ოტო ვარმბაიერის საქმემ, შესაძლოა, ამერიკა-კორეის კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს " />

ჩრდილოეთ კორეის ციხიდან გათავისუფლებული ამერიკელი სტუდენტი კომაშია

ოტო ვარმბაიერის საქმემ, შესაძლოა, ამერიკა-კორეის კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს

ოტო ვარმბაიერი, ფხენიანში დაკავებული ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი. ფოტო 2016 წლის მარტშია გადაღებული, ჩრდილოეთ კორეის მთავარი სასამართლოს შენობაში. REUTERS

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ამერიკელი ოტო ვარმბაიერი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ციხეში წელიწადნახევარი გაატარა. თუმცა, ვარმბაიერი კომაშია და ექიმებმა არ იციან, შეძლებენ თუ არა მის გადარჩენას.

22 წლის ვერმბაიერი ფხენიანში წელიწადნახევრის წინ, ტურისტულ ჯგუფთან ერთად ჩავიდა. სასტუმროს ფოიეში მან კედლიდან პლაკატი ჩამოხსნა, რაც ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ამერიკელ ტურისტს სწორედ ამის გამო შეექმნა პრობლემები.

ის დააკავეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან ჩრდილო კორეის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ამ პლაკატის ჩამოხსნის ფაქტში პოლიტიკური კონტექსტი იმალებოდა. წელიწადნახევრის შემდეგ ამერიკელი ტურისტი “ჰუმანიტარული მიზეზების” გამო გაათავისუფლეს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამბობს, რომ ვერმბაიერი ციხეში კომაში ჩავარდა, რადგან ბოტულიზმი დაემართა.

15 ივნისს ამერიკელმა ექიმებმა, რომლებმაც ოტო ვარმბაიერი გამოიკვლიეს, განაცხადეს, რომ მისი ტვინის დიდი ნაწილი დაზიანებულია, ის არ ლაპარაკობს და ვერ აღიქვამს გარემოს. ბოტულიზმის ნიშნები ექიმებმა ვერ აღმოაჩინეს, – ამბობს CNN.

ამერიკელი სტუდენტის საქმემ აშშ-ში მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია, რამაც შეიძლება უბიძგოს პრეზიდენტ ტრამპს, რომ მკაცრი პასუხი გასცეს ჩრდილოეთ კორეას მომხდარის გამო. ამერიკის და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ბოლო დროს ისედაც გამწვავდა ფხენიანის სარაკეტო ცდების გამო. ფხენიანი ამბობს, რომ ბალისტიკურ რაკეტაზე მუშაობს, რომელსაც აშშ-ის ტერიტორიამდე ჩაღწევა შეუძლია.


ასევე წაიკითხეთ