიალური მხარდაჭერით შემოიფარგლნენ.

მაგრამ ყველაზე დიდ განსაცდელად “კუშოსთვის” ყარაბაღის კონფლიქტი იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი (აზერბაიჯანისგან განსხვავებით) ამ ორგანიზაციის წევრია, კუშოს შემადგენლობაში წარმოდგენილი ბევრი სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანს უჭერს მხარს.

აპრილში, როდესაც აზერბაიჯანმა ღიად შეუტია ყარაბაღს, “კუშოს” ერთი ისეთი განცხადებაც კი არ მიუღია, რომელშიც ამ მოვლენების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იქნებოდა გამოხატული. ეს გარემოება შენიშნა როგორც ხელისუფლებამ, ისე სომეხმა ხალხმა. უფრო უცნაური კი ისაა, რომ სომხეთმა კატეგორიული უარი თქვა “კუშოსთვის” სამხედრო და “სამშვიდობო” დახმარების თხოვნაზე. სომხეთის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ ეს დახმარება “აზერბაიჯანის სასარგებლოდ” იქნებოდა გაწეული.

სეირან ოგანიანმა არ ისურვა, ყოფილიყო “ფელდმარშალი არმიის გარეშე”

ერევნის სამიტამდე მრავალი ხმამაღალი ანონსი  გაკეთდა.  კერძოდ, განაცხადეს, რომ “პუტინის ნატოს” (სწორედ ასეთი მეტსახელით მოიხსენიებენ ამ ორგანიზაციას) გენერალური მდივნის პოსტზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელი, სეირან ოგანიანი იყო წარდგენილი, თუმცა, მალე ოგანიანმა ღიად განაცხადა, რომ თუკი ამ პოსტს შესთავაზებენ, ის უარს იტყვის.

ამჟამად სომეხი ექსპერტები ამბობენ, რომ სეირან ოგანიანს ამ პოსტზე უარის თქმის აშკარა საფუძველი ჰქონდა. საველე მეთაური, რომლის ანგარიშზეც ყარაბაღის ომის გამარჯვებებია, არარსებული არმიის “ფელდმარშლის” პოსტს ვერ დათახმდებოდა.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ ვერაფრით შეძლო დამოუკიდებელი ჯარების შექმნა – ბლოკის შემადგენლობაში შედის წევრი ქვეყნების ქვედანაყოფები, რომლებიც დროდადრო ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობენ, მაგრამ მუდმივად  საკუთარ ქვეყნებში არიან დისლოცირებულები.

ამას გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოგანიანი კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტასაა მიჩვეული; კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში კი კონკრეტულად და ცალსახად მხოლოდ ერთი შეთანხმებაა ჩამოყალიბებული – დაუშვებელია კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გარეშე ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის თანხმობის გარეშე.

ეს პუნქტი ზღუდავს სომხეთის თანამშრომლობას იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც ქვეყნის (სომხეთის) უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.

ეწინააღმდეგება თუ არა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია “შემაკავებელი მექანიზმების” განთავსებას ყარაბაღში?

არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ეს პუნქტია  დამაბრკოლებელი ყარაბაღში შემაკავებელი მექანიზმების განთავსების საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღი ოფიციალურად არ შედის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში, მას ბლოკის “პასუხისმგებლობის ზონის” ნაწილს უწოდებენ. ყარაბაღის სასაზღვრო ზოლში ინციდენტების მონიტორინგის მოწყობილობის განთავსების ინიციატივით შეერთებული შტატები გამოდის. ამ ინიციატივას მხარა უჭერს გერმანია და სომხეთი.

მოწყობილობის განლაგების გადაწყვეტილება ივნისში, ვენის სამიტის დროს მიიღეს, რაც მხარეებმა მოგვიანებით სანქტ-პეტერბურგის სამიტზეც დაადასტურეს. თუმცა, აზერბაიჯანი ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ამ გადაწყვეტილების მიღებას და, ამას გარდა, ამ მხრივ დიდ ენთუზიაზმს არც რუსეთი გამოხატავს.

თეორიულად, სომხეთს შეუძლია ეს მოწყობილობა ცალმხრივი წესით განალაგოს, მაგრამ რაღაც უშლის ხელს – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა დასავლური წარმოებისაა. არაა გამორიცხული, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას ტაბუს ადებს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ხელშეკრულების ის პუნქტი, რომელიც სომხეთში “გარეშე  ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის” გამოჩენას კრძალავს.

რუსეთმა სომხეთში საკუთარი “შემაკავებელი კომპლექსები”, “ისკანდერის” ტიპის ტაქტიკური კომპლექსები განალაგა. სომხეთში ეს შეაფასეს როგორც აზერბაიჯანის შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც დასავლეთის მიერ შემოთავაზებული აღჭურვილობის ეკვივალენტს წარმოადგენს.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტი და სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ერევნის სამიტმა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების უსიამოვნო მხარეები წარმოაჩინა. ერევანში პუტინის ვიზიტის დღეს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მშენებარე აკადემიის კედელზე გამოკიდეს პლაკატი წარწერით “თავისუფალი, დამოუკიდებელი სომხეთი: Putin put out of Armenia”.

პუტინის საწინააღმდეგო აქცია მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის წინა ვიზიტსაც, რომელიც 2013 წლის დეკემბერში შედგა, მაგრამ მაშინ ანტირუსული დემონსტრაციის დროს ათობით მონაწილე დააკავეს.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ანტირუსული განწყობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სომხეთში და ასეთი პოზიციის მქონე მოქალაქეების მიმართ ხელისუფლება ბევრად უფრო ლოიალურია. მაგალითად, ბევრმა ანალიტიკოსმა ჩათვალა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ერევნის სამიტის კრახი სომხეთის ხელისუფლების დამოკიდებულებამ განსაზღვრა. რთული სათქმელია, რამდენად შეესაბამება ეს  მოსაზრება რეალობას.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას არავინ აღიარებს მსოფლიოში

სამიტის  წარუმატებლად დასრულებას წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტებიც არ მალავდნენ. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ერევანში საერთოდ არაფერი განუცხადებია, ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი კი, ავადმყოფობის მიზეზით, საერთოდ არ ჩამოვიდა ერევანში. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით განაცხადა, რომ “კუშო” ამქვეყნად არავის აინტერესებს – მ.შ. “კუშოს” წევრებსაც კი. მან ისიც აღნიშნა, რომ “კუშოს” არავინ აღიარებს სამხედროს ორგანიზაციად არავინ აღიარებს მსოფლიოში და გამოვიდა მოწოდებით, რომ ამ ბლოკის აღიარებისათვის სათანადო სამუშაო შესრულდეს.

სამიტამდე მცირე ხნით ადრე “კუშომ” “გაეროს” მშვიდობისმყოფელობის მანდატის მინიჭების თხოვნით მიმართა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ “კუშოს” გენერალური მდივანი, ნიკოლაი ბორდიუჟა ნიუ-იორკში ჩავიდა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გაეროს გენერალური ასამბლეის “სტადიონზე” “კუშოს” წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ასამბლეა [საკონსულტაციო და აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საგარეო პოლიტიკის სფეროში ბლოკის წევრი სახელმწიფოების ურთიერთქმედების კოორდინაციის საკითხებზე მუშაობს] მოიწვია, ევრაზიულ სამხედრო ბლოკს მაინც არ მისცეს მშვიდობისმყოფელის მანდატი.

როგორც ჩანს სწორედ ამის გამო გაბრაზდა “ბატკა” (ა.ლუკაშენკო) , რომელმაც განაცხადა, რომ ერევნის სამიტზე გამოტანილი დასკვნები “პრეზიდენტების დონეს ვერ ქაჩავდა”.  არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, გაეროს მანდატის მიღების შემთხვევაში, ერევნის სამიტზე შეიძლებოდა “კუშოს” ძალების სირიაში გადასროლის საკითხი განხილულიყო, მაგრამ ეს საკითხი შეხვედრის ოფიციალურ  დღის წესრიგში არ შესულა.

კიდევ რა გადაწყვეტილებები არ მიიღეს ერევნის სამიტზე

 ერევნის სამიტამდე პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მიღებული იქნება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სტრატეგია, რომელშიც გამტკიცდება ის აზრი, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების “კუშოს” საზღვრებთან გავრცელება დაუშვებელია. თუმცა, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში გამოთქმულია მხოლოდ შეშფოთება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გავრცელების თაობაზე. თუმცა, კონკრეტული ადრესატები მითითებული არ არის.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთმა ვერ შეძლო დაერწმუნებიდა ორგანიზაციის სხვა წევრები, რომ შეერთებული შტატები და ნატო “კუშოს” მოწონააღმდეგეები არიან, საერთო მოწინააღმდეგის არარსებობა კი “კუშოს” არსებობას აზრს უკარგავს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის ტერმინოლოგიასა და ავტორის მოსაზრებას გადმოსცემს და შეიძლება რედაქციის პოზიციას არ შეესაბამებოდეს

გამოქვეყნდა: 21.10.2016


ასევე წაიკითხეთ