ბაქოში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაზიანდა
ბაქოში მრავალსართულიან სახლში 13 ივლისს, გვიან საღამოს ლიფტი შახტში ჩავარდა. ლიფტის ტროსი მაშინ გაწყდა, როდესაც კაბინა მეშვიდე სართულის დონეზე იყო. დაზიანდა ექვსი ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვები და მოზარდები. ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში მოტეხილობებით გადაიყვანეს, სხვებს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
როგორც სახლის მაცხოვრებლები ჰყვებიან, ეს ლიფტი, დიდი ხანია, მწყობრიდან არის გამოსული და ორი თვის წინ ერთხელ უკვე ჩავარდა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური რეაგირება ჯერ არ შემოსულა. ტროსის გაწყვეტის მიზეზები უცნობია. ლიფტი ახლად აშენებულ შენობაში იყო და გაუგებარია, ასე დაძველება როგორ მოასწრო.
მსგავსი რამ ბაქოში ადრეც მომხდარა. მაგალითად 2016 წელს შვიდსართულიან სახლში ლიფტი ჩაწყდა და რვა ადამიანი დაზიანდა.