კატალონიის პარლამენტმა ხმა დამოუკიდებლობას მისცა
კატალონიის პარლამენტმა პარასკევს ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მისცა ხმა, და ამით პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა, – იუწყება CNN.
ეს მოხდა რამდენიმე კვირის შემდეგ იმ სადავო რეფერენდუმიდან, რომელიც პირველ ოქტომბერს გაიმართა და იმ დღეს, როდესაც ესპანეთის სენატმა ავტონომიურ რეგიონზე კონტროლის დაწესების უპრეცედენტო ზომებს მისცა ხმა. მოსალოდნელია, რომ უქმე დღებბში ესპანეთის მთავრობა კატალონიის პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონისა და მისი მთავრობის გადაყენების ზომებს მიიღებს, და პირდაპირ მმართველობას დააწესებს.
REUTERS/Albert Gea
კატალონიის პარლამენტში „ კატალონიის სუვერენული და დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის“ თაობაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 70 მომხრე, 10 –წინააღმდეგი, ორმა თავი შეიკავა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრის წინ დარბაზი დატოვეს.
ამ მოვლენიდან რამდენიმე წუთში ესპანეთის პრემიერ–მინისტრმა რახოიმ თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა: „ყველა ესპანელს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. სამართლებრივი სახელმწიფო კატალონიაში კანონიერებას აღადგენს“.