თუ ეს ცვლილება კონსტიტუციაში შევა, საქართველო აღარ იქნება ინვესტორებისთვის მომხიბვლელი ქვეყანა, მიიჩნევენ ბიზნესმენები" />

საქართველოს კონსტიტუციამ, შესაძლოა, ვეღარ აკრძალოს გადასახადების ზრდა

თუ ეს ცვლილება კონსტიტუციაში შევა, საქართველო აღარ იქნება ინვესტორებისთვის მომხიბვლელი ქვეყანა, მიიჩნევენ ბიზნესმენები

საქართველოს კონსტიტუციაში არის მუხლი, რომლის თანახმად, ახალი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

ხელისუფლება აპირებს შეცვალოს ეს ნორმა.

თუმცა, ბიზნესმენები განგაშის ზარს სცემენ. მათი თქმით, კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმება საინვესტიციო გარემოს გააუარესებს და ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად აისახება.

საქართველოში მოქმედმა ბიზნესმენებმა სპეციალური წერილიც კი დაწერეს, სადაც აღნიშნავენ, რომ გადასახადების ზრდის შეზღუდვამ საქართველო სტაბილურ  და ინვესტორებისთვისაც  მომხიბლავ ქვეყნად აქცია.

“უცხოელი ინვესტორი, პირველ რიგში, ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობით ინტერესდება, ამიტომ ეს ჩანაწერი საქართველოს კონკურენტებთან შედარებით უფრო მომხიბვლელს ხდიდა,” – აღნიშნულია წერილში.

დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ კორძაია ამ მუხლის გაუქმებაში სხვა რისკებსაც ხედავს. მისი აზრით, პრობლემები არა მარტო ბიზნესს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც შეექმნებათ, რადგან მათაც გაუჩნდებათ გადასახადების მომატების “პერსპეტივა”.

“ვფიქრობთ, რომ ეს არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პერსპექტივაა,” – აღნიშნა კორძაიამ.

საკუთარი არგუმენტები აქვთ ცვლილებების ინიციატორებს. პირველ რიგში, ეს არის კამპანია “კონსტიტუცია თანასწორობისთვის”, რომელიც დიდი ხანია ამ ჩანაწერის გაუქმებას ითხოვს. ამ მოძრაობაში რამდენიმე მემარცხე ორგანიზაცია შედის – მათ შორისაა, “სოციალ-დემოკრატიული პარტია”, სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”, “ახალგაზრდა სოციალისტები” და ასევე პროფკავშირები.

მათი მთავარი არგუმენტი შემდეგია: კონსტიტუცია პოლიტიკურ ხელისუფლებას უნდა აძლევდეს საშუალებას, დემოკრატიული პროცესის ფარგლებში ქმედითად წარმართოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და გაზარდოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, რაც დასაქმებული, ანუ შემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე  საგადასახადო ტვირთის დამძიმებაში გამოიხატება.

მათი აზრით, დაუშვებელია, კონსტიტუციამ აკრძალოს ესა თუ ის საგადასახადო პოლიტიკა და ეს არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება, – ამბობენ ისინი.

თუმცა, სწორედ ამ “უნიკალურობას” ასახელებენ ბიზნესმენები გადამწყვეტ ფაქტორად, რამაც საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველად აქცია. მათი აზრით, 94-ე მუხლი ფისკალური პოლიტიკის გამჭვირვალობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

  • ჩანაწერი იმის შესახებ, რომ გადასახადების მომატება მხოლოდ რეფერენდუმითაა შესაძლებელი, საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს გაჩნდა, როდესაც ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” მართავდა. ეს მუხლი სააკაშვილის გუნდის პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც ეკონომიკის ლიბერალიზაციას ისახავდა მიზნად.

ასევე წაიკითხეთ