აბრეშუმით დაწყებული, თაფლით დასრულებული

ფოტოისტორია: როგორ მუშაობენ აზერბაიჯანის ფრონტისპირა სოფლების მოსახლეები

 

 

57 წლის მირღალიბ ჰუსეინოვი ტერტერის რაიონის სოფელ სეიდიმლიში ცხოვრობს. მეაბრეშუმეობას ჯერ კიდევ მისი პაპები მისდევდნენ.

“ეს სეზონური სამუშაოა. დანარჩენ დროს საქონელს ვუვლით. მეაბრეშუმეობისთვის, პირველ რიგში, ფოთლებია აუცილებელი, რაც საკმაოდ რთული საშოვნელია. ამისათვის სპეციალური ბაღის გაშენებაა საჭირო. ახლა სოფელ სეიდიმლიში ამის საშუალება არ არის,” – თქვა მურღალიბ ჰუსეინოვმა მეაბრეშუმეობაზე საუბრისას. ფოთლებზე ჭიის პატარა პარკებია განთავსებული, რომლებიც თუთის ფოთლებით იკვებებიან. ფოტოზე გამოსახული ნაკვეთიდან დაახლოებით ორი ყუთი ჭიის პარკი გამოდის. თითო ყუთში 19 გრამი ჭიის პარკია. 19 გრამი ჭიის პარკი 38-40 კილოგრამ აბრეშუმის ძაფს ყოფნის. 1 კილოგრამში სოფლის მოსახლეები 8 მანათს იღებენ.

 

 

 

ტერტერის რაიონის სოფელ სეიდიმლის მკვიდრ სარა მუსაევას, უკვე 15 წელია, ინკუბატორში წიწილების გამოჰყავს. ყოველ სამ კვირაში 1000-2000 წიწილა იჩეკება. ყველაზე რთული ამ საქმეში ის არის, რომ ინკუბატორის თანამშრომლები “დილამდე არ იძინებენ. მორიგეობით ვაკვირდებით ტემპერატურას – ვცდილობთ ნორმალური დონე შევინარჩუნოთ.”
სოფელი სეიდიმლი ტერტერის რაიონის იმ სოფლების იმ სიაშია, რომლებიც რისკის ზონაშია განლაგებული. აპრილის დაბომბვის დროს სეიდიმლის ორი მცხოვრები დაიჭრა. მუსაევების ოჯახს ერთი დღითაც არ დაუტოვებია სოფელი: “მე, ჩემი მეუღლე და ბავშვი დავრჩით და მუშაობა გავაგრძელეთ.”

 

 

 

55 წლის გიულიუმ აბასოვა 18 წლის ასაკიდან მიწათმოქმედებას ეწევა – ხან ხახვს თესავს, ხან ბამბას, და ხანაც სამყურას. აგდამის რაიონის სოფელ აჰმედაღალის თითქმის მთელი მოსახლეობა, გიულიუმის მსგავსად, მიწის დამუშავებით ირჩენს თავს. ამჟამად ისინი გამყოფი ზოლიდან 500 მეტრში მუშაობენ. “ისვრიან, ჩვენ კი ჩვენს საქმეს ვაკეთებთ,” – თქვა მან და დაამატა, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც ნაკვეთს სარეველა ბალახისგან ვერ ასუფთავებდნენ.

 

 

 

ქალები, რომლებიც სოფელ ყარადაღლის ნაკვეთზე მუშაობენ, შაქრის ლერწამს სარეველებისგან ასუფთავებენ. მათ მიერ მოყვანილი შაქრის ლერწამი კი მეზობელი რაიონების ქარხნებში გადააქვთ.

 

 

 

მიმდებარე სოფლების მოსახლეები ამ ნაკვეთებში ყოველდღიურად მუშაობენ. ზოგიერთი აქ მთელი ოჯახით საქმდება, რადგან სხვა სამუშაო არ აქვთ. სოფლის მოსახლეობის თქმით, იმის გამო, რომ ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ვერ ახერხებენ სამუშაოს პოვნას, ერთად მუშაობენ. თითოეული დღეში 6 მანათს იღებს.

 

 

 

ეს ნაკვეთი, რომელშიც სოფლის მოსახლეები მუშაობენ, ჯარების გამყოფი ზოლიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. აპრილის დასაწყისში, დაბომბვის დროს სოფელ ყარადაღლის ნაკვეთებს უამრავი ჭურვი მოხვდა. გლეხები ამბობენ, რომ ინტენსიური სროლების დროს მცირე ხნით შეწყვიტეს მუშაობა, მაგრამ – მხოლოდ მცირე ხნით. მაშინაც კი მუშაობდნენ, როდესაც ჭურვები ცვიოდა. ახლა კი, როდესაც მუშაობა იმდენად სახიფათო აღარაა, ისინი შაქრის ლერწმის სარეველასგან გათავისუფლებას აგრძელებენ. იმ დღეს, როდესაც სამუშაოდ არ გადიან, ფულსაც ვერ იღებენ და ამიტომ სხვა გამოსავალი არ აქვთ.

 

 

 

შესრულებული სამუშაოსთვის სოფლის მოსახლეები დღეში მხოლოდ 6 მანათს იღებენ. თან დააქვთ შინ მომზადებული სადილი, რომელსაც შუადღისას იქვე, სამუშაო ადგილზე შეექცევიან. ეს ოჯახი ყარადაღლიში სოფელ ჯამილიდან ჩამოდის ხოლმე.

 

 

 

სოფელ ყაფანლის მკვიდრი, 56 წლის ელბრუს თანრივერდიევი, 20 წელია, მეფუტკრეობითაა დაკავებული. “შეხედეთ, აქ რამდენი ყვავილია! ფუტკრები მათ ნექტარს ეტანებიან. თაფლს ვყიდით და ეს დამატებითი შემოსავალია ოჯახისათვის. მუშაობა სულაც არ გვიჭირს. შრომისმოყვარე ხალხი ვართ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მუშაობის საშუალებას არ გვაძლევენ,” – ამბობს ელბრუს თანრივერდიევი.

 

 

 

ტერტერის რაიონის სოფელ ყარადაღლის მკვიდრს, 78 წლის ზიბეიდა ალიევას დაახლოებით 200 წიწილა და 40 ინდაური ჰყავს.
“ვერსად წავალ. ამათ ვერ დავტოვებ. დაბომბვა რომ იწყება, მეზობელ სოფელში გადავდივარ და როგორც კი წყდება სროლა, ჩემს სოფელში ვბრუნდები და ფრინველებს ვუვლი. უკვე ორი თვეა, აქეთ-იქით დავდივარ.”

 

• აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო დაწყებული დაპირისპირება 1991-1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დეფაქტო დამოუკიდებელი სახელწიფო, რომელსაც მსოფლიოს სუვერენული სახელმწიფოები (მ.შ. სომხეთი) არ აღიარებენ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს (რომლებიც ომის დროის დაიკავეს სომხებმა) საკუთარ მიწებად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას ითხოვს.
• 2016 წელს კონფლიქტის ესკალაცია 2 აპრილიდან 5 აპრილამდე გრძელდებოდა. 5 აპრილს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ სროლები მცირე მასშტაბით მაინც გრძელდება. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
•ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტის მონაწილეების ოფიციალური წყაროები ავრცელებდნენ, ურთიერთგამომრიცხავი იყო და არ იძლეოდა იმის გარკვევის საშუალებას, თუ ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები და ვინ უპასუხა მტრის მიერ გახსნილ ცეცხლს. ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არც საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

გამოქვეყნდა 27.05.2016


ასევე წაიკითხეთ